„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
,,რაც უფრო დიდია ეკრანი, მით უფრო შორს უნდა დავდგათ კომპიუტერი" - თეა ადამია
,,როდესაც ბავშვი ზის კომპიუტერთან ან წიგნთან, მიაქციეთ ყურადღება, რომ ორივე ყურის ბიბილო იყოს ერთ დონეზე და მხრებთან გასწორებული", - ამის შესახებ ექიმმა რეაბილიტოლოგმა, თეა ადამიამ გადაცემაში ,,შუადღე" ისაუბრა.
,,ამ მდგომარეობიდან ნებისმიერი გადახრა არის პრობლემა იმიტომ, რომ ეს არღვევს კუნთების დატვირთვას და ხერხემლის ბიომექანიკას. სამუშაო მაგიდის სიმაღლე უნდა იყოს მისი მხრის დონეზე. რაც შეეხება სკამს - ბავშვის ფეხების ქვეშ უნდა იყოს რაიმე, ანუ მისი ფეხები არ უნდა იყოს ჰაერში, ეს ძალიან მნიშნელოვანია. უკნიდან საზურგე ისე უნდა იწყებოდეს, რომ სკამზე ბარძაყის 2/3 უნდა მოთავსდეს. სკამის უკან ვდებთ დიდ ბალიშს, რათა პატარასთვის მოცულობა იყოს შევსებული და თუ ის ფეხით ვერ წვდება იატაკს, სულ ერთია - რა იქნება, თუნდაც - ფეხსაცმლის ძველი ყუთი, უნდა დავუდოთ.
ბევრ რაიმეს გააჩნია - ასაკს, როგორ იზრდება ბავშვი და ა.შ. სწრაფად მზარდი ბავშვები სწორად ჯდომას უფრო მეტად ვერ უძლებენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს საყრდენი. ეს ჩვენს სკოლებში არ აქვთ - მერხი არის ვიწრო და როდესაც ბავშვი წიგნს გადაშლის, მისი ხელისთვის ადგილი აღარ რჩება. ამიტომ, ბავშვი ხრის წიგნს და მასთან ერთად იხრება ხელიც. ის ყველა წესს არღვევს, რადგან ფიზიკურად არ აქვს მეტი ადგილი. ბუნებრივია, ეს მერხები კომერციულად არის წარმოებული. ალბათ, უნდა იყოს ვალდებულება და მოწმდებოდეს ისინი. ჩვენს სკოლებში ეს სტანდარტი დარღვეულია, რაც ძალიან დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით, თუ სკოლას აქვს ვარიაციის საშუალება.
რაც შეეხება კომპიუტერს - არ დაგვავიწყდეს, რომ ბავშვს კომპიუტერის წინ უნდა ჰქონდეს სამუშაო სივრცე. რაც უფრო დიდია ეკრანი, მით უფრო შორს უნდა დავდგათ კომპიუტერი. თუ ბავშვს სჭირდება ბიფოკალური სათვალე, ეკრანი უნდა იყოს გადახრილი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, საიდან ხვდება განათება - შეიძლება, ეკრანზე იყოს ანარეკლი, რაც ბავშვს აიძულებს, შეცვალოს კომპიუტერის მდებარეობა. იდეალურად მიიჩნევა, თუ ჩემი თვალის ხაზი არის ეკრანის ზედა ნაწილიდან, დაახლოებით, 6-8 სმ-ით დაბლა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კლავიატურა და მაუსი უნდა იყოს ერთმანეთთან ახლოს", - გვირჩევს თეა ადამია.