დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ვიტამინები და მინერალები, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებენ - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
განვიხილოთ ვიტამინების და მინერალების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მეტაბოლიზმის (საკუთრივ მეტაბოლიზმზე და ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებსა და მინერალებზე ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ წინა რუბრიკებში) აჩქარებას.
მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენენ: B და D ჯგუფის ვიტამინები, ასევე მინერალები: კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთის რეკომენდებულია ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინებისა და მინერალების დონე ორგანიზმში გვქონდეს ნორმის ფარგლებში, ამიტომ კვების რაციონი მუდმივად უნდა გავამდიდროთ მათი შემცველობის საკვებით.
B ჯგუფის ვიტამინები - საკვები, რომლებიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს: უცხიმო ხორცი და ზღვის პროდუქტები, მარცვლეული: მათ შორის, ქერი და ყავისფერი ბრინჯი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ზოგიერთი ხილი, მაგალითად, ბანანი, ვაშლი, ყურძენი და საზამთრო, თხილი, ზოგიერთი ბოსტნეული, მათ შორის, ისპანახი, კარტოფილი და გოგრა.
D ვიტამინი - საკვები, რომელიც შეიცავს D ვიტამინს: კვერცხის გული, ცხიმიანი თევზი, საქონლის ღვიძლი, რძის ნაწარმი, სოკოს ზოგიერთი ტიპი.
რკინა - რკინის წყაროა: ხორცი, ლობიო, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, თხილი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, სოიო.
მაგნიუმი- მაგნიუმით მდიდარი საკვებია: თხილეული, პარკოსნები, ისპანახი, ორაგული, კარტოფილი.
აქვე გვახსოვდეს, რომ თუ ორგანიზმს აქვს რომელიმე ვიტამინის ან მინერალის დეფიციტი, რთულია დეფიციტის მხოლოდ საკვებით შევსება, ასეთ დროს რეკომედებულია ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ დანამატების სახით მათი მიღება, ხოლო დაბალანსებული, რაციონალური და მრავალფეროვანი კვება კი დაგვეხმარება პრევენციული ზომების მიღებაში.
რას გულისხმობს ცილოვანი დიეტა და რამდენად უსაფრთხოა მისი დაცვა?
მედიაპორტალი MomsEdu.geტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ჯანსაღი ცხოვრების წესი, სხვადასხვა ტიპის დიეტები, წონაში კლება მუდმივად ინტერესის სფეროა ჩვენი მკითხველისთვის. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ე.წ ცილოვან დიეტაზე.
პირველ რიგში, განვიხილოთ რომელი პროდუქტებია ცილით მდიდარი. ცილით მდიდარია ცხოველური საკვები: ხორცი, კვერცხი, რძის ნაწარმი, თეზვეული და სხვა ზღვის პროდუქტები. ხილში და ბოსტნეულში ცილები მცირე ოდენობით მოიპოვება.
ცილოვანი დიეტის დროს ადამიანის დღის რაციონი შეადგება მხოლოდ ცხოველური ცილებისგან. ამ პერიოდში არ ხდება ხილის და ბოსტნეულის მიღება. ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც ცილოვან დიეტას მიმართავენ თვითნებურად, თან ხანგრძლივად, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია, ორგანიზმს დიდი ზიანი მივაყენოთ.
ცილოვან დიეტას შეიძლება თან ახლდეს გვერდითი მოვლენები: შეკრულობა (რადგან ამ დროს პაციენტი არ იღებს ხილს და ბოსტნეულს და ფერხდება ნაწლავთა პერისტალტიკა), იზრდება გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი, დიდი დატვირთვით უწევთ მუშაობა თირკმლებს და ღვიძლს, რამაც შეიძლება მათი დაზიანება გამოიწვიოს. ამიტომ თუ ვსაუბრობთ პრაქტიკულად ჯანმრთელ მოსახლეობაზე, ნუტრიციოლოგ-დიეტოლოგის რეკომენდაციით, წონის კორექციის მსურველ პაციენტებთან ცილოვანი დიეტის დანიშვნა ხდება მაქსიმუმ 7-9 დღით და წელიწადში მაქსიმუმ 2-3 ჯერ.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცილოვანი დიეტის დროს მიღებული წყლის რაოდენობას ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა დროს. ცილოვანი კვების დადებით მხარეებსაც უნდა გავუსვათ ხაზი, ამ დროს ადამიანი არ განიცდის შიმშილის გრძნობას, რადგან ცილების ხარჯზე მუდმივად დანაყრებულია, წონაში ეფექტურად იკლებს, არის შემთხვევები როდესაც სასწორზე წონა არ იძვრის, მაგრამ სწრაფად და საგრძნობლად იცვლება სხეულის გარშემოწერილობები. მიუხედავად ამ დადებითი გავლენისა წონის კორექციაზე, თვითნებურმა ცილოვანმა კვების რეჟიმმა შესაძლოა, ორგანიზმს ზიანი მიაყენოს.