Baby Bag

„გავრცელებული მოსაზრება, რომ წითელი ფერის პროდუქტებით და შავი ღვინით ჰემოგლობინის მომატება შეიძლება, მცდარია“ - რა იწვევს ანემიას და როგორ გამოიხატება ის მოზრდილებში?

„გავრცელებული მოსაზრება, რომ წითელი ფერის პროდუქტებით და შავი ღვინით ჰემოგლობინის მომატება შეიძლება, მცდარია“ - რა იწვევს ანემიას და როგორ გამოიხატება ის მოზრდილებში?

ძირითადად რა იწვევს ანემიას, როგორ გამოიხატება მოზრდილებში და რა სიმპტომები გვაფიქრებინებს ანემიაზე? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა მედიცინის აკადემიური დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი ჰემატოლოგი, ონკო-ჰემატოლოგი თეა ვაწაძე.

- ქალბატონო თეა, რომ განვმარტოთ, რა სახის დაავადებაა ანემია და როგორ გამოიხატება ის მოზრდილებში?
- ანემია ყველაზე გავრცელებული ჰემატოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც პერიფერიულ სისხლში დაქვეითებულია წითელი უჯრედების, კერძოდ ერითროციტების და/ან ჰემოგლობინის რაოდენობა. ერითროციტები მთელს ორგანიზმს ამარაგებენ ჟანგბადით, რისთვისაც იყენებს რკინით მდიდარ ცილას, ჰემოგლობინს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) ანემიად მიიჩნევს მდგომარეობას, როდესაც სისხლის საერთო ანალიზში, მოზრდილთა ასაკში, ჰემოგლობინის კონცენტრაცია ნაკლებია 125გ/ლ-ზე, 6-დან 12 წლამდე ბავშვებში ნაკლებია 120გ/ლ-ზე, ხოლო 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ნაკლებია 110გ/ლ-ზე.
- არის თუ არა კონკრეტული ასაკი,  როდესაც მეტი სიხშირით ვლინდება ანემია?
- კვლავ ჯანმოს მონაცემებზე დაყრდნობით გეტყვით, რომ მსოფლიოს მოსახლების 24,8%-ს აქვს ანემია. ყველაზე ხშირად გვხვდება რეპროდუქციული ასაკის ქალებში და ბავშვებში. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ მენსტრუაციის მქონე 5 ქალიდან ერთს და ორსულთა ნახევარს უფიქსირდება ანემია.
- რა სიმპტომებით არის შესაძლებელი ანემიის ამოცნობა?
- ანემიის სხვადასხვა ტიპს სიმპტომებიც განსხვავებული აქვს, თუმცა არსებობს ისეთი ზოგადი ნიშნები, რომლის არსებობაც ანემიაზე გვაფიქრებინებს, ესენია:
ზოგადი საერთო სისუსტე და შრომისუნარის დაქვეითება;

  • ძილიანობა;
  • კანის და ხილული ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე;
  • თავბრუსხვევა;
  • გულისცემის გახშირება;
  • ქოშინი;
  • იოლად გაღიზიანება;
  • შავი წერტილების მოძრაობა თვალებში;
  • ორსულთა ჰიპოტენზია და შესაძლოა კოლაფსიც(წნევის დაქვეითება მაშინ, როცა ადამიანი ფეხზე დადგება, ანუ მიიღებს ვერტიკალურ პოზიციას);
  • კუნთების სისუსტე, სფინქტერების მოდუნება, სიცივის შეგრძნება კიდურებში.

​ყველაზე ცნობილი ანემიებიდან - რკინადეფიციტური ანემიის დროს, ამ სიმპტომებს ემატება გემოვნების და ყნოსვის გაუკუღმართება. პაციენტებს სურვილი აქვთ ჭამონ უცნაური პროდუქტები (ცარცი, გაჯი, ყინულის კუბები, ყავის მარცვლები, უმი ხორცი, ცომი, ლიმონი კანიანად, წიგნის ფურცლები, მიწა). ასევე სიამოვნებთ განსხვავებული და ხშირად, უსიამოვნო სუნები (ბენზინის, ნავთის, აცეტონის, საღებავების, სარეცხის ფხვნილის, ნესტის, საბურავების, ნაფტალინის სუნი), აქვთ თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა, შეიძლება, ფრჩხილმა მიიღოს კოვზის ფორმა (კოილონიქია), უსკდებათ და ექერცლებათ ტუჩები.
ვიტამინ B-12- დეფიციტური ანემიის დროს ხშირია ენის წვა და სიწითლე, ყლაპვის გაძნელება, ქვედა კიდურებში დაბუჟების და ჩხვლეტის შეგრძნება, უჭირთ მოძრაობა და შეიძლება შეეცვალოთ სიარულის მანერა.
ძირითადად, რა არის მისი გამოწვევი მიზეზები?
- სამედიცინო განათლებაც არ არის საჭირო, რომ ადამიანი მიხვდეს, რა დროს შეიძლება განვითარდეს ანემია, ე.წ სისხლნაკლებობა. ამის სამი ძირითადი მიზეზი არსებობს: ორგანიზმმა ან უნდა დაკარგოს სისხლი (პოსტჰემოტაგიული ანემია) ან უნდა დაშალოს იგი (ჰემოლიზური ანემია), თუ არც იკარგება და არც იშლება, მაშინ ორგანიზმი არ უნდა გამოიმუშავებდეს სისხლს (ჰემოპოეზის, ანუ სისხლწარმოქმნის დარღვევით მიმდინარე ანემიები). ამას გარდა არსებობს მეტაპლაზიური ანემიები, როდესაც ძვლის ტვინში სისხლმბადი, ჰემოპოეზური ქსოვილი ჩანაცვლებულია ან სიმსივნური უჯრედებით, ან ცხიმოვანი და ფიბროზული ქსოვილით. არსებობს ქრონიკულ დაავადებებთან, ​ორსულობასთან, თირკმლის პათლოგიასთან ასოცირებული ანემიები.

​ზემოთხსენებული ანემიების ყველაზე ხშირი მიზეზია სხვადასხვა ლოკალიზაციის სისხლდენა (ტრავმა, მენსტრუალური სისხლდენა, კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით განპირობებული სისხლდენა), ალიმენტური ფაქტორები (ვეგანობა, მარხვების შენახვა, არაბალანსირებული კვება), აბსორბციის, იგივე შეწოვის დარღვევა, ელემენტების და ვიტამინების დეფიციტი (რკინა, ვიტამინი B-12, ფოლიუმის მჟავა), ონკოლოგიური დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები. ფიზიოლოგიური მდგომარეობები: (ორსულობა, ლაქტაცია).
- ბოლოს, რას ურჩევდით, კვებასთან დაკავშირებით?
- თუ ანემია ქრონიკულ დაავადებებთანაა ასოცირებული, ამ შემთხვევაში კვებას განსაკუთრებული დატვირთვა არ აქვს, ხოლო თუ მისი მიზეზი რკინის, ვიტამინი B-12-ის და ფოლიუმის მჟავას დეფიციტია, მაშინ რეკომენდებულია, პაციენტმა მიირთვას ხორცი და ხორცის პროდუქტები, საქონლის, ხბოს ხორცი, საქონლის ენა, ღვიძლი, კურდღლისა და ინდაურის ხორცი, მწვანე ფერის ბოსტნეული. ხალხში გავრცელებული მოსაზრება, რომ წითელი ფერის პროდუქტებით და შავი ღვინით ჰემოგლობინის მომატება შეიძლება, მცდარია. ისინი არ შეიცავს ბევრ რკინას და არსებული რაოდენობიდან მისი მხოლოდ მცირე რაოდენობა იწოვება, მაშინ, როცა ხორცპროდუქტები მდიდარია რკინით და ვიტამინი B-12-ით, მათი დიდი რაოდების ათვისება ხდება ორგანიზმის მიერ.
ანემიის პროფილაქტიკა შეიძლება ბალანსირებული და ფორტიფიცირებული საკვებით.
გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!
ესაუბრა მარიამ ჩოქური

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედებ​ის ჯგუფი“)

„სწორად მომზადებული 100 გრ. საქონლის ხორცი შეიცავს ყველაზე მეტ რკინას“ - ჰემატოლოგი ნინო შ...
​რომელი საკვები მივიღოთ, რომ არ განვითარდეს ანემია? -  ამ თემაზე ექიმმა, ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ ისაუბრა.„ანემია არსებობს ძალიან ბევრნაირი. შესაბამისად, იმისდა მიხედვით, რა ფო...