Baby Bag

​რა არის ამჟამად ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დეტალებზე

​რა არის ამჟამად ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დეტალებზე

რა არის ამჟამად ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. გთავზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„კვლევები SARS-COV-2 ახალი ვარიანტის შესახებ, რომელიც თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში გავრცელდა და ამჟამად უკვე ბევრ სხვა ქვეყანაშიც გამოვლინდა, ჯერ-ჯერობით მწირია, თუმცა არსებული მონაცემების თანახმად ცნობილია:

  • ახალი ვარიანტი ბევრად უფრო ადვილად და სწრაფად ვრცელდება, რადგან ამ ვირუსით ინფიცირებულების ბევრად უფრო მაღალ პროცენტს აქვს სასუნთქ გზებში ვირუსის ძალიან მაღალი კონცენტრაცია, ვიდრე „ძველი“ ვირუსით ინფიცირებულებს.
  • PCR ტესტები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება კორონავირუსის სადიაგნოსტიკოდ, ავლენს ვირუსის ახალ ვარიანტსაც (თუმცა, რა თქმა უნდა, იმის გამიჯვნას ვერ ახდენს, ახალი ვარიანტია თუ „ძველი“. ამისთვის გენეტიკური ანალიზი უნდა ჩატარდეს).
  • ვირუსის ახალი ვარიანტი დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობას (რაც ჰოსპიტალიზაციის დღეების რაოდენობით არის შეფასებული) და სიკვდილობის გაზრდილ მაჩვენებელს (28 დღიანი სიკვდილობის მაჩვენებელი) არ იწვევს.
  • ახალ ვარიანტს რეინფექციის უფრო მაღალი მაჩვენებელი არ ახასიათებს (ანუ ეს არის პასუხი შეკითხვაზე, კოვიდგადატანილები ახალი ვარიანტით უფრო ადვილად ხომ არ ინფიცირდებიან).
  • როგორც კვლევების წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, არსებული ვაქცინები ეფექტური იქნება ახალი ვარიანტის წინააღმდეგაც“, - წერს მაია ბუწაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ უნდა დავლიოთ წყალი ყავასთან ერთად? - ენდოკრინოლოგი ყავის შესახებ საუბრობს

რატომ უნდა დავლიოთ წყალი ყავასთან ერთად? - ენდოკრინოლოგი ყავის შესახებ საუბრობს

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა ყავის შესახებ მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. როგორია ყავის შემცველობა? რა დადებითი და უარყოფითი თვისებები გააჩნია? რამდენი ჭიქა ყავის მირთმევა არის რეკომენდებული დღის მანძილზე? ვისთვის არის უკუნაჩვენები ყავის მიღება? რა შეცდომებს ვუშვებთ ყავის მირთმევის დროს? აქვს თუ არა ყავას დადებითი გავლენა ჩვენს მეტაბოლიზმზე? - სწორედ ამ საკითხებს შეიტყობთ დღევანდელი სტატიიდან.

დღეს ვისაუბრებ ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ პროდუქტზე, ყველასთვის საყვარელ ყავაზე. ყავა ეს არის მარადმწვანე ხე ან ბუჩქი, არსებობს მისი დაახლობით 73 სახეობა, მის შესახებ ცნობები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნიდან მოიპოვება. ყავის სახელს უკავშირებენ არაბულ სიტყვა „კაუე“ს რომელიც ითარგმენა როგორც - ძალა, ასევე მის სახელი დაკავშირებულია ეთიოპიის ერთერთ პროვინციასთან რომელსაც „კაფა“ ჰქვია, საიდანაც დასაბამს იღებს ყავის ისტორია. ეთიოპიიდან ყავა გავრცელდა იემენსა და ეგვიპტეში, ხოლო მე-16 საუკუნეში თურქეთში პირველი ყავახანა გაიხსნა, ევროპაში კი ყავა ჩნდება უკვე მე-17 საუკუნიდან.

ყავის გარეთა ნაწილი - გარსი შეიცავს კოფეინს, რომელსაც გააჩნია მკვეთრად მატონიზებელი ეფექტი, ხოლო ყავის მარცვალი კი შეიცავს ნივთიერება თეობრომინს, რომელიც ხასიათდება სისხლძრღვთა გამაფართოებელი ეფექტით ( ამ უკანასკნელის ეფექტი მეტად გამოხატულია ე.წ ხნად ყავაში, რადგან ნალექიანი ყავის შემთხვევაში ხდება მთლიანი მარცვლის დაფქვა და მასში კოფეინის შემცველობაც მეტია). ამ ორი ძირითადი ნივთიერების გარდა, ყავა შეიცავს მინერალებს და ანტიოქსიდანტურ ნივთიერებებს. მისი ანტიოქსიდანტური თვისებების შესანარჩუნებლად რეკომენდებულია ყავა არ მივიყვანოთ ადუღებამდე.

ყავას გააჩნია ორგანიზმის მატონიზებელი, ენერგიაზე მომყვანი ეფექტი, ამცირებს დეპრესიის განვითარების რისკს, აქვს დადებითი გავლენა მეტაბოლიზმზე -  აჩქარებს მეტაბოლიზმს განსაკუთრებით კი მაშინ თუ ყავას დარიჩინთან ერთად მივირთმევთ. 

ყავის სავარაუდო დადებით ეფექტებს მიაწერენ: 
  • ანტიკანცეროგენულ მოქმედებას ( კიბოს საწინააღმდეგო)
  • პარკინსონის დაავადების განვითარების რისკის შემცირებას
  • ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკის შემცირებას

თუმცა დადებით თვისებებთან ერთად ყავას გააჩნია ორგანიზმზე უარყოფითი გავლენაც:
  • გულის რითმის აჩქარება
  • არტერიული წნევის მატება
  • უძილობა
  • აღგზნებადობა
  • თავის ტკივილი
  • დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება)
  • კუჭის მჟავიანობის მომატება

გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად დღის მანძილზე უნდა გამოვიყენოთ ყავა ზომიერი ოდენობით - 3-4 ფინჯანი. სასურველია ნალექიანი და უნალექო ყავის წილი დღის მანძილზე იყოს თანაბარი. 

ახლა კი განვიხილოთ რომელ პროდუქტებთან არის ყავის მიღება რეკომენდებული: პირველ რიგში ყავის შარდმდენი ეფექტის გამო, დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად ყავა უნდა მივირთვად წყალთან ერთად, რათა არ დაირღვეს ორგანიზმში სითხის ბალანსი. არ შეიძლება უზმოდ ყავის მიღება, მჟავიანობის მომატების გამო რაც თავის მხრივ ზრდის გასტრიტის (კუჭის გარსის ანთების) განვითარების რისკს. ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს რომ ყავის მირთმევა ტკბილეულთან ერთად ზრდის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს, ტკბილეული შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ჩირეულით, რომელიც სასარგებლოცაა და შეიცავს მიკრო, მაკროელემენტებს, რომლებიც შეავსებენ ყავის ეფექტით გამოდევნილ მინერალებს ორგანიზმში.

ყავის მიღება რეკომენდებული არ არის არტერიული ჰიპერტენზიით და სხვა გულსისხლძარღვთა პათოლოგიით დაავადებული ადამიანებისთვის, სასურველია ორსულებში და ლაქტაციაში მყოფი ქალების რაციონში ყავა იყოს შემცირებული ოდენობით. ყავის მიღება აკრძალულია ბავშვთა და მოზარდთა ასაკში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა

წაიკითხეთ სრულად