დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ვიტამინები და მინერალები, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებენ - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
განვიხილოთ ვიტამინების და მინერალების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მეტაბოლიზმის (საკუთრივ მეტაბოლიზმზე და ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებსა და მინერალებზე ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ წინა რუბრიკებში) აჩქარებას.
მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენენ: B და D ჯგუფის ვიტამინები, ასევე მინერალები: კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთის რეკომენდებულია ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინებისა და მინერალების დონე ორგანიზმში გვქონდეს ნორმის ფარგლებში, ამიტომ კვების რაციონი მუდმივად უნდა გავამდიდროთ მათი შემცველობის საკვებით.
B ჯგუფის ვიტამინები - საკვები, რომლებიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს: უცხიმო ხორცი და ზღვის პროდუქტები, მარცვლეული: მათ შორის, ქერი და ყავისფერი ბრინჯი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ზოგიერთი ხილი, მაგალითად, ბანანი, ვაშლი, ყურძენი და საზამთრო, თხილი, ზოგიერთი ბოსტნეული, მათ შორის, ისპანახი, კარტოფილი და გოგრა.
D ვიტამინი - საკვები, რომელიც შეიცავს D ვიტამინს: კვერცხის გული, ცხიმიანი თევზი, საქონლის ღვიძლი, რძის ნაწარმი, სოკოს ზოგიერთი ტიპი.
რკინა - რკინის წყაროა: ხორცი, ლობიო, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, თხილი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, სოიო.
მაგნიუმი- მაგნიუმით მდიდარი საკვებია: თხილეული, პარკოსნები, ისპანახი, ორაგული, კარტოფილი.
აქვე გვახსოვდეს, რომ თუ ორგანიზმს აქვს რომელიმე ვიტამინის ან მინერალის დეფიციტი, რთულია დეფიციტის მხოლოდ საკვებით შევსება, ასეთ დროს რეკომედებულია ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ დანამატების სახით მათი მიღება, ხოლო დაბალანსებული, რაციონალური და მრავალფეროვანი კვება კი დაგვეხმარება პრევენციული ზომების მიღებაში.
რა ხდება მაშინ, თუ 8 საათზე მეტი ან ნაკლები გვძინავს?
რა ხდება მაშინ, თუ 8 საათზე მეტი ან ნაკლები გვძინავს?- ამ თემაზე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ პირდაპირ ეთერში დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა.
„თუ გძინავს 8 საათზე მეტი - ახერხებ ოპტიმალურ აღდგენას, გეხმარება ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში, ოპტიმალურ ხასიათზე ხარ და ოპტიმალური ენერგია გაქვს.
თუ გძინავს 8 საათზე ნაკლები - გაქვს არაჯანსაღი საკვების მიღების დიდი მოთხოვნილება. სპორტსმენების შემთხვევაში, ტრავმების რისკი 1.7-ჯერ არის გაზრდილი, გაციებისა და ვირუსული ინფექციების შეხვედრის ალბათობა 28%-ით არის გაზრდილი, მომატებული სტრესის ჰორმონის (კორტიზოლის) დონე, შემცირებული კუნთის ენერგიის მარაგი.
თუმცა, აღსანიშნია, რომ შეიძლება ადამიანს 8 საათზე მეტი ეძინოს, მაგრამ დარღვეული ჰქონდეს რეჟიმი. საუკეთესო ვარიანტია, როდესაც ადამიანი იღვიძებს 7-8 საათზე და იძინებს 10-11 საათზე. რუტინა უნდა იყოს მოწესრიგებული.''
როგორ გავუმკლავდეთ უძილობას?
თავიდან ავირიდოთ გაჯეტებისა და ტელევიზორის ყურება დაწოლის შემდეგ;
ჩამოვაყალიბოთ გაღვიძება-დაძინების რუტინა, რომელიც უნდა იყოს ყოველდღიურად ერთნაირი;
თავიდან ავირიდოთ ჩათვლემა შუადღის 3 საათის შემდეგ, ვინაიდან ღამე ჩაძინებას ხელს შეუშლის(ეხება მოზრდილ ადამიანებს);
ჩათვლემა 30 წუთზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს;
არ მივიღოთ მძიმე საკვები და კოფეინის შემცველი საკვები საღამოს 6 საათის შემდეგ“ - აღნიშნა ზაზა თელიამ.