დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ვიტამინები და მინერალები, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებენ - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
განვიხილოთ ვიტამინების და მინერალების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მეტაბოლიზმის (საკუთრივ მეტაბოლიზმზე და ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებსა და მინერალებზე ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ წინა რუბრიკებში) აჩქარებას.
მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენენ: B და D ჯგუფის ვიტამინები, ასევე მინერალები: კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთის რეკომენდებულია ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინებისა და მინერალების დონე ორგანიზმში გვქონდეს ნორმის ფარგლებში, ამიტომ კვების რაციონი მუდმივად უნდა გავამდიდროთ მათი შემცველობის საკვებით.
B ჯგუფის ვიტამინები - საკვები, რომლებიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს: უცხიმო ხორცი და ზღვის პროდუქტები, მარცვლეული: მათ შორის, ქერი და ყავისფერი ბრინჯი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ზოგიერთი ხილი, მაგალითად, ბანანი, ვაშლი, ყურძენი და საზამთრო, თხილი, ზოგიერთი ბოსტნეული, მათ შორის, ისპანახი, კარტოფილი და გოგრა.
D ვიტამინი - საკვები, რომელიც შეიცავს D ვიტამინს: კვერცხის გული, ცხიმიანი თევზი, საქონლის ღვიძლი, რძის ნაწარმი, სოკოს ზოგიერთი ტიპი.
რკინა - რკინის წყაროა: ხორცი, ლობიო, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, თხილი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, სოიო.
მაგნიუმი- მაგნიუმით მდიდარი საკვებია: თხილეული, პარკოსნები, ისპანახი, ორაგული, კარტოფილი.
აქვე გვახსოვდეს, რომ თუ ორგანიზმს აქვს რომელიმე ვიტამინის ან მინერალის დეფიციტი, რთულია დეფიციტის მხოლოდ საკვებით შევსება, ასეთ დროს რეკომედებულია ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ დანამატების სახით მათი მიღება, ხოლო დაბალანსებული, რაციონალური და მრავალფეროვანი კვება კი დაგვეხმარება პრევენციული ზომების მიღებაში.
3-6 წლამდე ასაკის ბავშვის იდეალური კვების რაციონი, კალორიების დღიური ნორმა და აუცილებლად მისაღები პროდუქტები - ნუტრიციოლოგი მაია სურვილაძე
პედიატრმა, ნუტრიციოლოგმა მაია სურვილაძემ სამი-ექვსი წლის ასაკის ბავშვის კვების რაციონი და დღის განმავლობაში მისაღები კალორიების რაოდენობა განიხილა. მისი თქმით, ბავშვმა 3-4 წლის ასაკში დღეში 1550 კილოკალორია უნდა მიიღოს, 4-6 წლის ასაკში კი 1750-1850 კილოკალორია:
„ბავშვმა სამიდან ოთხ წლამდე დაახლოებით 1550 კილოკალორია უნდა მიიღოს, ოთხიდან ექვს წლამდე 1750-1850 კილოკალორია. გოგონებსა და ბიჭებს შორის ამ ასაკში უკვე არის პატარა განსხვავება. ეს კალორაჟი უნდა გადანაწილდეს დღის განმავლობაში. ორივე ასაკობრივ ჯგუფში უნდა იყოს ოთხჯერადი კვება დღეში. ბავშვი ამ დროს არის ბაღში. 70 % ამ კალორაჟის უნდა იყოს ბაღში ათვისებული. საუზმე უნდა იყოს 25 % მთელი კალორაჟის (387 კკ), სადილი უნდა იყოს 30-40 %-მდე, სამხარი უნდა იყოს 15-20 %, აქ შეიძლება 5 %-იანი შუალედებიც იყოს. ვახშამი უნდა იყოს 20-25 %. პროცენტული გადანაწილება 4-6 წლამდე ბავშვებშიც ასეთივეა, უბრალოდ მატულობს ულუფების მოცულობა.“
მაია სურვილაძის თქმით, ბავშვმა საუზმე ბურღულეულის ფაფის მირთმევით უნდა დაიწყოს:
„3-4 წლამდე ბავშვებში აუცილებლად ბურღულეული უნდა იყოს მიწოდებული დილით ფაფის სახით, დაახლოებით 250 გრამი. რატომ ბურღულეული? ბურღულეული სახამებელს შეიცავს.ის ნელა შეიწოვება და დიდხანს აძლევს ორგანიზმს დანაყრების შეგრძნებას. ორ-სამ დღეში ერთხელ შეიძლება ყველი იყოს დამატებული 10 გრამის რაოდენობით. დასალევად ან კაკაო ან ჩაი უნდა დავამატოთ. ჩაი უნდა იყოს ძალიან ბაცი, არ უნდა იყოს მაგარი. თუ აქ იქნება კაკაო, სამხარზე იქნება ჩაი, ან პირიქით. აქვე შეიძლება იყოს გამოყენებული მაკარონის ნაწარმი. ამ ასაკობრივ ჯგუფში შაქრის რაოდენობა 45-50 გრამი უნდა იყოს და დღის განმავლობაში გადანაწილდეს.“
მაია სურვილაძემ აღნიშნა, რომ სადილზე ბავშვებმა ბოსტნეული აუცილებლად უნდა მიირთვან:
„სამწუხაროდ, ქართველი ბავშვების 90 % სალათებს არ მიირთმევს. სასურველია, რომ კვების წინ რაღაც რაოდენობის სალათა, ცოცხალი ბოსტნეული მიიღოს ბავშვმა. ამ ასაკობრივ ჯგუფში 60 გრამ ბოსტნეულზეა საუბარი. ეს შეიძლება იყოს კიტრი-პომიდვრის სალათა, კომბოსტო-სტაფილო ერთად. სტაფილოს აზრი აქვს იმ შემთხვევაში თუ ცხიმთან ერთად იქნება, რომ კაროტინი A ვიტამინში გადავიდეს. შემდეგ აუცილებლად უნდა მოდიოდეს წვნიანი. აუცილებელი არაა წვნიანში ხორცი და ნახარში იყოს. ნახარში არც არის რეკომენდებული. ეს უნდა იყოს ბოსტნეულის წვნიანი 200 გრამის რაოდენობით, 4-6 წლის ბავშვებში 250 გრამი. სადილზე ასევე აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ხორცი ან თევზი 100 გრამის რაოდენობით. თუ თევზი შემწვარია, აუცილებლად კანი უნდა იყოს გადაცლილი. ხორცი შეიძლება იყოს საქონლის ან ქათმის. სადილზე აუცილებელია გარნირიც 150 გრამის რაოდენობით. ეს შეიძლება იყოს ბოსტნეულის პიურე, ვერმიშელი, წიწიბურა.“
„სამხარი შეიძლება იყოს ფუნთუშა, ცომეული, ხაჭაპური, ხაჭოს მობრაწულები, აქ კვერცხიც შეიძლება ფიგურირებდეს, ფხვიერი ნამცხვარი. ვახშამზე შეიძლება იყოს მაწონი, ბურღულეულის რაღაც ნაწილი,“ - აღნიშნულ თემაზე მაია სურვილაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.