რამდენჯერ უნდა ეძინოს ბავშვს დღისგანმავლობაში, არის თუ არა აუცილებელი შუადღის ძილი და როგორი ძილის რუტინა უნდა ჰქონდეს პატარას, რომ ჩაძინება გავუმარტივოთ? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა მედიცინის დოქტორი, ბავშვთა ნევროლოგი, ნინო გოგატიშვილი.
- რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის დღის ძილი და რომელ ასაკში რამდენჯერ უნდა ეძინოს პატარას დღის განმავლობაში?
- ძილი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდების და მოზრდილებისთვის.
ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც დღის, ისე ღამის ძილი. სხვადასხვა ასაკში განსხვავებულია დღის ძილის ჯერადობა, დღის და ღამის ძილის ხანგრძლივობა. თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ინდივიდუალური თავისებურებებიც.
ჩვილობის ასაკში (1 წლამდე) დღის ძილის ხანგრძლივობა არის 3-4 საათი, ღამის ძილის ხანგრძლივობა - 10 საათი. ამ ასაკში დღისით ბავშვები იძინებენ 2-3 ჯერ, შედარებით პატარები (2-3 თვის) 3-4 ჯერ. 1,5-2 წლის ასაკში ბავშვების უმრავლესობა დღეში 1-2 ჯერ იძინებს, დღის ძილის ხანგრძლივობა ამ ასაკში დაახლოებით 2-2,5 საათია. ღამით სძინავთ 11-12 საათის მანძილზე.
უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა ასაკში ძილის ხანგრძილობა ასეთია:
2-12 თვის ასაკში - საშუალოდ ძილის ხანგრძლივობა 15-16 საათია;
1-2 წ.- ძილის ხანგრძლივობა 14 საათია;
3-5 წ.- ძილის ხანგრძლივობა 10-13 საათია;
6-11 წ.- ძილის ხანგრძლივობა 9-10 საათია;
13-18 წ. - ძილის ხანგრძლივობა 8-9 საათია.
- ზოგიერთ ბავშვს არ სძინავს შუადღეზე. ეს წარმოადგენს თუ არა პრობლემას?
- 3 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობა იძინებს დღისით. მშობლები გადაწყვეტენ ხოლმე, ბავშვი არ დააძინონ დღისით იმ მოტივით, რომ ღამით პატარამ ადრე დაიძინოს. ხშირად ეს ძილის დარღვევის მიზეზი ხდება და ბავშვები ღამითაც ვეღარ იძინებენ, ადვილად ღიზიანდებიან, ტირიან, ჭირვეულობენ.
ძალიან მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა. საჭიროა 3 წლამდე ასაკის ბავშვი იძინებდეს დღისით, შუადღემდე და არა შუადღის შემდეგ, რომ არ მოხდეს ღამის ძილის გადავადება. ღამით ბავშვი უნდა იძინებდეს არაუგვიანეს საღამოს 9 საათისა, შესაბამისად, დილით უნდა იღვიძებდეს 8 საათზე. მნიშვნელოვანია ამ რეჟიმის ზუსტი დაცვა. ძილისთვის მომზადება სასურველია, დავიწყოთ ერთსა და იმავე დროს.
- როგორ გავუმარტივოთ პატარას ჩაძინება?
- პატარასთვის ჩაძინების გასამარტივებლად შესაძლოა, გამოვიყენოთ მისთვის საყვარელი რბილი სათამაშო, რომელსაც ჩაეხუტება, ასევე კარგი ვარიანტია ზღაპრის მოყოლა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ძილის წინ ბავშვი მსუბუქად ვავახშმოთ და არ გადავტვირთოთ. ასევე ზედმეტი ფიზიკური აქტივობა, კომპიუტერული თამაშები, თუნდაც ანიმაციური ფილმების ნახვა ძილის წინ იწვევს ჩაძინების გაძნელებას. საძინებელ ოთახში სასურველია, არ იყოს ტელევიზორი. გვქონდეს სუსტი განათება, როცა ბავშვი შეიღვიძებს ღამით ადვილად უნდა გაერკვეს გარემოში და უფრო ადვილად შეიბრუნებს ძილს.
- ხელში დაძინება რამდენად მიზანშეწონილია და როცა ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ თუ არა თავის საწოლში?
- ხელში დაძინება მიზანშეწონილი არ არის. უკვე 4-5 თვის ასაკიდან ბავშვი უნდა მიეჩვიოს დამოუკიდებლად ჩაძინებას თავის საწოლში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები, რომლებიც იძინებენ დამოუკიდებლად, ასევე ადვილად შეიბრუნებენ ძილს, როცა შეიღვიძებენ არ დასჭირდებათ უფროსის დახმარება.
როცა პატარას ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ საწოლში, დავჯდეთ გვერდით რამდენიმე წუთით, მოვეფეროთ. შემდეგ დავტოვოთ, თუ კვლავ აგრძელებს ტირილს, კვლავ შევაკითხოთ და მშვიდად ვუთხრათ, რომ ძილის დროა.
- რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, როგორ ჩამოუყალიბონ ბავშვს სწორი ძილის რუტინა?
- მნიშვნელოვანია, ბავშვს ადრეული ასაკიდან ჰქონდეს ძილის რუტინა, ძილის წინ მომზადება მოხდეს ერთსა და იმავე დროს, ეს მოიცავს, მაგალითად, ბანაობას ძილის წინ. ეს უნდა ემთხვეოდეს იმ დროს, როცა ბავშვს რეალურად ეძინება. როგორც წესი, მშობელი ამჩნევს ხოლმე როდის ეძინება პატარას. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დრო არ გადავავადოთ რაიმე მიზეზით, მაგალითად, საოჯახო საქმე, სტუმრები და სხვა. ძილის დროის გადავადება იწვევს ძილის დარღვევას.
ღამის ძილზე დადებითად აისახება დღისით, სუფთა ჰაერზე ფიზიკური აქტივობა. ამიტომ დღისით ეცადეთ, აუცილებლად გაასეირნოთ პატარა, დატვირთოთ თამაშებით, ხოლო უშუალოდ ჩაძინებამდე 1-2 საათი ბავშვი არ დატვირთოთ ფიზიკურად.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რა იწვევს ბავშვებში დაბალ თვითშეფასებას და როგორი უნდა იყოს სწორი უკუკავშირი?
რა იწვევს ბავშვებში დაბალ თვითშეფასებას და როგორი უნდა იყოს სწორი უკუკავშირი? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა თათია მჟავია, კლინიკური ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი.
- რა არის თვითშეფასება?
- თვითშეფასება ეს არის დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებსა და უნარებს. თვითშეფასების ჩამოყალიბება ბავშვობის პერიოდიდან იწყება, სწორედ ბავშვის ირგვლივ მყოფი ადამიანები და გარემო განსაზღვრავს, თუ როგორი დამოკიდებულება ექნება პატარას საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მიმართ.
ჯანსაღი სოციალური გარემო და მშობლების სწორი უკუკავშირი განაპირობებს ბავშვისადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას. თვითშეფასება შეიძლება იყოს დაბალი, ადეკვატური ან მაღალი. როგორც დაბალი თვითშეფასება, ასევე, მაღალი თვითშეფასებაც არაჯანსაღი დამოკიდებულებაა.
განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია პატარებს სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია, შევაქოთ, პატივი ვცეთ მათ აზრსა და ხაზი გავუსვათ ბავშვის ძლიერ მხარეებს.
- რა იწვევს ბავშვებში დაბალ თვითშეფასებას?
- დაბალი თვითშეფასება ყალიბდება მაშინ, როდესაც პატარებს მუდმივად ვაკრიტიკებთ, როდესაც გარშემომყოფებს მათ მიმართ არაადეკვატური მოლოდინები აქვთ. ჯანსაღი თვითშეფასების ფორმირებას ხელს უშლის, როგორც მკაცრი აღზრდის სტილი (ბავშვს მშობელი არ აძლევს საშუალებას დაუშვას შეცდომა და თავად ნახოს გამოსავალი, ასეთ დროს ბავშვი ვერ გამოცდის საკუთარ შესაძლებლობებს), ასევე, ზედმეტად თავისუფალი აღზრდის სტილიც, როდესაც მშობელი ბავშვებს აძლევს უსაზღვრო თავისუფლებას, ბავშვის ქცევას არ ჰყავს მაკონტროლებელი.
როდესაც ბავშვი ფიქრობს რომ არის უნიჭო ან არ არის საკმარისად ლამაზი, ის არავის სჭირდება და ასე შემდეგ, ცხადია ეს წარმოსახვები საკუთარ თავზე, შემდგომში აისახება ბავშვის თვითრეალიზებასა და ხარისხიან ფუნქციონირებაზე.დაბალი თვვითშეფასება და არასრულფასოვნების განცდა ფსიქიკაში მყარად ილექება და მთელი ცხოვრების მანძილზე მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
- როგორი უნდა იყოს სწორი უკუკავშირიბავშვთან? რას ურჩევდით მშობლებს ?
ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს მშობლის თანმიმდევრულობა და ბავშვის საქციელის ადეკვატური შეფასება. ბავშვს უნდა ჰქონდეს ერთიანობის განცდა, უნდა გრძნობდეს და სჯეროდეს, რომ მხარს უჭერენ, აღიარებენ მის შესაძლებლობებს, ხოლო ისეთ ქცევებს, რომლებიც მიუღებელია, გარშემომყოფები ერთხმად უნდა უარყოფდნენ.
ბავშვს რომ ადეკვატური თვითშეფასება ჩამოუყალიბდეს, მნიშვნელოვანია, მშობლებმა გაითვალისწინოს შემდეგი რჩევები:
არ შეადაროთ თქვენი შვილი სხვა ბავშვებს;
ხაზი გაუსვით მათ წარმატებულ ნაბიჯებს და აგრძნობინეთ რომ ამაყობთ მისით;
პატივი ეცით თქვენი შვილის პირად სივრცესა და მიეცით საშუალება გარკვეულ სიტუაციებში თავად გააკეთოს არჩევანი;
მიეცით ბავშვებს შეცდომის დაშვების საშუალება, ამით ხელს შეუწყობთ თავად იპოვონ მსგავს სიტუაციებში გამოსავალი;
როდესაც თქვენს შვილს გააკრიტიკებთ, კრიტიკა მიმართული უნდა იყოს საქციელზე და არა ბავშვის პიროვნებაზე.