Baby Bag

​კბილების ამოსვლის უმტკივნეულო გზა

​კბილების ამოსვლის უმტკივნეულო გზა

ჩვენი პატარების ცხოვრებაში, კბილის ამოსვლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ თან – მტკივნეული და ხანდახან გაუსაძლისი პროცესია. ისინი სწორედ ამ დროს ხდებიან ყველაზე მტირალები, ჭირვეულები და ნერვიულები და ერთადერთი, რასაც ჩვენგან ელიან, ამ ტკივილის შემსუბუქებაა. წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ინოვაციური და უსაფრთხო საშუალება, რომელიც ბავშვის ღრძილებს გამჭვირვალე, დამცავ შრედ ეფინება და სწრაფად ეხმარება დისკომფორტის, სიწითლისა და ტკივილის მოხსნაში. ამ ყველაფერთან ერთად კი, ბანანის გემო აქვს!

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ის მომენტები, როცა პატარები სამყაროს შეცნობას იწყებენ, ყველაზე ჯადოსნურია. საოცარია, როცა გვიყურებენ და გვიმახსოვრებენ, იმახსოვრებენ ჩვენს სუნს, ხმასა და შეხებას. ბავშვებს ვგონივართ სუპერგმირები, რომლებსაც ყველაფერი შეუძლიათ: იქნება ეს საჭმლის გაჩენა თუ ტკივილის შემსუბუქება. ამიტომ, როცა პირველი კბილები ამოსდით და ვერ ხვდებიან, რა და რატომ აწუხებთ, მხოლოდ ჩვენს იმედზე რჩებიან. ამიტომაცაა, რომ ამ პროცესს ერთდროულად სიხარულიც მოაქვს და თავის ტკივილიც.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბავშვს 1 წლამდე ერთი კბილიც არ ამოუვიდეს, ღრძილის კონკრეტული ნაწილის გამაგრებისთანავე იწყება საერთო და ნაცნობი პრობლემები – ტკივილი, დისკომფორტი, სიწითლე, სხეულის ტემპერატურის მატება და ა.შ. ეს სიმპტომები კი იმდენჯერ მეორდება, რამდენჯერაც ახალი კბილი ამოდის.

ამ დროს ყველაზე ნაცადი ხერხებია მსუბუქი მასაჟი სუფთა ხელებით, ცივი წყლით სავსე საღეჭი სათამაშო, ან ცივ წყალში დასველებული პირსახოცის ნაჭერი, რომელიც პატარას დისკომფორტის შემსუბუქებაში ეხმარება. ბავშვებს ხშირად აძლევენ შოთის პურის ნატეხსაც, რაც ცუდი სულაც არ არის, მაგრამ განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს.

საბედნიეროდ, არსებობს უფრო უსაფრთხო, აპრობირებული, ჯანსაღი და მარტივი გზაც: თუ თქვენი პატარა ხშირად ტირის, წუხს და კბილების ამოსვლა ხასიათს უფუჭებს, შეგიძლიათ, სცადოთ გელი ბუნებრივი კომპონენტებით, რომელიც უკვე თქვენს მეზობელ აფთიაქშია. ბავშვს გელი ღრძილების დაზიანებულ ადგილებზე უნდა წაუსვათ თანდართული სილიკონის ჯაგრისით, რომელიც გელის წასმისას ღრძილებს მსუბუქად ამასაჟებს, პარალელურად კი სიწითლეს, დისკომფორტსა და ტკივილს ამცირებს.

ბევრი დედის გამოცდილებით გირჩევთ, რომ უფრო ეფექტური და ხანგრძლივი შედეგისთვის, მცენარეული გელები ჭამის შემდეგ და ძილის წინ გამოიყენოთ, შეგიძლიათ, ბავშვს ღრძილებზე წაუსვათ ყოველ ჯერზე, როცა ტკივილი გაუმეორდება. თუ ასე მოიქცევით, თქვენი პატარა უფრო ხშირად გაიცინებს და თქვენც უფრო ხშირად გექნებათ შანსი, რომ ახლად ამოსულ კბილ(ებ)ს თვალი შეავლოთ!

მოკლედ, თუ ჩვენც დაგვიჯერებთ და თუ თქვენს პატარასთან კბილის ფერიებმა მუშაობა უკვე დაიწყეს, მაშინ გახსოვდეთ, რომ სულაც არ არის აუცილებელი, ბავშვმა ღრძილების ტკივილს გაუძლოს, თქვენ კი – მის ტირილსა და ნერვიულობას. სრულებით შესაძლებელია, ეს პროცესი შეამსუბუქოთ, მეტად უმტკივნეულო გახადოთ და სასიამოვნო მოგონებად ფოტოებზეც ფართო ღიმილით აღიბეჭდოთ.

პ.ს. როცა დარწმუნდებით, რომ საინტერესო გელს მიაგენით, არ დაგავიწყდეთ, სხვა მშობლებსაც გაუზიაროთ!

R. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„საბავშვო ბაღში მოსიარულე ბავშვისთვის ცივ სეზონზე დასაშვები ავადმყოფობათა სიხშირე არის 10-12-ჯერ ავადობა,“ - პედიატრი ცოტნე ბესელია

პედიატრმა ცოტნე ბესელიამ ბავშვებში ხშირი ავადობის საკითხზე ისაუბრა და განმარტა, რომელ ასაკში არ არის საყურადღებო ცივ სეზონზე ბავშვების ხშირი ავადობა:

„განვმარტოთ, რას ნიშნავს ხშირად მოავადე ბავშვი. საბავშვო ბაღში მოსიარულე ბავშვი, მით უმეტეს, თუ არის პირველი წელი, როდესაც ის შედის ბაღში, ამ დროს ცივ სეზონზე ისინი ხშირად ავადობენ. ცივ სეზონზე დასაშვები ავადმყოფობათა სიხშირე არის 10-12-ჯერ ავადობა. ეს არის ასაკზე დამოკიდებული და ასევე იმაზე, რა კოლექტივშია ბავშვი. საბავშვო ბაღში ეს დასაშვებია. როდესაც ბავშვი არის სასკოლო ასაკში, მაშინ ეს იქნება უფრო ყურადსაღები. სასკოლო ასაკში 8-ჯერ, 10-ჯერ, 12-ჯერ ავადობა წელიწადში უკვე სხვა რაღაცაზე მიანიშნებს ექიმს და მშობელს. ნუ შეეშინდებათ მშობლებს. ბავშვი, რომელიც საბავშვო ბაღში დადის, იმან ხშირად უნდა იავადმყოფოს.

ნურც იმის შეეშინდებათ მშობლებს, რომ ხშირად ამბობენ: „რაც ცივი სეზონი დადგა, ოქტომბრიდან მაისამდე ბავშვი სულ ახველებს. ხომ არ შეიძლება სულ ახველებდეს? რაშია საქმე?“ პოსტ-ინფექციურ პერიოდში, როდესაც ბავშვი გადის ბაღში, ახალი მიკრობი მოქმედებს და მწვავდება ჩივილები. ამიტომ არის ეს გადაბმული, მშობლისთვის ერთი შეხედვით გაუთავებელი ჩივილები. მშობელს უნდა, რომ ეს ხველა ერთ რაღაცასთან დააკავშიროს. ასე არ არის. ეს არის მორიგი მწვავე რესპირაციული დაავადება, მორიგი პოსტ-ინფექციური პერიოდებით. ნუ შეეშინდება ამის მშობელს,“- მოცემულ საკითხზე ცოტნე ბესელიამ „რადიო ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„რადიო ფორტუნა“ 

წაიკითხეთ სრულად