Baby Bag

„სწორად მომზადებული 100 გრ. საქონლის ხორცი შეიცავს ყველაზე მეტ რკინას“ - ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე

„სწორად მომზადებული 100 გრ. საქონლის ხორცი შეიცავს ყველაზე მეტ რკინას“ - ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე

რომელი საკვები მივიღოთ, რომ არ განვითარდეს ანემია? -  ამ თემაზე ექიმმა, ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ ისაუბრა.

„ანემია არსებობს ძალიან ბევრნაირი. შესაბამისად, იმისდა მიხედვით, რა ფორმის ანემი გვაქვს, შესაძლებელია, ვიმსჯელოთ, რა ტიპის პროდუქტით შეიძლება ეს უზრუნველვყოთ. ანემია ძირითადად საკვებით შეიძლება გარკვეულწილად დავაბალანსოთ, თუ ის მხოლოდ და მხოლოდ ვიტამინების დეფიციტს უკავშირდება. ეს არის მხოლოდ ფოლიუმის, B12-ის და რკინადეფიციტური ანემია. 

სწორად მომზადებული საკვები და სწორად შერჩეული კვების რაციონი ექიმს საშუალებას აძლევს, მართოს პაციენტი მედიკამენტებთან ერთად. ამოვიცანით, დავარქვით სახელი, რომ ეს არის რკინადეფიციტური ანემია, ვიწყებთ მკურნალობას, ვნიშნავთ მედიკამენტს. მედიკამენტმა უნდა შეასრულოს არამხოლოდ მისი დაგროვების ფუნქცია, არამედ უნდა მიიღოს იმ მეტაბოლიზმში მონაწილეობა, რასაც ჩვენ ყოველდღე ვახორციელებთ. შესაბამისად, წამლის დოზა, რომელსაც ვიღებთ და რაც მისი ზღვრული ნიშნულია, შეიძლება არ იყოს საკმარისი, რომ ჩვენ გავიკეთოთ მისი მარაგი. ამიტომ მე და ჩემი კოლეგები ყოველთვის ვთხოვთ პაციენტებს, მედიკამენტების პარალელურად მიიღეთ საკვები, რომელიც თქვენ გამოგადგებათ, რომელიც მოგეხმარებათ, რომ ორანიზმში რკინა მოხვდეს არამხოლოდ წამლის მიერ, არამედ ბუნებრივად. 

რკინა არის პრაქტიკულად ყველაფერში, მაგრამ სათანადო რაოდენობით, ყველაზე მეტი, მცირე ზომის ულუფაში, მაგალითად, 100 გრ. სწორად მომზადებული საქონლის ხორცი შეიცავს ყველაზე მეტ რკინას, ვიდრე ნებისმიერი სხვა პროდუქტი. მაგალითად, თუ შევადარებთ ჭარხალს და 100 გრ. საქონლის ხორცს, 100 გრ. საქონლის ხორცი შეიცავს იმდენ რკინას, რამდენსაც შეიცავს, დაუშვათ, 1 კგ. ჭარხალი. დამერწმუნებით, რომ 1 კგ. ჭარხლის მიღება არც თუ ისე ადვილია დღის განმავლობაში. გამოჩნდებიან ისეთები, ვინც გვეტყვიან, რომ დალიეთ ჭარხალი და ნებისმიერი სხვა ბოსტნეული წვენის სახით. არ არის ეს შესაძლებელი და ამასაც აქვს მარტივი ახსნა. ანემია ეს არის პროცესი, რომლის დროსაც, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვეწყება სიფერმკრთალე, ქოშინი, თავბრუსხვევა, გვაქვს მძიმე კლინიკური ჩივილები, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენს ორგანიზმში ზიანდება ბევრი ორგანო და ორგანოთა სისტემა. პირველ რიგში ზიანდება ლორწოვანი გარსები. ისინი გაშიშვლებულია და როდესაც ჩვენ ამ დაზიანებულ ლორწოვან გარსზე ახლადგამოწურულ მჟავე წვენებს ვსვამთ, ამ დაზიანებას კიდევ უფრო მეტად ვაღრმავეთ და ვკრავთ ძალიან მანკიერ წრეს. გვაქვს ანემია - დაზიანდა ლორწოვანი, უფრო მეტად დავაზიანეთ ლორწოვანი - გავაღრმავეთ ანემია,“ - განაცხადა ნინო შარაშენიძემ.

ექიმმა ხორცის სწორად მომზადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუკი გვინდა, ხორცმა შეინარჩუნოს კვებითი ღირებულება, მაშინ ცხელ წყალში უნდა მოვათავსოთ:

„ხორცი უნდა დამუშავდეს თერმულად სწორად - არ უნდა გადაიხარშოს, არ უნდა გადაიწვას. თუ ჩვენ ვხარშავთ ხორცს, სჯობია, რომ ის აუცილებლად მოვათავსოთ ადუღებულ წყალში. მოგეხსნებათ, თუ გინდა, რომ ნახარში იყოს გაჯერებული, მაშინ სჯობია, რომ ცივ წყალში ჩავდოთ ხორცი, რომ გამოირეცხოს მისი შემადგენელი ნაწილი, მაგრამ თუკი გვინდა, რომ თვითონ ხორცმა შეინარჩუნოს კვებითი ღირებულება, მაშინ ცხელ წყალში უნდა ჩავდოთ“, - აღნიშნა ექიმმა.

ნინო შარაშენიძემ ღვიძლის მიღებაზეც გაამხვილა ყურადღება. მისი თქმით, მართალია, ღვიძლია უამრავ რკინას შეიცავს, თუმცა მისი თერმულად დამუშავების დროს, რკინა ადვილად იშლება:

„ღვიძლი, რა თქმა უნდა, უამრავ რკინას შეიცავს, უბრალოდ მისი თერმულად დამუშავების დროს, რკინა ადვილად იშლება. ღვიძლია უნდა იყოს პრაქტიკულად უმი, უნდა დადო, გადააბრუნო 2-2 წამი. ასე მომზადებული ღვიძლის მიღება არ არის სწორი ინფექციების კონტროლის თვალსაზრისით. უმი ღვიძლის მიღება ბევრ სხვა პრობლემასთან არის დაკავშირებული,“ - განაცხადა ნინო შარაშენიძემ.

მან სტაფილოსთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ფაქტზე ისაუბრა: 

„სტაფილო შეიცავს ძალიან ბევრ უჯრედისს, რომელიც კარგი მოსანელებელია, შეიცავს C და A ვიტამინებს. თუმცა ერთი საინტერესო ფაქტია, თერმულად დამუშავებული, ანუ მოთუშული სტაფილო გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვიდრე უმი, რადგან აქტიურდება ნივთიერებები. აქაც აუცილებელია სწორად მომზადება. რატომ არის ჩინური სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელ სამზარეულოდ აღიარებული? ყველაფერი მაღალ ცეცხლზე ითუშება უცბად, რომ მხოლოდ გააქტიურდეს ვიტამინები და გახდეს ადვილად შესათვისებელი  ჩვენი ორგანიზმისთვის და არ გადაიხარშოს,“ - აღნიშნა ექიმმა, ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ.

წყარო: ​„თქვენი კლინიკა“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დე​დების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

რა იწვევს გახანგრძლივებულ რინიტს ბავშვებში? - იმუნოლოგ-ალერგოლოგი მარიკა ვაჩნაძე

იმუნოლოგ-ალერგოლოგმა მარიკა ვაჩნაძემ ბავშვებში გახანგრძლივებული რინიტის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„კოვიდის გადატანის შემდეგ ბავშვებს აქვთ გახანგრძლივებული რინიტი. კლინიკაში მოდიან ბავშვები და მშობლის ჩივილი არის, რომ აქვს გაუთავებელი რინიტი და თან ახლავს წამოხველებები. აქ ცხვირის უკან გადადენის სიმპტომი არის ხოლმე. როგორც წესი, ეს მკურნალობას ექვემდებარება. ცხვირიდან გამონადენი და ცხვირის გაჭედვა ახასიათებს ალერგიულ რინიტსაც. ამასაც უნდა მიაქციოს ხოლმე მშობელმა ყურადღება. შეიძლება იყოს გახანგრძლივებული რინიტი, ამას თან ახლდეს უკვე გაჭედვა და ცხვირის ქავილი, მაგრამ შეიძლება იყოს იზოლირებულად ან რინიტი, ან გაჭედვა. ამ დროს არის ხოლმე ცოტა გაუგებრობა. ვერ ხვდებიან მიზეზს. ამის მიზეზი ისევ ალერგიული პროცესია.

შვიდ წლამდე ასაკში ხშირად არის გართულებები, ძილის დარღვევა, პირღია ძილი, რასაც ხანგრძლივი პროცესის შემთხვევაში, პირის ღრუში ხახის ფორმირება შეიძლება შეიცვალოს, ორთოდონტული პრობლემები შეიძლება გაჩნდეს, არის ლიმფური ჯირკვლების გადიდება, პირის ღრუს გარემო ირღვევა. აქ ძალიან ფაქიზი გარემოა. არის ტუტე გარემო, ლორწოვანის ამომფენი ეპითელიუმი და ამ მხრივ ყურადღება არის მისაქცევი. ადენოიდიც, ტონზილიბც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანდაყოლილ იმუნიტეტში. ამას განსაკუთრებით მიაქციეს ყურადღება კოვიდის შემდეგ.

თანდაყოლილი იმუნიტეტი ძალიან დიდ როლს თამაშობს ორგანიზმის დაცვაში. ის პირველი ბარიერია. გარდა ამისა, წინ წამოიწია ლორწოვანის მნიშვნელობამ სასუნთქ სისტემასა და საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ლიმფური ჯირკვლები და ლიმფური სადინრები ლიმფურ ორგანოებს მიეკუთვნება და მათი მნიშვნელობის დაკნინება არ შეიძლება. ტონზილი და ადენოიდიც არის პირველადი ბარიერი, რომელიც იცავს სასუნთქ სისტემას შეჭრილი ალერგენისგან თუ მიკროორგანიზმისგან,“- მოცემულ საკითხზე მარიკა ვაჩნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად