დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.geტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ზრდის თუ არა კვერცხი სისხლში ქოლესტერინის დონეს, რამდენია რაციონში კვერცხის რეკომენდებული დასაშვები რაოდენობა და თეთრი კვერცხი უფრო სასარგებლოა თუ ყავისფერი? - ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა ამ თემებზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.
ეჭვგარეშეა, რომ კვერცხს უამრავი სარგებელი გააჩნია. ის არა მხოლოდ არის მაღალხარისხოვანი ცილის საბადო, ასევე შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს, ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს და ანტიოქსიდანტებს. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ორგანიზმის ჯანსაღ ფუნქციონირებაში.
ერთი კვერცხი შეიცავს:
ორგანიზმის დღიური D ვიტამინის მოთხოვნილების 40%-ს,
ფოლიუმის მჟავის მოთხოვნილების 25%-ს,
ვიტამინი B2 მოთხოვნილების 12%-ს, ორგანიზმის სელენზე მოთხოვნილების 20%-ს.
კვერცხი ასევე შეიცავს A, E, B5, B12 ვიტამინებს, რკინას, იოდს და ფოსფორს.
უნდა შევეხო მოსახლოებაში გავრცელებულ აზრს, რომ კვერცხი ზრდის სისხლში ქოლესტერინის დონეს. მართალია, კვერცხი მდიდარია ქოლესტერინით, მაგრამ ის პრაქტიკულად უარყოფითად არ მოქმედებს სისხლის ქოლესტერინზე. ზოგადად, ორგანიზმში ღვიძლი ყოველდღიურად აწარმოებს დიდი რაოდენობით ქოლესტერინს, ხოლო, როდესაც საკვებით მიღებული ქოლესტერინის მიღება იზრდება, ღვიძლი იწყებს ნაკლები ქოლესტერინის წარმოებას. თუმცა კვერცხიდან მიღებულ ქოლესტერინზე რეაგირება ინდივიდებს შორის განსხვავებულია: ადამიანების 70-80%-ში კვერცხი საერთოდ არ ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში, დანარჩენ 20-30%-ში (უწოდებენ „ჰიპერ რეაგირებს“), კვერცხმა შეიძლება მსუბუქად გაზარდოს საერთო ქოლესტერინის დონე. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ კვერცხის ცილა არის ალერგიული პროდუქტი და სწორედ ამიტომ ბავშვთა ასაკში მისი შეტანა რაციონში ხდება სიფრთხილით და მცირე ოდენობით.
რამდენია რაციონში კვერცხის რეკომენდებული დასაშვები რაოდენობა? კონკრეტული ციფრები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, თუმცა სასურველია კვირაში 3-4 მიღებაზე 2-3 კვერცხის მირთმევა.
თეთრი კვერცხი უფრო სასარგებლოა თუ ყავისფერი? ხაზგასმით დავიმახსოვროთ - კვერცხის თვისებებს არ განსაზღვრას მისი ნაჭუჭის შეფერილობა. აქვე უნდა დავაფიქსირო, რომ მოხმარებამდე ზუსტად უნდა იყოს დაცული კვერცხის შენახვის პირობები, გამოყენებამდე სრულფასოვნად უნდა გაირეცხოს და შემდეგ კი კარგად მოიხარშოს ან შეიწვას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მე მინდა ჩამოვთვალო, რა საკვები უნდა „დავაძალოთ“ ბავშვს,“ - პედიატრ ქეთი ნემსაძის რჩევები მშობლებს
პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვისა და დედის ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ტრადიციული კვების წესებისა და წინაპართა გამოცდილების გათვალისწინება:
„ჩვენი პრეისტორიული წინაპრები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ტრადიციულ საკვებში იგულისხმება ის საკვები, რომელიც ამ გენებისთვის არის მიღებული. რა საკვები უნდა მიირთვას დედამ? მხოლოდ ის საკვები, რომელიც ამ რეგიონში არის მოყვანილი. კვების პირამიდა ახლა შეიცვალა. ყველაზე მეტი ადამიანმა უნდა მიიღოს წყალი. შემდეგ მოდის უკვე პროტეინები. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში თევზი არ არის პროტეინების ძირითადი წყარო. სასარგებლო ცილა არის მხოლოდ თევზი და ქათამი. ის, რაც დადის, არ არის სასარგებლო ცილა. რაც ცურავს და დაფრინავს, ის ყველაფერი სასარგებლოა.“
ქეთი ნემსაძემ ის საკვები პროდუქტები დაასახელა, რომელიც ბავშვებს უნდა „დავაძალოთ,“ რათა მათ ჯანსაღად იკვებონ:
„მე მინდა ჩამოვთვალო, რა საკვები უნდა „დავაძალოთ“ ბავშვს. ეს არის: სასარგებლო ცილა - პარკოსნები, ქათამი, თევზი, სასარგებლო ცხიმი: ნუში, ავოკადო, მცენარეული ზეთები. მარცვლეული სასარგებლოა მხოლოდ მსხვილად დაკეპილი. რატომ არ ჭამს ბავშვი? ჩვენ რვა თვიდან მივაჩვიეთ ის თითებით ჭამას, რომელიც მადას ავითარებს? ჩვენი მადა მოდის გრელინიდან, რომელიც კუჭში გამოიყოფა.“
„გავზარდეთ კი ბავშვები ნატურალური გზით? იყვნენ კი ეს ბავშვები ძუძუთი კვებაზე ორ წლამდე, ექვსი თვიდან დამატებითი საკვებით? ძუძუთი კვების დროს ღამე ცირკადული რიტმი იცვლება. დედა ბავშვს აწოდებს მხოლოდ ზრდის ჰორმონს და იმუნიტეტს, საკვებ პროდუქტებს არ აძლევს. ეს არის სიმსუქნისა და უმადობის პრევენცია. იმ ოჯახებში, რომელშიც ბავშვები არ ჭამენ, იცის კი ბავშვმა, რა არის სასარგებლო საკვები? ასეთი ექსპერიმენტებიც ტარდება: ბავშვებს აძლევენ კალათს და უშვებენ სუპერმარკეტში. აინტერესებთ, რა საკვებს აიღებს ის თავად. ამით იგებენ, რა ინფორმაცია აქვს მას ჯანსაღი კვების შესახებ,“ - აღნიშნულ საკითხებზე ქეთი ნემსაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.