Baby Bag

,,ჭარბთმიანობის უკან შესაძლებელია იმალებოდეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები''

,,ჭარბთმიანობის უკან შესაძლებელია იმალებოდეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები''

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.geტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ჰირსუტიზმზე, ანუ ჭარბთმიანობაზე ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

ჰირსუტიზმი (ჭარბთმიანობა) არის მდგომარეობა, როდესაც ქალებში ხდება მამაკაცური ტიპით ჭარბი თმის ზრდა: 
  • სახეზე 
  • მკერდზე
  • მუცლის ზედა ნაწილზე
  • ზურგზე
უმეტესობას მიაჩნია, რომ ჭარბთმიანობა არის მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჭარბთმიანობის უკან შესაძლებელია იმალებოდეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. 

ჰირსუტიზმის (ჭარბთმიანობა) გამომწვევი მიზეზები შესაძლებელია გამოიყურებოდეს შემდეგნაირად:

  • პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი. ეს მდგომარეობა, ხშირად სქესობრივი მომწიფების დროს იწყება, იწვევს სასქესო ჰორმონების დისბალანსს, ინსულინის მიმართ რეზიზტენტობას. ამ სინდრომმა შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი თმის ზრდა, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, სიმსუქნე, უნაყოფობა და ზოგჯერ მრავლობითი კისტა საკვერცხეებზე.
  • კუშინგის სინდრომი - თირკმელზედა ჯირკვლის დაავადება , როდესაც ხდება ჰორმონ კორტიზოლის დიდ რაოდენობით წარმოქმნა ან შესაძლებელია გამოიწვიოს ისეთი მედიკამენტის ხანგრძლივად მიღებამ როგორიცაა პრედნიზოლონი.
  • თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია (გადიდება). ეს მემკვიდრეობითი მდგომარეობა ხასიათდება თირკმელზედა ჯირკვლების მიერ სტეროიდული ჰორმონების, მათ შორის კორტიზოლისა და ანდროგენების (მამაკაცური ჰორმონები) პათოლოგიურად ჭარბი ოდენობით წარმოქმნით.
  • სიმსუქნე - ჭარბი წონის დროს შესაძლებელია მოხდეს სასქესო ჰორმონებს შორის დისბალანსი.
  • სიმსივნეები - იშვიათად, საკვერცხეებში ან თირკმელზედა ჯირკვლებში ანდროგენწარმომქმნელმა (მამაკაცების ჰორმონი) სიმსივნემ შეიძლება გამოიწვიოს ჰირსუტიზმი (ჭარბთმიანობა)
  • მედიკამენტები - ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ჭარბთმიანობა.

ხშირად ჰირსუტიზმის გამომწვევი მიზეზის გამოვლენა ვერ ხდება.

ყველაზე ხშირი ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ჭარბთმიანობის განვითარების ალბათობაზე გამოიყურება შემდეგნაირად:

1. გენეტიკური წინასწარგანწყობა 
2. რასა - მეტად ვითარდება აზიურ რასაში 
3. სიმსუქნე

ჭარბთმიანობის დროს რეკომენდებულია გამოირიცხოს ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები, განსაკუთრებით კი ისეთ დროს, როცა ადამიანები მიმართავენ ლაზერული ეპილაციის სხვადასხვა სახეობებს, მაგრამ უშედეგოდ. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ კოსმეტოლოგიური პრობლემა და შესაძლებელია მის უკან იმალებოდეს სერიოზული ჰორმონალური დისბალანსი.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფ​ი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ შევარჩიოთ ზეთი?

როგორ შევარჩიოთ ზეთი?
ზეთის შერჩევისას პირველი და უნივერსალური სახელმძღვანელო გახლავთ ზეთის რაფინირებულობა. ანუ თუ ზეთი რაფინირებულია, ყველა შემთხვევაში არაჯანსაღი და არარეკომენდებულია. ზეთის არაჯანსაღობა მათში შემავალი ცხიმოვანი მჟავების ბალანსით ფასდება. არ აქვს მნიშვნელობა, რისი ზეთია, ქოქოსის, ავოკადოსი თუ მზესუმზირის, რაფინირება არაჯანსაღ თანაფარდობას ქმნის და როცა ასეთი ზეთი ორგანიზმში ხვდება, ანთებისწარმომქმნელ უნარს იძებს და ანთებების კერებს აჩენს ორგანიზმში.

რაფინირების მეთოდი ზეთს ხდის ტემპერატურის მიმართ მდგრადს და სწორედ ამიტომ, რაფინირებული ზეთი გამოიყენება შესაწვავად. კი, ნამდვილად არ იწვება მაღალ ტემპერატურაზე, თუმცა, არაჯანსაღია ჩვენი ორგანიზმისთვის.
მაშინ როგორ მოვიქცეთ?
გამოიყენეთ ისეთი არარაფინირებული ზეთები, რომელთაც ბუნებრივადაც მაღალი წვის ტემპერატურა აქვს. ასეთია: ავოკადოს ზეთი და ქოქოსის ზეთი. ხოლო ცხოველური ცხიმებიდან, ერბო გახლავთ უნიკალური შესაწვავად რეკომენდირებული ცხიმი.
ალტერნატიულად, მოამზადეთ უცხომოდ ესა თუ ის კერძი, და სულ ბოლოს დაუმატეთ ცოტა კარაქი ან ნებისმიერი არარაფინირებულ ზეთი.
რაც შეეხება ე.წ. სალათების ზეთებს, როგორც წესი, ასეთი ზეთები არარაფინირებულია და მათი დაბალი წვის ტემპერატურის გამო, მხოლოდ ცივი კერძებისთვის გვირჩევენ ხოლმე და ასეცაა.

ანუ, შესაწვავად გამოსაყენებელ რეკომენდირებული ცხიმები: ერბო, ავოკადოს ზეთი და ქოქოსის ზეთი. ხოლო თუ უცხიმოდ შევწვავთ და სულ ბოლოს დავუმატებთ ცხიმს, შესაძლოა ეს ცხიმი იყოს: კარაქი, ზეითუნის არარაფინირებული ზეთი ან ნებისმიერი არარაფინირებული ცხიმი.
წყარო: ​Epicalorie
წაიკითხეთ სრულად