რა სახის მოვლა სჭირდება პირველ კბილებს და რა ასაკი უნდა მივიჩნიოთ საგანგაშოდ, თუკი ბავშვს ჯერ კიდევ არ ამოსვლია არცერთი კბილი? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ექიმი ორთოდონტი ლელა შამათავა.
- როდის უნდა ამოვიდეს პირველი კბილი და ზოგადად, რა თანმიმდევრობით?
- პირველი კბილი დაახლოებით 6-7 თვის ასაკში ამოიჭრება. ეს არის ქვედა ყბის პირველი საჭრელი კბილები, ამას მოჰყვება ზედა ყბის პირველი საჭრელი კბილები. შემდგომ ზედა ყბის მეორე საჭრელები, რამდენიმე თვეში კი ქვედაზეც ამოიჭრება მეორე საჭრელი კბილები, ამის შემდეგ ამოდის მეოთხე კბილები, ანუ საღეჭი კბილები, ქვედა და ზედა ყბაზე. შემდგომ ეშვები (მესამე კბილები), ბოლოს მე-5 კბილები, მეორე საღეჭი კბილები. 3 წლის ასაკისთვის ბავშვს უნდა ჰქონდეს ოცივე სარძევე კბილი.
- რა სახის მოვლა სჭირდება პირველ კბილებს?
- პირის ღრუს მოვლა დაბადებიდან იწყება. დედამ პერიოდულად უნდა გამოუსუფთავოს ახალშობილს პირის ღრუს ლორწოვანი გარსი თბილ, სოდიან წყალში დასველებული მარლით. პირველი კბილის ამოჭრიდან იწყება კბილების მოვლის რუტინა. ძალიან კარგი და მოსახერხებელია თითზე ჩამოსაცმელი ჯაგრისები. წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კბილის პასტების გამოყენება არ არის აუცილებელი, ხოლო 1-2-წლიდან მცირე რაოდენობით, მხოლოდ ასაკობრივი კბილის პასტები. 3 წლიდან რეკომენდებულია საბავშვო ელექტრო ჯაგრისების გამოყენებაც, იგი ამარტივებს პროცედურას და რაც მთავარია, აუმჯობესებს ჰიგიენის ხარისხს.
- რა ასაკი უნდა მივიჩნიოთ საგანგაშოდ, თუკი ბავშვს ჯერ კიდევ არ ამოსვლია არცერთი კბილი?
- როგორც უკვე აღვნიშნე, 6 თვიდან უნდა დაიწყოს კბილთა ამოჭრა. ნაადრევად ითვლება, როდესაც ოთხი თვიდან ჩნდება სარძევე კბილები პირის ღრუში. ხოლო 9-10 თვის ასაკში თუ კბილი არ არის ამოჭრილი, დაგვიანებულად ითვლება. 1 წლის ბავშვს, თუ კბილი ისევ არ აქვს, ეს უკვე საგანგაშოა და საჭიროა დამატებითი კვლევები მიზეზის დასადგენად. კბილთა ამოჭრის დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს, ენდოკრინული სისტემის პათოლოგია, კერძოდ, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია, ჰიპოფიზის ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობა, ასევე მინერალური ცვლის დარღვევა, ავიტამინოზი. შესაძლოა, ყბის ძვალში საერთოდ არ იყოს ჩანასახი, ამიტომ აუცილებელია პროცესის მართვაში ჩაერთოს პედიატრი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი და სტომატოლოგი.
- როგორ დავეხმაროთ პატარას ამ მტკივნეული პროცესის დროს?
- კბილების ამოჭრის პროცესი ინდივიდუალურად მიმდინარეობს, ზოგისთვის საერთოდ უმტკივნეულოდ, ზოგისთვის პირიქით. შესაძლოა, თან ახლდეს სუბფებრილური ტემპერატურა, ამ დროს ბავშვს შეგვიძლია გაღიზიანებულ ღრძილებზე წავუსვათ სპეციალური გელი, რომელსაც აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ადგილობრივად ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ტემპერატურის დროს სიცხის დამწევი საშუალებები. ამოჭრის პროცესში ძალიან კარგია, ბავშვს ჰქონდეს ღრძილების მასაჟორი, იგი ხელს უწყობს პროცესის დადებით მიმდინარეობას.
- ზოგადად, სარძევე კბილების მნიშვნელობაზეც რომ ვისაუბროთ და შესაძლოა თუ არა, ამან გამოიწვიოს რაიმე სახის გართულება?
- სარძევე კბილები ძალიან მნიშვნელოვანია პატარებისთვის, მათი მეშვეობით ხორციელდება სრულფასოვანი კბეჩა, ღეჭვა, ასევე მეტყველება. გარდა ამისა, სარძევე კბილების ერთ-ერთი დანიშნულებაა მუდმივი კბილებისთვის ადგილის შენარჩუნება, ამიტომ საყურადღებოა სარძევე კბილების მოვლა, რადგან მათი ნაადრევი დაკარგვა იწვევს სამომავლოდ ბევრ პრობლემას, როგორებიცაა: თანკბილვის დარღვევები, კბილთა რკალში მუდმივი კბილებისთვის არასაკმარისი ადგილი, რაც იწვევს მუდმივ კბილთა მჭიდრო დგომას. შესაძლოა, საერთოდ ვერ ამოიჭრას მუდმივი კბილი ადგილის უქონლობის გამო. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ სარძევე კბილების ანატომიური თავისებურების გამო ინფექცია სწრაფად ვრცელდება ყბის ძვალზე და მუდმივი კბილის ჩანასახზე, მისი დაზიანება ან კვდომა შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ აუცილებელია ბავშვთა ასაკში სარძევე კბილების სრულფასოვანი მოვლა და სტომატოლოგთან ვიზიტი.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის ბალიში - ექიმი ორთოდონტის რეკომენდაციები
დღეს კვირაა და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ორთოდონტის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ექიმი ორთოდონტი ლელა შამათავა საუბრობს, როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის ბალიში.
ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ძილი ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვისთვის. ძილის დროს თავის არასწორი მდებარეობა იწვევს თავ-კისრის კუნთების გადაძაბვას, რაც უარყოფითად აისახება ქალის ძვლების განვითარებაზე.
გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას:
2 წლამდე ბავშვისთვის არ არის სასურველი ბალიშის გამოყენება
ძილის დროს ხშირად უცვალეთ ბავშვს გვერდი
თუ ბავშვს ქვედა ყბა წინ აქვს წამოწეული ზედა ყბასთან შედარებით, გირჩევთ დაბალ ბალიშს
თუ ზედა ყბა უფრო გხვდებათ თვალში წინ, მაშინ მაღალი ბალიში შეარჩიეთ.