Baby Bag

„არანაირი პრობლემა არ არის, რომ ბავშვმა ხოხვა გამოტოვა და პირდაპირ დაიწყო დგომა,“ - ბავშვთა ნევროლოგი სოფო ტატიშვილი

„არანაირი პრობლემა არ არის, რომ ბავშვმა ხოხვა გამოტოვა და პირდაპირ დაიწყო დგომა,“ - ბავშვთა ნევროლოგი სოფო ტატიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა სოფო ტატიშვილმა ბავშვის განვითარებისთვის ხოხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ხოხვის გამოტოვება ბავშვისთვის პრობლემას არ წარმოადგენს:

„არანაირი პრობლემა არ არის, როდესაც ხოხვა გამოტოვა და პირდაპირ ​დაიწყო დგომა ბავშვმა. მერე სიარულიც რომ დაიწყოს 10 თვის ასაკისთვის, აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ არის. არც დეფორმაცია იქნება, თუ უკვე ბავშვი მზად არის იმისთვის, რომ დაიწყოს დამოუკიდებლად სიარული.“

სოფო ტატიშვილის თქმით, არ არის აუცილებელი, რომ კონკრეტულ ასაკში მხოლოდ ასაკობრივად მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაზე ვიზრუნოთ:

„ისევ მიდგომებს რომ დავუბრუნდეთ და ინტერვენციას, აქაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ადრე იყო მიდგომა, რომ აუცილებლად ნეიროგანვითარების ტექნიკები უნდა გამოგვეყენებინა. იერარქიულად რომელი უნარიც უწევდა, იმ უნარებზე უნდა გემუშავა აუცილებლად. კონკრეტული ასაკისთვის მხოლოდ თავის ჭერაზე უნდა გემუშავა, ​ექვსი თვის ასაკისთვის მხოლოდ ჯდომაზე. აღმოჩნდა, რომ ეს არაფერ გაუმჯობესებას არ გვაძლევს არც აქტივობებში და არც ჩართულობაში.“

„შეიძლება ბავშვი თავსაც ვერ იჭერდეს, მაგრამ მუშაობენ ერთდროულად ჯდომაზეც, გადაბრუნებაზეც, დგომაზეც და ა.შ. რა თქმა უნდა, ძალიან ფართო დიაპაზონს არ ვგულისხმობ. ყველა უნარზე მეტ-ნაკლებად მუშაობენ ერთდროულად. შესაბამისად, ის, რომ ბავშვმა ხოხვა გამოტოვა, ეს არანაირი პრობლემა არ არის. ისიც არ არის პრობლემა, რომ ათი თვის ასაკისთვის ბავშვი იწყებს სიარულს,“ – აღნიშნულ საკითხზე ​სოფო ტატიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

როდის არის ბავშვის ფეხის წვერებზე სიარული საშიში და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?
​ბავშვები სიარულის სწავლისას ფეხის წვერებზე ხშირად დადიან. მოგვიანებით, როდესაც ისინი დამოუკიდებლად გადაადგილებას ახერხებენ, მიწაზე ტერფს სრულად დგამენ და თავისუფლად მოძრაობენ. მცირეწლოვანი ბავშვების...

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვისთვის კონკრეტულ დროს დაძინებაზე მეტად მნიშვნელოვანი ერთი და იმავე დროს დაძინებაა - რა პერიოდიდან და როგორ უნდა დავურეგულიროთ ბავშვს ძილის რუტინა?

ბავშვისთვის კონკრეტულ დროს დაძინებაზე მეტად მნიშვნელოვანი ერთი და იმავე დროს დაძინებაა - რა პერიოდიდან და როგორ უნდა დავურეგულიროთ ბავშვს ძილის რუტინა?

ძილის მნიშვნელობასთან დაკავშირებით გვესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე, რომელმაც განგვიმარტა, თუ რა პერიოდიდან და როგორ უნდა დავურეგულიროთ ბავშვს ძილის რუტინა:

- როგორც ვიცით, ბავშვს დაბადებიდან თავისი ძილის რეჟიმი აქვს. უნდა ჩავერიოთ და დავარეგულიროთ ეს, თუ მივცეთ ბავშვს უფლება, როცა უნდა დაიძინოს?

- ყველა ბავშვი იბადება გარკვეული ბიოლოგიური პრიორიტეტებით და რიტმით, რომელიც აბსოლუტურად ინდივიდუალურია. ამ პროცესში უხეში ჩარევა არ იქნება გონივრული. თუმცა ფრაზა „როცა უნდა დაიძინოს“ ყოველთვის გამართლებულიც ვერ იქნება. ამ დროს გააჩნია ასაკს და იმ გამოწვევებს, რასაც ბავშვის ყოველდღიური საჭიროებები გვკარნახობს. ძალიან მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე ყურადღებით დავაკვირდეთ ბავშვის ინდივიდუალურ პრიორიტეტებს და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში, ნაბიჯ-ნაბიჯ დავარეგულიროთ. მაგალითად, ეტაპობრივად გადმოვანაცვლოთ ჩაძინების დრო, ვასწავლოთ ბავშვს ძილის დამოუკიდებლად შებრუნება, გამოვუმუშავოთ ძილისწინა რუტინა. გაითვალისწინეთ, ბავშვისთვის კონკრეტულ დროს დაძინებაზე მეტად მნიშვნელოვანი ერთი და იმავე დროს დაძინებაა. ძილის რეჟიმის ნაწილია გაღვიძებაც, რომლის დროც ასევე რეგულარული უნდა იყოს. ძალიან ხშირად ჩაძინების რეჟიმის მოწესრიგებას სწორედ დილით ერთი და იმავე დროს გაღვიძებით ვიწყებთ. 

- არის თუ არა ჩვილებში ღამის და დღის ძილს შორის სხვაობა და როგორია ძილის ფაზები?

- ძილის ფაზებს შორის განსხვავება შესამჩნევია ასაკის ცვლილებასთან ერთად. დღის და ღამის ძილი ამ მხრივ ნაკლებ განსხვავდება ერთმანეთისგან. რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, ე.წ. სწრაფი ძილის ფაზა უფრო ხანგრძლივია და შეადგენს საერთო ძილის 50%-ს. ასაკთან ერთად მცირდება და ზრდასრულ ასაკში 25%-ია. ასევე ადრეული ასაკის ბავშვებს უფრო მცირე დრო სჭირდებათ ღრმა ძილის დადგომისთვის, ვიდრე ზრდასრულებს. ამის პარალელურად ბავშვების ძილი გაცილებით უფრო მოწყვლადია და რუტინაზე დამოკიდებული, ვიდრე ზრდასრულ ასაკში. ძილის ნაკლებობით გამოწვეული პრობლემებიც უფრო დრამატულია ადრეულ ასაკში. თუმცა ძილის ხანგრძლივობისა თუ ხარისხის შემცირება არც ზრდასრულებისთვისაა უსაფრთხო.

- რა პერიოდიდან იწყება ძილის რეჟიმის რეგულირება?

​- პირველი რამდენიმე თვე თავად ბავშვიც ძიებაშია და ეტაპობრივად ადაპტირდება საკუთარ ბიოლოგიურ რიტმებთან. ეს პერიოდი მშობლების მხრიდანაც უფრო დაკვირვების პერიოდია. ვადები აბსოლუტურად ინდივიდუალურია. არიან ბავშვები, რომლებიც პირველივე კვირებიდან თავად არეგულირებენ ძილ-ღვიძილის რეჟიმს. თუმცა უმრავლესობას ჩვენი მხრიდან დახმარება სჭირდება. ერთი კონკრეტული ასაკი ამისთვის არ არის, თუმცა საშუალოდ 6 თვისთვის, როდესაც უკვე ყველა ბავშვის ცხოვრებაში დგება შერეული კვების ეტაპი და დედის თუ ადაპტირებული რძის პარალელურად იწყებენ დამატებით ბოსტნეულის თუ ბურღულის ფაფების მიღებას, კვების რეჟიმი ხდება უფრო ორგანიზებული, ვიდრე იყო მანამდე. ასევე, დაახლოებით ამ პერიოდიდან ღამის კვებაც ეტაპობრივად მცირდება და შუალედი იმატებს. ეს ყველაფერი ძალიან გვეხმარება დღის და ძილის რეჟიმის დარეგულირებაში. ამავე პერიოდიდან სასურველია, რომ საღამოც ბოლო კვებასა და ღამის ძილს შორის გარკვეული შუალედი დავიცვათ. ანუ, თუ მანამდე ბავშვს შეიძლება კვების დროს ჩასძინებოდა და უმეტესად ასეც ხდება ხოლმე, განსაკუთრებით ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში, 6 თვიდან სასურველია, ეს ტრადიცია ნელ-ნელა დავარღვიოთ. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს, რომ პირველივე მცდელობები წარმატებული იქნება. მიზანი ამ სტრატეგიის არის ის, რომ ბავშვმა ეტაპობრივად დაიწყოს დამოუკიდებლად ჩაძინების სწავლა და ჩაძინების რიტუალის ნაწილი აღარ იყოს საკვების მიღება.

დაახლოებით 1-1,5 წლის ასაკისათვის ძილის რეჟიმი უკვე პროგნოზირებადია ხოლმე. ანუ გამოკვეთილია კონკრეტული ბავშვის დღის და ღამის ძილის პერიოდები. გაითვალისწინეთ, რომ ძილი ბავშვის ყოველდღიურობის ნაწილია. შესაბამისად, იზოლირებულად ძილის რეჟიმზე მუშაობა არასწორი და არაეფექტურია ხოლმე. დღის მანძილზე საკვების რეგულარული მიღება და რეჟიმის დაცვა, ფიზიკური და სამაგიდო აქტივობების სწორად გადანაწილება იდეალური წინაპირობაა საღამოს დროულად ჩაძინების და ღამის განმავლობაში ძილის შენარჩუნებისთვის.

- უძილობამ ან ძილის არევამ რა ნეიროფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება წარმოშვას ბავშვში?

​- ძილი ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა. ზუსტად ისეთი, როგორც საკვების თუ წყლის მიღება. ძილის დროს თავის ტვინი, ერთი მხრივ, „ისვენებს“ ახალი ინფორმაციისა და სტიმულებისგან, თუმცა ამ პერიოდს იყენებს უკვე მიღებული გამოცდილების გადამუშავების და ორგანიზებისთვის. მნიშვნელოვანია ძილის არა მხოლოდ ხანგრძლივობა, არამედ ხარისხიც. ორგანიზმს, რა თქმა უნდა, აქვს გარკვეული რესურსი და პირველივე უძილო ღამე დრამატულ ცვლილებებს არ მოგვიტანს. თუმცა თუ უძილობას და რეჟიმის დარღვევას აქვს რეგულარული ხასიათი, მაშინ, სამწუხაროდ, რეალური პრობლემების წინაშე ვდგებით. ადრეული ასაკის ბავშვებში ძილის დეფიციტი გამოიხატება ადვილად გაღიზიანებადობით, ჭირვეულობით, მოუსვენრობით, გონებაგაფანტულობით და ყურადღების დეფიციტით. შედარებით მოზრდილებში ჭარბობს მოდუნება და დღის ძილიანობა. ყურადღების დეფიციტი და გაფანტულობა ამ შემთხვევაშიც აქტუალურია, ისევე როგორც ინფორმაციის გადამუშავების და ასევე უკვე ნასწავლის გახსენების შენელება. ბუნებრივია, რაც უფრო მოზრდილი ასაკისაა ბავშვი, მოთხოვნა მისი კოგნიტური უნარების მიმართ იმატებს და დეფიციტიც უფრო თვალსაჩინოა. თუ ძილის დარღვევა დროში მეტისმეტად გახანგრძლივდა და სტაბილური სახე მიიღო, ორგანიზმისთვის ეს უკვე ქრონიკული სტრესული მდგომარეობაა, რაც პრაქტიკულად ყველა სისტემას აზარალებს - მათ შორის იმუნურ სისტემას. ასეთი ბავშვები მეტად ავადმყოფობენ, უჭირთ გარემოსთან ადაპტირება როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად.

- როდის არის დრო, რომ მშობლემა შვილის უძილობის ან არეული ძილის პრობლემების გამო ექიმს უნდა მიმართოს?

​- თუ უძილობამ და რეჟიმის დარღვევამ მიიღო სისტემატური ხასიათი. თუ ეს პრობლემა დისკომფორტს ანიჭებს, პირველ რიგში, ბავშვს. ანუ ბავშვი წვალობს ჩაძინებაზე, დამშვიდების და მოდუნების ნაცვლად უფრო ღიზიანდება და ჭირვეულობს, არ ამშვიდებს საყვარელ ადამიანებთან ჩახუტება და მოფერება. დღის მანძილზეც ემოციურად ლაბილურია ან მოთენთილი, ძილიანი და ირღვევა მისი ყოველდღიური აქტივობა.

ექიმთან მიმართვის ჩვენებაა ასევე ძილში ხანმოკლე და განმეორებითი არაბუნებრივი ქცევა. ასეთ დროს ძალიან გვეხმარება წინასწარ ვიდეოჩანაწერის გაკეთება და მისი წარმოდგენა ექიმთან. საბედნიეროდ, ასეთი ეპიზოდების უმრავლესობა ძილის ფიზიოლოგიური, ან არაორგანული ბუნების ასაკდამოკიდებული ფენომენებია ხოლმე, მაგრამ სიფხიზლე მაინც აუცილებელია, რადგან არ ვართ დაზღვეული ისეთი მდგომარეობებისგან, როგორებიცაა მაგალითად, სუნთქვასთან დაკავშირებული ძილის დარღვევა, ან ძილის ეპილეფსიური გულყრები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადრეული ასაკის ბავშვებში ძილის დარღვევის ყველაზე ხშირი მიზეზი არათანმიმდევრული რეჟიმია ხოლმე. ძილისწინა რუტინის არარსებობა, გაჯეტების გადაჭარბებული მოხმარება, გვიანი ვახშამი და ტკბილეული, ძილის წინ ფიზიკური აქტივობებით დატვირთვა, იმ იმედით, რომ „დაიღლება და უკეთ დაიძინებს“, ყველაზე გავრცელებული შეცდომები და მითებია. არსებობს წესები და რეკომენდაციები, რომლებიც გვეხმარება რეჟიმის სწორად ორგანიზებაში, ხოლო ჩვენს პატარას მშვიდად ჩაძინებაში. აღნიშნული რეკომენდაციების ინდივიდუალურად მისაღებად ასევე შეიძლება მივმართოთ შესაბამის სპეციალისტებს. 

ესაუბრა ელენე ოვაშვილი

წაიკითხეთ სრულად