როგორ მივაჩვიოთ უჭმელი ბავშვი ჭამას ძალდატანების გარეშე და რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული უმადობა? - აღნიშნულ თემებზე Momsedu.ge-ს ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე ესაუბრა.
„საკვები არის სიყვარულისა და მზრუნველობის ერთ-ერთი უძველესი გამოვლინება სამყაროში, სადაც ჩვილი იკვებება დედის ძუძუთი, მათ შორის წარმოქმნილი ურთიერთობა, სცილდება მარტივ კვებით მოთხოვნილებებს. დედა–შვილს შორის წარმოიქმნება ნდობა, სითბო, მგრძნობიარე და ემოციური კავშირი. ძუძუთი კვების დროს, შიმშილთან ერთად იხსნება წარმოქმნილი დაძაბულობა. საკვები, შიმშილის გრძნობის და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან ერთად, ჩვილს სიამოვნებასაც ანიჭებს. პირველ პერიოდში წარმოქმნილი კვებითი და ემოციური ურთიერთობები, დროთა განმავლობაში, სხვადასხვა სახით გამოვლინდება,“ - აღნიშნა ექიმმა ნანა საპანაძემ.
- ქალბატონო ნანა, რომ განვმარტოთ რა იწვევს უმადობას?
- ბავშვი უარს ამბობს საკვებზე, როდესაც იგი დაკავებულია - თამაშობს, უყურებს მულტფილმს, ახალი გაღვიძებულია და ვერ მოასწრო მოშიება, ძალიან აღგზნებულია იმისთვის, რო დაჯდეს და მშვიდად მიიღოს საკვები.
როდესაც კვებათაშორისი წახემსება არარაციოლნალურია, ბავშვი ამ დროს ჯანსაღი წასახემსებელი პროდუქტების (ხილი, ბოსტნეული) ნაცვლად ღებულობს რთულად მოსანელებელ და ზედმეტად კალორიულ საკვებს, (ნამცხვარი, შოკოლადი, სწრაფი კვების პროდუქტები).
ბავშვს შერჩევითი მადა აქვს. განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ წელს. ეს ძირითადად ასახავს გარკვეულ პროდუქტებზე ორგანიზმის მოთხოვნილებას, მაგალითად 6–დან 10 თვემდე ზოგი ბავშვი უარს ამბობს ბოსტნეულის კერძებზე და უკეთესად მიირთმევს ტკბილ ფაფებს, რძის პროდუქტებს. ამ პერიოდში ეს ნორმალურია, თუმცა შემდგომ პერიოდში შერჩევითი მადა შეიძლება უკვე ჩამოყალიბებული ჩვევის შედეგი იყოს და რაც უფრო მეტად შევუწყობთ ხელს, მით უფრო გაღრმავდება ეს ჩვევა. მაგალითად, პატარას დედა სთავაზობს წვნიანს, ის კი ჯიუტად ითხოვს შემწვარ კარტოფილს. თუ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ბავშვი ტირილის, ჩხუბის შედეგად მიიღებს შემწვარ კარტოფილს, შემდეგში აღარასოდეს არ შეჭამს წვნიანს და ყოველთვის ეცდება მისთვის ხელმისაწვდომად „დაშანტაჟების“ გზით (ამას არ შევჭამ, თუ იმას არ მაჭმევთ, არაფერი არ მინდა) გულაჩუყებული დედებისა და ბებიებისგან მიიღოს ის, რაც მას სურს.
ბავშვი არ იღებს საკვებს იმიტომ, რომ არასათანადოდ ხარჯავს ენერგიას, თბილად აცვია, ან ზედმეტად თბილ შენობაშია ან ზრდის ჰორმონის სეკრეცია აქტიურ სტადიაში არ არის და სიმაღლის მატება შეჩერებულია.
ზოგჯერ ბავშვს უბრალოდ არ მოსწონს საჭმლის იერსახე (ცნობილია, რომ რაც უფრო ლამაზად გამოიყურება კერძი, მით უფრო მიმზიდველია). მისთვის ზედმეტად მარილიანია, ცხარე ან ცხიმიანია, უბრალოდ ზედმეტად ცხელი ან ცივია. ბავშვებს ერთფეროვანი კვებაც მალე ბეზრდებათ, ზოგიერთ მათგანს კი აქვს ნეოფობია – ახალი, უცნობი საკვების გასინჯვის შიში. (როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ახალი საკვების გასინჯვა არ სურს?)
უმადობის მიზეზად შესაძლოა იქცეს სტრესი – ოჯახის წევრის დაკარგვა, საყვარელი ცხოველის სიკვდილი, შიში. მშობლები ხშირად მეტისმეტად ბევრს ელიან შვილისგან; ბავშვს ეშინია, იმედი არ გაუცრუოს საყვარელ ადამიანებს.
- როგორ უნდა მოიქცეს მოცემულ სიტუაციაში მშობელი?
- ორგანიზმი ჯანსაღი საკვების მცირე ულუფასაც კი სრულფასოვნად ითვისებს. ნუ შეავსებთ თეფშს ,,ნორმირებული” საკვებით. მოთხოვნილება საკვებზე ინდივიდუალურია, ისევე როგორც ძილი. თუ ბავშვი ენერგიულია, ხალისიანი, კარგად სძინავს, წონაში არ იკლებს, სიგრძეში მატულობს, მისთვის მიღებული საკვების ულუფა, რაოდენ მცირედაც არ უნდა მოგეჩვენოთ თქვენი გადასახედიდან, სავსებით საკმარისია.
ნუ შექმნით ოჯახში დაძაბულ სიტუაციას ბავშვის უმადობის გამო.
არ კვებოთ ბავშვი ძალით, ეს უარყოფით ემოციასა და შესაბამისად, მადის დაქვეითებას იწვევს. არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ, დაძლიოთ ბავშვის წინააღმდეგობა სადამსჯელო სანქციებით - დამუქრების საშუალებით. ჭამის დროს ბავშვი მოარიდეთ უარყოფით ემოციებს, არაფერზე უსაყვედუროთ, არ ეჩხუბოთ.
ნუ დაპირდებით ბავშვს რაიმე საჩუქარს, თუ ის ულუფას ბოლომდე შეჭამს.
ნუ გადააქცევთ კვების პროცესს თამაშად (მაგ. კოვზი მანქანაა, პირი ავტოსადგომი, ან რაიმე მსგავსი შედარება). არ გაართოთ ბავშვი, არ არის მართებული. მშობლები ამ მიზეზების გამო - „ჭამს ძალიან ცუდად“, „თუ არ გაართე, არ შეჭამს“, თავიანთ პატარებს კვების პროცესში ან ტელევიზორთან სვამენ, ან მობილურ ტელეფონში ურთავენ ნახატ ფილმებს და ასე აჭმევენ. ეს ძალიან გავრცელებული, თითქოს და უწყინარი პრაქტიკა, საბოლოო ჯამში კვებითი არეულობების ერთ-ერთ ფორმას, შეუმჩნეველ კვებას უყრის საფუძველს. ასეთი სახით კვების დროს ბავშვი ჭამის პროცესში დაკავებულია სხვა რამით. ამ სიტუაციაში კი მიღებული საჭმლის რაოდენობა ხდება შეუმჩნეველი და შემდგომში ტელევიზორის ყურებისას, ან რაიმე საქმიანობისას შესაძლებელია ბავშვს, მოზარდს, გაუჩნდეს სურვილი მიიღოს რაიმე საკვები. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენს ან რას შეჭამს, მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად რაიმე გარკვეული საქმიანობის დროს ჩნდება კვების სურვილი, ეს კი კვებისკენ მიდრეკილებას იწვევს და საბოლოოდ, ეს პროცესი სრულდება წონის მომატებით.
უპირველეს ყოვლისა, უნდა გადახედოთ ბავშვის კვების რეჟიმს. რამდენად ხშირად იღებს იგი კვებათა შორის „სასუსნავებს“ - ორცხობილების, შოკოლადის სახით, ცომეული ე.წ. მარილიანი ჩხირები, კრეკერები, თხილი, მიწის თხილი. ეს თითქოს უწყინარი ჩვევა ამცირებს კუჭის წვენის სეკრეციას და ხელს უწყობს უმადობას.
ხანგრძლივი სეირნობისა და მოძრავი, ხმაურიანი თამაშის შემდეგ ჭამამდე მიზანშეწონილია მცირე პაუზა, დაასვენეთ ბავშვი ცოტა ხანს და შემდეგ შეუდექით კვებას.
ეცადეთ, კერძი მიმზიდველად გამოიყურებოდეს.
კვების რეჟიმი ისე შეადგინეთ, რომ ბავშვს მაშინ უწევდეს ჭამა, როცა მშიერია. წაახალისეთ, როცა არჩევანს ჯანსაღ საკვებზე შეაჩერებს.
მიეცით ბავშვს დამოუკიდებლად ჭამისსაშუალება. 1 წლის ასაკიდან ბავშვები ცდილობენ თავად დაიჭირონ კოვზი და ჭიქა და ჭამონ დამოუკიდებლად. ამ ჩვევას წახალისება სჭირდება, ზოგიერთი დედა თვლის, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში ბავშვი დარჩება მშიერი. ასე ნამდვილად არ იქნება, თუ თქვენ სწორად გააკონტროლებთ ჭამის პროცესს, ანუ როდესაც თქვენ აჭმევთ და პატარა იჩენს სურვილს იკვებოს დამოუკიდებლად, მასაც მიეცით კოვზი, დაე, მანაც ჭამოს და ასე, ერთობლივი ძალებით, ყოველგვარი სხვა გართობისა და ყურადღების გაფანტვის გარეშე თქვენ გაუმკლავდებით კვების პროცესს. თავდაპირველად პატარა შეიძლება მოითხუპნოს, კვების პროცესი დროში გაიწელოს, მაგრამ თუ ამ პერიოდში მოთმინება გვეყოფა, პატარა ისწავლის დამოუკიდებლად კვებას, ამ პროცესში მისი ყურადღება მიმართული იქნება უშუალოდ კვების პროცესისკენ და არა დამატებითი გართობისკენ. გახსოვდეთ, ყველა ბავშვს დაბადებიდან დაჰყვება მადა, რომელიც მისი განვითარებისთვის სრულიად საკმარისია. ნუ იდარდებთ, რომ თუ თქვენს ბავშვს უფრო ნაკლები ლოყები აქვს, ვიდრე მეზობლისას, მთავარია, ის ასაკობრივი ნორმის ფარგლებში იმატებდეს. ისიც ბუნებრივია, რომ ხანდახან ბავშვები მადას კარგავენ.
- როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
- უმადობის ეპიზოდები, როგორც წესი, არ არის საშიში, ოღონდ თუ უმადობა გახანგრძლივდა ან წონის კლება დაერთო, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს.
როდესაც უმადობის მიზეზი პათოლოგიური პროცესია, მაგალითად, მწვავე ინფექციები (ვირუსული, ბაქტერიული), ჰელმინთოზი, ანემია, მაგალითად, ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგია. ცენტრალური ნერვული სისტემა შიმშილისა და დანაყრების შეგრძნებათა მთავარი მარეგულირებელია, მონაწილეობს გასტრონომიული გემოვნების ჩამოყალიბებაში, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას, მონელებისთვის საჭირო ნივთიერებების გამოყოფას. როცა მისი ფუნქცია დარღვეულია, ბავშვი მადას კარგავს. უმადობას ასევე იწვევს ჰელმინთოზი, ანემია, ყაბზობა, ენდოკრინული და ნევროლოგიური დაავადებები. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია სპეციალისტის ჩარევა, რათა უმადობის ობიექტური მიზეზი აღმოიფხრას.
თუ პათოლოგია გამორიცხულია, მაგრამ ბავშვს, მიუხედავად მცდელობისა, მადა ვერ დავუბრუნეთ, შეგვიძლია, მადის სტიმულატორები გამოვიყენოთ. ასეთი პრეპარატები ურეცეპტოდ გაიცემა, მაგრამ თვითნებურად მაინც ნუ მისცემთ ბავშვს, უმჯობესია, მედიკამენტები ექიმთან შეთანხმებით მისცეთ.
„ბავშვები უკვე ზღვარზე არიან, თუ ჩვენც მივემატეთ მათ, რა ვითარება შეიქმნება ოჯახში?! რომ არ გავგიჟდეთ, მოვნახოთ გამოსავალი,“ - შალვა ამონაშვილი
აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი პანდემიის პირობებში მშობლებსა და მასწავლებლებს ბავშვებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის საინტერესო რჩევებს აძლევს. ის აღნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში მაქსიმალური სარგებლის მიღება უნდა შევძლოთ და პესიმიზმს არ მივეცეთ:
„ეს პერიოდი მართლაც უცნაურია ჩვენთვის, მოულოდნელია. გამოცდილება არ გვაქვს ამ საქმეში და იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ვერც შევემზადეთ. ყველაფერი, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, უნდა მივიღოთ. ვეცადოთ, მოვძებნოთ ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება, რას გამოვრჩეთ მისგან. ის მოვიდა, მოვლენა უკვე მოხდა, პანდემიაში უკვე ვართ, შეზღუდულები ვართ, ერთმანეთს ისე ვეღარ ვხვდებით. გვეშინია, რომ ვირუსი არ გადაგვედოს, სხვას არ გადავდოთ, ყველაფერი ეს უკვე არსებობს. რომ ვიწუხოთ, ეს რა მოხდა, რატომ მოხდა და ვინ არის დამნაშავეო, ეს მივანდოთ იმათ, ვინც მართლა გამოიკვლევს და გვიჩვენებს მერე, ვინ იყო დამნაშავე და რატომ მოხდა ეს ასე.“
შალვა ამონაშვილის თქმით, პანდემია ურთიერთობების განმტკიცებისა და შემოქმედებითი უნარების გამოსავლენად უნდა გამოვიყენოთ:
„ჩვენ როგორ მოვიქცეთ? მგონი, უნდა გამოვცადოთ ჩვენი თავი. ამ პირობებში რა შეგვიძლია, რომ ჩვენი შემოქმედება გამოვავლინოთ, ურთიერთობა განვამტკიცოთ ოჯახში, ერთმანეთთან. ღმერთმა ეს საოცარი ტექნიკა გამოგვიგზავნა. შეგვიძლია თუ არა, რომ ეს ტექნიკა სასიკეთოდ გამოვიყენოთ?! ამ ტექნიკას შეიძლება ბოროტადაც მოვექცეთ, ბოროტი საქმეებიც განვახორციელოთ, მაგრამ შეგვიძლია სასიკეთოდაც. ერთმანეთს ვესიყვარულოთ, ვესაუბროთ, გავუგზავნოთ საუკეთესო ცნობები, საუკეთესო გაკვეთილები ვაჩუქოთ ბავშვებს. უნდა დავაგროვოთ პირველი გამოცდილება. შეიძლება ბევრი რამ შეგვეშალოს, კიდევ გვეშლება ბევრი რა ახლა, ჯერ კიდევ ვერ ავითვისეთ ყველაფერი, მაგრამ ეს უნდა გამოვიყენოთ.“
შალვა ამონაშვილი პანდემიას ადამიანობის გამოცდად მიიჩნევს და აცხადებს, რომ თავადაც ამ გამოცდას აბარებს:
„ჩვენთვის და ჩვენი ოჯახისთვის ეს პანდემია გამოცდაა. ეს არის გამოცდა ადამიანობაში, მოქალაქეობაში, ჩვენი სიყვარულის გამოცდაც არის. იმაშიც არის გამოცდა, თუ როგორ შეგვიძლია ერთმანეთს გავუძლოთ. ერთია, როდესაც ხანდახან ხვდები ადამიანს და გიხარია, მერე ისევ დაცილდები და შეხვდები. როდესაც ხანგრძლივად ვართ ერთმანეთთან, შეიძლება ჩვენი ხასიათები ყოველმხრივ არ შეეწყოს ერთმანეთს. ამრიგად ეს არის ჩვენი გამოცდა. შეგვიძლია, რომ გამოცდა ჩავაბაროთ ადამიანურობაში? მე ამ გამოცდის პერიოდში ვარ. გირჩევთ, რომ ჩემზე უკეთესად ჩააბაროთ ეს გამოცდა.“
შალვა ამონაშვილი მასწავლებლებს ურჩევს ბავშვებთან დისტანციური სწავლებისას ეფექტიანი და საინტერესო მეთოდები გამოიყენონ:
„უცნაური გაკვეთილები გამოგვდის ჯერჯერობით. ჩვენი გამოცდა აქაც ჩასაბარებელი გვაქვს. ჩაჩურჩულება, თვალებში ჩახედვა, ხელის ჩამორთმევა უძლიერესი მეთოდიკური ხერხებია. ეკრანიდან ხელს ვერ გამოიწვდი, რომ ბავშვს მოეფერო, თვალებში ისე ჩახედო, რომ იგრძნო მისი თვალები, ეს ყველაფერი გამოირიცხა. ამ მხრივ ძალიან დასუსტდა განათლების საქმე. გვაქვს ეს ტექნიკა, მეტი გამოსავალი ხომ არ არის?! ჩვენ ყველანი გამოფენილები ვართ უკვე საზოგადოების წინაშე. საზოგადოებამ არ იცოდა, როგორები ვიყავით ჩვენ კლასში. ახლა ყველას შეუძლია უყუროს ჩვენს პედაგოგიურ პროცესს. იმ ხერხებს და არსენალს, რომელსაც ვიყენებდით, ვეღარ გამოვიყენებთ, მაგრამ არის სხვა ხერხები, რომლებიც შეიძლება გამოიყენო: ლამაზი პრეზენტაციები, ღიმილი. რა გვიჭირს, რომ გაუღიმოთ ბავშვს?! მოვიკითხოთ ოჯახი, ბავშვები, თვალებში შევხედოთ, რაღაც მოვუწონოთ. ვუთხრათ ბავშვს, როგორ მინდა ახლა ხელი ჩამოგართვა, მოგეხვიო, თვალებში ჩაგხედო. ყველაფერ ამას რომ ვეტყვით, სიტყვასაც თავისი ძალა აქვს. ეს ყველაფერი გამოვაჩინოთ, რომ საზოგადოებამ დაგვინახოს, როგორი მოსიყვარულე, როგორი კეთილი მასწავლებლები ვართ.“
შალვა ამონაშვილი დედებს ამხსნევებს და ურჩევს, რომ ბავშვების მდგომარეობა მაქსიმალურად გაითვალისწინონ, მათი ემოციები გაიზიარონ:
„თუ ჩვეულებრივ დილით გაისტუმრებდნენ ხოლმე ქმარს, შვილებს და ქალები სახლში რჩებოდნენ. ისინი ოჯახის საქმეებს მართავდნენ და დღის განმავლობაში არ იყვნენ დაკავებული ბავშვებთან. ბავშვებთან დაკავებულობა სულ სხვა სფეროა ჩვენი საქმიანობისა და ცხოვრების. ბავშვი მთელს ჩვენს ძალებს ისრუტავს. ის ითხოვს, რომ მასთან ერთად ვიყოთ და მისი ცხოვრებით ვიცხოვროთ. რასაკვირველია, ეს გვიმძიმს, ჩვენ ჩვენი განცდები და საქმეები გვაქვს. რომ არ გავგიჟდეთ, მოვნახოთ გამოსავალი. თუ გავგიჟდებით, ბავშვებიც გადაგვერევიან. ისედაც ისინი უკვე ზღვარზე არიან, თუ ჩვენც მივემატეთ მათ, რა ვითარება შეიქმნება ოჯახში, ხომ?! ჩვენ უნდა შევხედოთ ჩვენს თავს, როგორც ნებისყოფის ადამიანს.“
„ ჩვენ ხომ ვამბობთ ხოლმე: „ჩემი შვილისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი შვილისთვის თავსაც გავწირავ.“ გაწირეთ ახლა თავი, აი, ეს დრო მოვიდა ახლა. თავგანწირვა მარტო ის კი არ არის, რომ წყალში გადავეშვათ, ყელში დანა გამოვისვათ. როდესაც ბავშვს უნდა თქვენი ძალების უკანასკნელი წვეთი, ეს წვეთი უნდა გაიღოთ. ამისთვის დაგვჭირდება თავშეკავებულობა, მოთმინება. ეს თავშეკავებულობა და მოთმინება უნდა შეგვიმსუბუქოს სიყვარულისა და მოვალეობის განცდამ. ხშირად გავიდეთ ბუნებაში, გალაღდნენ ბავშვები, გაიქცნენ-გამოქიცნენ. იქ არ შეეყრებათ პანდემია, ასეთი რაღაცები არ მოხდება იქ. ჩვენც სუფთა ჰაერს ჩავისუნთავთ, ხეებს გავესაუბრებით. აკეთებთ ამას, ჩემო კარგებო? თუ აკეთებთ, გილოცავთ და კიდევ გაახშირეთ ეს. თუ არ აკეთებთ, უნდა გააკეთოთ,“ - აღნიშნულ საკითხებზე შალვა ამონაშვილმა ამონაშვილის აკადემიის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.