როგორ მივაჩვიოთ უჭმელი ბავშვი ჭამას ძალდატანების გარეშე და რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული უმადობა? - აღნიშნულ თემებზე Momsedu.ge-ს ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე ესაუბრა.
„საკვები არის სიყვარულისა და მზრუნველობის ერთ-ერთი უძველესი გამოვლინება სამყაროში, სადაც ჩვილი იკვებება დედის ძუძუთი, მათ შორის წარმოქმნილი ურთიერთობა, სცილდება მარტივ კვებით მოთხოვნილებებს. დედა–შვილს შორის წარმოიქმნება ნდობა, სითბო, მგრძნობიარე და ემოციური კავშირი. ძუძუთი კვების დროს, შიმშილთან ერთად იხსნება წარმოქმნილი დაძაბულობა. საკვები, შიმშილის გრძნობის და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან ერთად, ჩვილს სიამოვნებასაც ანიჭებს. პირველ პერიოდში წარმოქმნილი კვებითი და ემოციური ურთიერთობები, დროთა განმავლობაში, სხვადასხვა სახით გამოვლინდება,“ - აღნიშნა ექიმმა ნანა საპანაძემ.
- ქალბატონო ნანა, რომ განვმარტოთ რა იწვევს უმადობას?
- ბავშვი უარს ამბობს საკვებზე, როდესაც იგი დაკავებულია - თამაშობს, უყურებს მულტფილმს, ახალი გაღვიძებულია და ვერ მოასწრო მოშიება, ძალიან აღგზნებულია იმისთვის, რო დაჯდეს და მშვიდად მიიღოს საკვები.
როდესაც კვებათაშორისი წახემსება არარაციოლნალურია, ბავშვი ამ დროს ჯანსაღი წასახემსებელი პროდუქტების (ხილი, ბოსტნეული) ნაცვლად ღებულობს რთულად მოსანელებელ და ზედმეტად კალორიულ საკვებს, (ნამცხვარი, შოკოლადი, სწრაფი კვების პროდუქტები).
ბავშვს შერჩევითი მადა აქვს. განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ წელს. ეს ძირითადად ასახავს გარკვეულ პროდუქტებზე ორგანიზმის მოთხოვნილებას, მაგალითად 6–დან 10 თვემდე ზოგი ბავშვი უარს ამბობს ბოსტნეულის კერძებზე და უკეთესად მიირთმევს ტკბილ ფაფებს, რძის პროდუქტებს. ამ პერიოდში ეს ნორმალურია, თუმცა შემდგომ პერიოდში შერჩევითი მადა შეიძლება უკვე ჩამოყალიბებული ჩვევის შედეგი იყოს და რაც უფრო მეტად შევუწყობთ ხელს, მით უფრო გაღრმავდება ეს ჩვევა. მაგალითად, პატარას დედა სთავაზობს წვნიანს, ის კი ჯიუტად ითხოვს შემწვარ კარტოფილს. თუ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ბავშვი ტირილის, ჩხუბის შედეგად მიიღებს შემწვარ კარტოფილს, შემდეგში აღარასოდეს არ შეჭამს წვნიანს და ყოველთვის ეცდება მისთვის ხელმისაწვდომად „დაშანტაჟების“ გზით (ამას არ შევჭამ, თუ იმას არ მაჭმევთ, არაფერი არ მინდა) გულაჩუყებული დედებისა და ბებიებისგან მიიღოს ის, რაც მას სურს.
ბავშვი არ იღებს საკვებს იმიტომ, რომ არასათანადოდ ხარჯავს ენერგიას, თბილად აცვია, ან ზედმეტად თბილ შენობაშია ან ზრდის ჰორმონის სეკრეცია აქტიურ სტადიაში არ არის და სიმაღლის მატება შეჩერებულია.
ზოგჯერ ბავშვს უბრალოდ არ მოსწონს საჭმლის იერსახე (ცნობილია, რომ რაც უფრო ლამაზად გამოიყურება კერძი, მით უფრო მიმზიდველია). მისთვის ზედმეტად მარილიანია, ცხარე ან ცხიმიანია, უბრალოდ ზედმეტად ცხელი ან ცივია. ბავშვებს ერთფეროვანი კვებაც მალე ბეზრდებათ, ზოგიერთ მათგანს კი აქვს ნეოფობია – ახალი, უცნობი საკვების გასინჯვის შიში. (როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ახალი საკვების გასინჯვა არ სურს?)
უმადობის მიზეზად შესაძლოა იქცეს სტრესი – ოჯახის წევრის დაკარგვა, საყვარელი ცხოველის სიკვდილი, შიში. მშობლები ხშირად მეტისმეტად ბევრს ელიან შვილისგან; ბავშვს ეშინია, იმედი არ გაუცრუოს საყვარელ ადამიანებს.
- როგორ უნდა მოიქცეს მოცემულ სიტუაციაში მშობელი?
- ორგანიზმი ჯანსაღი საკვების მცირე ულუფასაც კი სრულფასოვნად ითვისებს. ნუ შეავსებთ თეფშს ,,ნორმირებული” საკვებით. მოთხოვნილება საკვებზე ინდივიდუალურია, ისევე როგორც ძილი. თუ ბავშვი ენერგიულია, ხალისიანი, კარგად სძინავს, წონაში არ იკლებს, სიგრძეში მატულობს, მისთვის მიღებული საკვების ულუფა, რაოდენ მცირედაც არ უნდა მოგეჩვენოთ თქვენი გადასახედიდან, სავსებით საკმარისია.
ნუ შექმნით ოჯახში დაძაბულ სიტუაციას ბავშვის უმადობის გამო.
არ კვებოთ ბავშვი ძალით, ეს უარყოფით ემოციასა და შესაბამისად, მადის დაქვეითებას იწვევს. არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ, დაძლიოთ ბავშვის წინააღმდეგობა სადამსჯელო სანქციებით - დამუქრების საშუალებით. ჭამის დროს ბავშვი მოარიდეთ უარყოფით ემოციებს, არაფერზე უსაყვედუროთ, არ ეჩხუბოთ.
ნუ დაპირდებით ბავშვს რაიმე საჩუქარს, თუ ის ულუფას ბოლომდე შეჭამს.
ნუ გადააქცევთ კვების პროცესს თამაშად (მაგ. კოვზი მანქანაა, პირი ავტოსადგომი, ან რაიმე მსგავსი შედარება). არ გაართოთ ბავშვი, არ არის მართებული. მშობლები ამ მიზეზების გამო - „ჭამს ძალიან ცუდად“, „თუ არ გაართე, არ შეჭამს“, თავიანთ პატარებს კვების პროცესში ან ტელევიზორთან სვამენ, ან მობილურ ტელეფონში ურთავენ ნახატ ფილმებს და ასე აჭმევენ. ეს ძალიან გავრცელებული, თითქოს და უწყინარი პრაქტიკა, საბოლოო ჯამში კვებითი არეულობების ერთ-ერთ ფორმას, შეუმჩნეველ კვებას უყრის საფუძველს. ასეთი სახით კვების დროს ბავშვი ჭამის პროცესში დაკავებულია სხვა რამით. ამ სიტუაციაში კი მიღებული საჭმლის რაოდენობა ხდება შეუმჩნეველი და შემდგომში ტელევიზორის ყურებისას, ან რაიმე საქმიანობისას შესაძლებელია ბავშვს, მოზარდს, გაუჩნდეს სურვილი მიიღოს რაიმე საკვები. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენს ან რას შეჭამს, მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად რაიმე გარკვეული საქმიანობის დროს ჩნდება კვების სურვილი, ეს კი კვებისკენ მიდრეკილებას იწვევს და საბოლოოდ, ეს პროცესი სრულდება წონის მომატებით.
უპირველეს ყოვლისა, უნდა გადახედოთ ბავშვის კვების რეჟიმს. რამდენად ხშირად იღებს იგი კვებათა შორის „სასუსნავებს“ - ორცხობილების, შოკოლადის სახით, ცომეული ე.წ. მარილიანი ჩხირები, კრეკერები, თხილი, მიწის თხილი. ეს თითქოს უწყინარი ჩვევა ამცირებს კუჭის წვენის სეკრეციას და ხელს უწყობს უმადობას.
ხანგრძლივი სეირნობისა და მოძრავი, ხმაურიანი თამაშის შემდეგ ჭამამდე მიზანშეწონილია მცირე პაუზა, დაასვენეთ ბავშვი ცოტა ხანს და შემდეგ შეუდექით კვებას.
ეცადეთ, კერძი მიმზიდველად გამოიყურებოდეს.
კვების რეჟიმი ისე შეადგინეთ, რომ ბავშვს მაშინ უწევდეს ჭამა, როცა მშიერია. წაახალისეთ, როცა არჩევანს ჯანსაღ საკვებზე შეაჩერებს.
მიეცით ბავშვს დამოუკიდებლად ჭამისსაშუალება. 1 წლის ასაკიდან ბავშვები ცდილობენ თავად დაიჭირონ კოვზი და ჭიქა და ჭამონ დამოუკიდებლად. ამ ჩვევას წახალისება სჭირდება, ზოგიერთი დედა თვლის, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში ბავშვი დარჩება მშიერი. ასე ნამდვილად არ იქნება, თუ თქვენ სწორად გააკონტროლებთ ჭამის პროცესს, ანუ როდესაც თქვენ აჭმევთ და პატარა იჩენს სურვილს იკვებოს დამოუკიდებლად, მასაც მიეცით კოვზი, დაე, მანაც ჭამოს და ასე, ერთობლივი ძალებით, ყოველგვარი სხვა გართობისა და ყურადღების გაფანტვის გარეშე თქვენ გაუმკლავდებით კვების პროცესს. თავდაპირველად პატარა შეიძლება მოითხუპნოს, კვების პროცესი დროში გაიწელოს, მაგრამ თუ ამ პერიოდში მოთმინება გვეყოფა, პატარა ისწავლის დამოუკიდებლად კვებას, ამ პროცესში მისი ყურადღება მიმართული იქნება უშუალოდ კვების პროცესისკენ და არა დამატებითი გართობისკენ. გახსოვდეთ, ყველა ბავშვს დაბადებიდან დაჰყვება მადა, რომელიც მისი განვითარებისთვის სრულიად საკმარისია. ნუ იდარდებთ, რომ თუ თქვენს ბავშვს უფრო ნაკლები ლოყები აქვს, ვიდრე მეზობლისას, მთავარია, ის ასაკობრივი ნორმის ფარგლებში იმატებდეს. ისიც ბუნებრივია, რომ ხანდახან ბავშვები მადას კარგავენ.
- როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
- უმადობის ეპიზოდები, როგორც წესი, არ არის საშიში, ოღონდ თუ უმადობა გახანგრძლივდა ან წონის კლება დაერთო, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს.
როდესაც უმადობის მიზეზი პათოლოგიური პროცესია, მაგალითად, მწვავე ინფექციები (ვირუსული, ბაქტერიული), ჰელმინთოზი, ანემია, მაგალითად, ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგია. ცენტრალური ნერვული სისტემა შიმშილისა და დანაყრების შეგრძნებათა მთავარი მარეგულირებელია, მონაწილეობს გასტრონომიული გემოვნების ჩამოყალიბებაში, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას, მონელებისთვის საჭირო ნივთიერებების გამოყოფას. როცა მისი ფუნქცია დარღვეულია, ბავშვი მადას კარგავს. უმადობას ასევე იწვევს ჰელმინთოზი, ანემია, ყაბზობა, ენდოკრინული და ნევროლოგიური დაავადებები. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია სპეციალისტის ჩარევა, რათა უმადობის ობიექტური მიზეზი აღმოიფხრას.
თუ პათოლოგია გამორიცხულია, მაგრამ ბავშვს, მიუხედავად მცდელობისა, მადა ვერ დავუბრუნეთ, შეგვიძლია, მადის სტიმულატორები გამოვიყენოთ. ასეთი პრეპარატები ურეცეპტოდ გაიცემა, მაგრამ თვითნებურად მაინც ნუ მისცემთ ბავშვს, უმჯობესია, მედიკამენტები ექიმთან შეთანხმებით მისცეთ.
„ბავშვისთვის კითხვის სწავლება არის სკოლის საქმე, მშობლებმა ბავშვს ინფორმაცია და უნარები ძალით არ უნდა ჩატენონ,“ - ფსიქოლოგი ცირა ბარქაია
ფსიქოლოგი ცირა ბარქაია გადაცემაში „იმედის დღე“ ბავშვის სასკოლო მზაობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყველაზე მთავარი მოსწავლის ინფორმირებულობის ხარისხია:
„რას ვეძახით ზოგადად მზაობას? პირველ რიგში, იმას, რომ ბავშვი თავს კარგად გრძნობს სკოლაში, მას აქვს გარკვეული ინფორმაცია ამ დაწესებულების შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ თავის დროზე მას მშობლებმა ინფორმაციით შეუწყვეს ხელი, გააგებინეს, რა დახვდება სკოლაში.“
ცირა ბარქაიას თქმით, სასწავლო მზაობა წერა-კითხვის ცოდნას არ გულისხმობს:
„ხშირად, როდესაც სასკოლო უნარებზეა საუბარი, აღვიქვამთ, რომ კითხვა უნდა იცოდეს ბავშვმა, წერა უნდა იცოდეს, ასოების ცნობა უნდა შეეძლოს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ბავშვისთვის კითხვის სწავლება არის სკოლის საქმე. როდესაც ასაკის შესაბამის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ, რომ ბავშვი როდესაც სკოლაში შევა, მაშინ უნდა ისწავლოს კითხვა. მაშინ არის ის მზად, რომ დაეუფლოს წერა-კითხვას.“
ცირა ბარქაია აღნიშნავს, რომ მშობელმა ბავშვს კითხვა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ასწავლოს, თუ ამას ბავშვი თავად ითხოვს:
„თუ ბავშვი გამოხატავს მზაობას და ინტერესს სწავლის მიმართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მზად არის კონკრეტული ინფორმაციის ასათვისებლად. თუ ბავშვი ამბობს, რომ კითხვა, ხატვა ან ხაზვა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ამის გაკეთება შეუძლია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობლებმა ბავშვს ძალით ჩატენონ ინფორმაცია და უნარები. „უნდა ისწავლო კითხვა, უნდა ისწავლო წერა,“ მსგავსი ფრაზები საჭირო არ არის.“
ცირა ბარქაია აღნიშნავს, რომ მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე მასწავლებელმა უნდა იზრუნოს:
„სკოლაში მოსწავლეები ბევრი რამით განსხვავდებიან, მაგ. ვის როგორი მობილური უჭირავს, ვის რა რესურსები აქვს, ვის წიგნი აქვს, ვის რვეული. ბავშვებს კომპლექსები რომ არ გაუჩნდეთ, ეს პროცესი აუცილებლად მასწავლებელმა უნდა დაარეგულიროს. ინკლუზიურობა მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ჩართულობას ხომ არ გულისხმობს, ინკლუზიურობა ნიშნავს, რომ ყველა ბავშვს ინდივიდუალური შესაძლებლობები აქვს და მასწავლებელმა ეს ყველაფერი უნდა დაარეგულიროს. როდესაც ვიღაცამ იცის კითხვა, ვიღაცამ არ იცის, თანატოლებმა ერთმანეთს არ უნდა დასცინონ. რა თქმა უნდა, პროცესში მშობლის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვს სჭირდება მშობლის დახმარება რუტინის აწყობაში, როგორ იმეცადინოს, როგორი რუტინა უნდა ჰქონდეს, როგორ განეწყოს სამეცადინოდ. თავიდან, ცხადია, მას მშობელი უნდა დაეხმაროს. ეს არ უნდა მოხდეს იმის მერე, რაც ბავშვი სკოლაში სიარულს დაიწყებს. რუტინის აწყობა იწყება მანამდე. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაც ამ მხრივ ძალიან დიდ როლს ასრულებს. საჭიროა, რომ ბავშვი გარკვეულ დღის წესრიგს გადიოდეს.“
„პანდემიის მოცემულობაში ვითარება სწრაფად იცვლება. ამ სპონტანურ გარემოს ზრდასრულები ვერ ვეწევით. ძალიან რთულია, რომ ბავშვი გამოყვეს ჩვენს დაბნეულობას. ამ ეტაპზე სიტუაციურად მშობელი უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული ბავშვთან მუშაობაში. მნიშვნელოვანია, რა მხარდაჭერას სთავაზობს სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებს და შემდგომ დაწესებულებები რა მხარდაჭერას სთავაზობენ მშობლებს. დამატებითი მხარდაჭერის სერვისები, ცხადია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია,“ - აცხადებს ცირა ბარქაია.