დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ვიტამინები და მინერალები, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებენ - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
განვიხილოთ ვიტამინების და მინერალების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მეტაბოლიზმის (საკუთრივ მეტაბოლიზმზე და ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებსა და მინერალებზე ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ წინა რუბრიკებში) აჩქარებას.
მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენენ: B და D ჯგუფის ვიტამინები, ასევე მინერალები: კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთის რეკომენდებულია ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინებისა და მინერალების დონე ორგანიზმში გვქონდეს ნორმის ფარგლებში, ამიტომ კვების რაციონი მუდმივად უნდა გავამდიდროთ მათი შემცველობის საკვებით.
B ჯგუფის ვიტამინები - საკვები, რომლებიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს: უცხიმო ხორცი და ზღვის პროდუქტები, მარცვლეული: მათ შორის, ქერი და ყავისფერი ბრინჯი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ზოგიერთი ხილი, მაგალითად, ბანანი, ვაშლი, ყურძენი და საზამთრო, თხილი, ზოგიერთი ბოსტნეული, მათ შორის, ისპანახი, კარტოფილი და გოგრა.
D ვიტამინი - საკვები, რომელიც შეიცავს D ვიტამინს: კვერცხის გული, ცხიმიანი თევზი, საქონლის ღვიძლი, რძის ნაწარმი, სოკოს ზოგიერთი ტიპი.
რკინა - რკინის წყაროა: ხორცი, ლობიო, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, თხილი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, სოიო.
მაგნიუმი- მაგნიუმით მდიდარი საკვებია: თხილეული, პარკოსნები, ისპანახი, ორაგული, კარტოფილი.
აქვე გვახსოვდეს, რომ თუ ორგანიზმს აქვს რომელიმე ვიტამინის ან მინერალის დეფიციტი, რთულია დეფიციტის მხოლოდ საკვებით შევსება, ასეთ დროს რეკომედებულია ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ დანამატების სახით მათი მიღება, ხოლო დაბალანსებული, რაციონალური და მრავალფეროვანი კვება კი დაგვეხმარება პრევენციული ზომების მიღებაში.
,,რაც მეტია ხალი, მით მეტ კონტროლსა და ყურადღებას მოითხოვს" - დერმატოლოგი
რა უნდა ვიცოდეთ ხალის შესახებ და როგორ უნდა განვასხვავოთ, კეთილთვისებიანია თუ ავთისებიანია წარმონაქმნი - ამის შესახებ დერმატოლოგმა, ნინო ორახელაშვილმა გადაცემაში ,,შუადღე" ისაუბრა.
,,წარმონაქმნი შეიძლება, იყოს კეთილთვისებიანი ბუნების ან - ავთვისებიანი. კეთილთვისებიანი წარმონაქმნები ძალიან სხვადასხვაგვარია და ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება ფერით, ზომით და ა.შ. ხალიც კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. ის შეიძლება, იყოს ღია ყავისფერიდან შავამდეც კი და მხოლოდ ფერით ვერ განვსაზღვრავთ, კეთილთვისებიანია ის თუ ავთვისებიანი. ფორმაც შეიძლება, მთელი ცხოვრების განმავლობაში იცვლებოდეს. გარდა ამისა, არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი ხალი. თანდაყოლილი პირველი ორი წლის განმავლობაში ვითარდება, შეძენილი კი შესაძლოა, 40 წლამდეც კი ვითარდებოდეს.
რაც მეტია ხალი, მით მეტ კონტროლსა და ყურადღებას მოითხოვს. თუ ახალწარმონაქმნი ჩვენს სხეულზე დაწყლულებადია - მექანიკური გაღიზიანების გარეშე - ეს საყურადღებოა, ასევე, რომელიც არ ხორცდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ზომაში ცვლილება - დიდი ზომის დიამეტრის ხალი უკვე საყურადღებოა. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია სუბიექტური შეგრძნებების გათვალისწინება - ქავილი, წვის შეგძრძნება, ტკივილის შეგრძნება - ყველაფერი ეს გვიბიძგებს იმისკენ, რომ ექიმთან მივიდეთ.
შეძენილი ხალის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორები, ასევე, ინსოლაცია - ანუ, თუ მზესთან მჭიდრო კონტაქტია. პაციენტები ხშირად გამოყოფენ ხოლმე ამ მდგომარეობას, რომ იყვნენ მზეზე და სხეულზე მოემატათ ახალწარმონაქმნები. მინდა, ხაზი გავუსვა წითელ ხალებს - ეს ძალიან ხშირია, მაგრამ მსურს, დავამშვიდო საზოგადოება, რომ წითელი ხალები კეთილთვისებიანი, სისხლძარღვოვანი წარმონაქმნებია. უბრალოდ, ხანდახან ისინი იწვევს დისკომფორტის შეგრძნებას იმ თვალსაზრისით, რომ რადგან სისხლძარღვოვანი წარმონაქმნებია, შეიძლება, მექანიკური გაღიზიანებით, უბრალოდ, სისხლმდენი იყოს.
დამტკიცებულია, რომ კანის მექანიკური, ერთჯერადი გაღიზიანება ხალს არაფრად არ გარდაქმნის, თუ საქმე არ გვაქვს სისტემატურ გაღიზიანებასთან", - აღნიშნავს ნინო ორახელაშვილი.