რამდენჯერ უნდა ეძინოს ბავშვს დღისგანმავლობაში, არის თუ არა აუცილებელი შუადღის ძილი და როგორი ძილის რუტინა უნდა ჰქონდეს პატარას, რომ ჩაძინება გავუმარტივოთ? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა მედიცინის დოქტორი, ბავშვთა ნევროლოგი, ნინო გოგატიშვილი.
- რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის დღის ძილი და რომელ ასაკში რამდენჯერ უნდა ეძინოს პატარას დღის განმავლობაში?
- ძილი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდების და მოზრდილებისთვის.
ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც დღის, ისე ღამის ძილი. სხვადასხვა ასაკში განსხვავებულია დღის ძილის ჯერადობა, დღის და ღამის ძილის ხანგრძლივობა. თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ინდივიდუალური თავისებურებებიც.
ჩვილობის ასაკში (1 წლამდე) დღის ძილის ხანგრძლივობა არის 3-4 საათი, ღამის ძილის ხანგრძლივობა - 10 საათი. ამ ასაკში დღისით ბავშვები იძინებენ 2-3 ჯერ, შედარებით პატარები (2-3 თვის) 3-4 ჯერ. 1,5-2 წლის ასაკში ბავშვების უმრავლესობა დღეში 1-2 ჯერ იძინებს, დღის ძილის ხანგრძლივობა ამ ასაკში დაახლოებით 2-2,5 საათია. ღამით სძინავთ 11-12 საათის მანძილზე.
უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა ასაკში ძილის ხანგრძილობა ასეთია:
2-12 თვის ასაკში - საშუალოდ ძილის ხანგრძლივობა 15-16 საათია;
1-2 წ.- ძილის ხანგრძლივობა 14 საათია;
3-5 წ.- ძილის ხანგრძლივობა 10-13 საათია;
6-11 წ.- ძილის ხანგრძლივობა 9-10 საათია;
13-18 წ. - ძილის ხანგრძლივობა 8-9 საათია.
- ზოგიერთ ბავშვს არ სძინავს შუადღეზე. ეს წარმოადგენს თუ არა პრობლემას?
- 3 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობა იძინებს დღისით. მშობლები გადაწყვეტენ ხოლმე, ბავშვი არ დააძინონ დღისით იმ მოტივით, რომ ღამით პატარამ ადრე დაიძინოს. ხშირად ეს ძილის დარღვევის მიზეზი ხდება და ბავშვები ღამითაც ვეღარ იძინებენ, ადვილად ღიზიანდებიან, ტირიან, ჭირვეულობენ.
ძალიან მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა. საჭიროა 3 წლამდე ასაკის ბავშვი იძინებდეს დღისით, შუადღემდე და არა შუადღის შემდეგ, რომ არ მოხდეს ღამის ძილის გადავადება. ღამით ბავშვი უნდა იძინებდეს არაუგვიანეს საღამოს 9 საათისა, შესაბამისად, დილით უნდა იღვიძებდეს 8 საათზე. მნიშვნელოვანია ამ რეჟიმის ზუსტი დაცვა. ძილისთვის მომზადება სასურველია, დავიწყოთ ერთსა და იმავე დროს.
- როგორ გავუმარტივოთ პატარას ჩაძინება?
- პატარასთვის ჩაძინების გასამარტივებლად შესაძლოა, გამოვიყენოთ მისთვის საყვარელი რბილი სათამაშო, რომელსაც ჩაეხუტება, ასევე კარგი ვარიანტია ზღაპრის მოყოლა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ძილის წინ ბავშვი მსუბუქად ვავახშმოთ და არ გადავტვირთოთ. ასევე ზედმეტი ფიზიკური აქტივობა, კომპიუტერული თამაშები, თუნდაც ანიმაციური ფილმების ნახვა ძილის წინ იწვევს ჩაძინების გაძნელებას. საძინებელ ოთახში სასურველია, არ იყოს ტელევიზორი. გვქონდეს სუსტი განათება, როცა ბავშვი შეიღვიძებს ღამით ადვილად უნდა გაერკვეს გარემოში და უფრო ადვილად შეიბრუნებს ძილს.
- ხელში დაძინება რამდენად მიზანშეწონილია და როცა ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ თუ არა თავის საწოლში?
- ხელში დაძინება მიზანშეწონილი არ არის. უკვე 4-5 თვის ასაკიდან ბავშვი უნდა მიეჩვიოს დამოუკიდებლად ჩაძინებას თავის საწოლში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები, რომლებიც იძინებენ დამოუკიდებლად, ასევე ადვილად შეიბრუნებენ ძილს, როცა შეიღვიძებენ არ დასჭირდებათ უფროსის დახმარება.
როცა პატარას ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ საწოლში, დავჯდეთ გვერდით რამდენიმე წუთით, მოვეფეროთ. შემდეგ დავტოვოთ, თუ კვლავ აგრძელებს ტირილს, კვლავ შევაკითხოთ და მშვიდად ვუთხრათ, რომ ძილის დროა.
- რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, როგორ ჩამოუყალიბონ ბავშვს სწორი ძილის რუტინა?
- მნიშვნელოვანია, ბავშვს ადრეული ასაკიდან ჰქონდეს ძილის რუტინა, ძილის წინ მომზადება მოხდეს ერთსა და იმავე დროს, ეს მოიცავს, მაგალითად, ბანაობას ძილის წინ. ეს უნდა ემთხვეოდეს იმ დროს, როცა ბავშვს რეალურად ეძინება. როგორც წესი, მშობელი ამჩნევს ხოლმე როდის ეძინება პატარას. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დრო არ გადავავადოთ რაიმე მიზეზით, მაგალითად, საოჯახო საქმე, სტუმრები და სხვა. ძილის დროის გადავადება იწვევს ძილის დარღვევას.
ღამის ძილზე დადებითად აისახება დღისით, სუფთა ჰაერზე ფიზიკური აქტივობა. ამიტომ დღისით ეცადეთ, აუცილებლად გაასეირნოთ პატარა, დატვირთოთ თამაშებით, ხოლო უშუალოდ ჩაძინებამდე 1-2 საათი ბავშვი არ დატვირთოთ ფიზიკურად.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
,,ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვი უბრალოდ იღლება, იფიტება და ამ დროს ეწყება გაღიზიანება" - თამარ გაგოშიძე
,,ცნება ,,აგრესიას" როგორ იყენებენ ხოლმე მშობლები, ეს არის ძალიან საინტერესო. როდესაც ვეკითხებით, რომ გთხოვთ, აღწერეთ, რას უწოდებთ ,,აგრესიულ ქცევას", აღმოჩნდება ხოლმე, რომ ქცევა არ არის აგრესიული. ეს უბრალოდ არის ბავშვის მინიშნება მის საჭიროებაზე, იმაზე - თუ რა აწუხებს მას. ბავშვს რაღაც აწუხებს - აქვს ემოციური მდგომარეობა, ამას ვერ გამოთქვამს და გარედან ეს ჩანს აგრესიულ ქცევად", - ამის შესახებ ნეიროფსიქოლოგმა, თამარ გაგოშიძემ ,,რადიო ფორტუნას" ეთერში ისაუბრა.
,,მაგალითად, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ის უბრალოდ იღლება, იფიტება და ამ დროს ეწყება გაღიზიანება. ჩვენ ეს უნდა გავიგოთ - რომ ბავშვი დაიღალა და შესაბამისი პრევენციული ზომები გავატაროთ. საბავშვო ბაღში ხდება ხოლმე ასე, რომ ამბობენ აღსაზრდელზე - აგრესიულად იქცევა. რომ ვეკითხებით, რომელ საათზე იქცევა ,,აგრესიულად", გვეუბნებიან, მაგალითად, რომ ასე პირველი საათისთვის, სადილამდე. იქნებ, ბავშვი დაიღალა და ეძინება? ამას ყურადღებას არ აქცევენ. ჩვენ ჩვენი გადმოსახედიდან ვმოქმედებთ და გვგონია, რომ ისინი ყველაფერს იტანენ. იქნებ, შია? ასევე, მაგალითად, წაიყვანეთ ბავშვი მოლში და, მადლობის ნაცვლად, გაგიმართათ ისტერიკა. ჯერ კარგად უნდა გაარკვიოთ, რატომ იქცევა ასე. ბავშვის ეს ქცევა არ არის მექანიკური, მას აქვს საკუთარი მიზეზები.
როდესაც ჩვენ ვეუბნებით მშობლებს, იგნორირება გაუკეთონ არასასურველ ქცევას, ამ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი კანფეტს ითხოვს და ის შიშით აძლევს იმის გამო, რომ მისმა შვილმა რაიმე არ დაიშავოს, ამასთან, იგნონირება გაუკეთა ბავშვის ტირილს, ამას ისინი მექანიკურად ავრცელებენ ყველაფერზე. მაგალითად, შენ ვერ გაუკეთებ იგნორირებას ფაქტს, როდესაც ბავშვი შუა მოლში დაიღალა და ტირის. ამ დროს მას უნდა მოეფერო, დაამშვიდო, გადაატანინო ყურადღება... იცით, რა არის მთავარი რჩევა? შენს შვილს უყურო, გაიგო, რატომ იქცევა ის ასე. ჩვენთვის უფრო ადვილია რეცეპტი - დავსაჯოთ-არ დავსაჯოთ, მივაქციოთ ყურადღება - არ მივაქციოთ ყურადღება. ეს ასე არის არის. არსებობს შემთხვევები, როდესაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ასევე, როდესაც უნდა გავუკეთოთ იგნორირება და არის შემთხვევები, როცა დასჯა ნიშნავს სიამოვნების მოკლებას, ფსიქოლოგების ენაზე", - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.