„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„სოციალური ქსელები 13 წლამდე ბავშვებისთვის არ არის მიზანშეწონილი,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ბავშვების ინტერნეტუსაფრთხოების შესახებ საუბრობს და მშობლებს ურჩევს, რომ ისინი დიგიტალიზაციის საკითხებში თავადაც განათლდნენ:
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჯერ მშობლები განათლდნენ დიგიტალიზაციის თვალსაზრისით. ჯერ ჩვენ უნდა გავიგოთ, რა არის ეს კომპიუტერული ტექნოლოგიები. ეს მარტო Facebook-ი რომ არ არის, რა შესაძლებლობები აქვს სინამდვილეში და როგორ უნდა გამოვიყენოთ პოზიტიურად ბავშვისთვის, ჯერ ეს უნდა ვიცოდეთ. უნდა გავიგოთ, რა საფრთხეები აქვს ინტერნეტს. მე არ ვიცი რა საფრთხეებია, ვდებ ჩემი შვილის ხან ასეთ, ხან ისეთ სურათს. აგერ ბაღში წავიდა ბავშვი, აგერ სკოლაში. წერენ მშობლები რომელ სკოლაში წავიდნენ ბავშვები, რომელ ადგილას. ეს არაფრით არ შეიძლება. აღმოჩნდება, რომ საკუთარი ცხოვრების ასე გამოჭენება, ვიღაც მონადირეებზე ძალიან კარგად მოქმედებს. რეცეპტები არ არსებობს. მე ჩემს თავს ვერ ვაკადრებ იმას, რომ თქვენ ჭკუის სწავლება დაგიწყოთ. მეც მიგრანტი ვარ ამ სივრცეში. ეს ჩვენთვის ახალი რეალობაა. ყველას კეთილგონიერება გვჭირდება იმისთვის, რომ ბალანსი გავიგოთ. ამას ასე ჰქვია: საეკრანო დროის ბალანსი.“
თამარ გაგოშიძის თქმით, 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელები რეკომენდებული არ არის:
„სოციალური ქსელები 13 წლამდე ბავშვებისთვის არ არის მიზანშეწონილი. ბევრ ქვეყანაში ამ კანონმდებლობის შემოღება დაიწყო. ეს ველური სივრცეა, ძალიან ბევრი ცუდი რამ ხდებოდა. სოციალურ ქსელებთან წვდომა 9 წლის ბავშვს და 8 წლის ბავშვს რატომ უნდა ჰქონდეს? ბავშვი არის ცოცხალი არსება და ცოცხალი, რეალური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს თავისი მეზობლის ბავშვთან. სხვანაირად როგორ უნდა ისწავლოს კომუნიკაცია? ჩვენი მომავალი თაობის გადარჩენა არის კომუნიკაციაში. დღეს ისეთი ტელქონოლგიური პროცესები მიმდინარეობს, რობოტებს ჩვენ ვერ ვაჯობებთ. ეს ვერ გაიგო ვერც სკოლამ, ვერც მასწავლებელმა და ვერც მშობელმა. რობოტს ადამიანი ვერ აჯობებს, ვერც კომპიუტერს. ჩვენი სკოლა და ჩვენ მშობლები ბავშვებისგან ვითხოვთ, რომ ჰქონდეთ 90 მეგაბაიტი თავში. რატომ? რატომ უნდა ჰქონდეთ რაღაც გაუგებარი ცოდნები? ეს კაცმა არ იცის.“
თამარ გაგოშიძე თვლის, რომ თანამედროვე ბავშვებს სკოლა და მშობლები იმაზე მეტს სთხოვენ, ვიდრე საჭიროა:
„მე რომ ვსწავლობდი, მაშინ ადეკვატური იყო მოთხოვნები. 90 მეგაბაიტი თან უნდა მეტარებინა მაშინ, იმიტომ, რომ ერთადერთი ეს ბიბლიოთეკა იყო. უცხოურ ლიტერატურას სად იპოვიდი?! მე 90 მეგაბაიტი და კიდევ მეტი თან უნდა მეტარებინა, იმიტომ, რომ ვერსად ვერაფერს ვნახავდი. ეს ცოდნა მე უნდა მქონოდა. დღეს, როდესაც არის უზარმაზარი საინფორმაციო სივრცე, ამ მეგაბაიტებს დამატებით რატომ ვაწვდით ბავშვებს? მიზანი ხომ უნდა გვქონდეს. ჩვენ ინტერნეტ სივრცის პერიოდში რა უნდა მოვთხოვოთ ჩვენს მოზარდებს? პირველ რიგში, უსაფრთხოება უნდა ვასწავლოთ. არ შეიძლება ჩვენი პასვორდები ვინმეს მივცეთ, თუნდაც მეზობელს. ეს ჯერ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, მერე ჩვენს შვილებს ვასწავლოთ. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ ინფორმაციას ანალიზი უნდა გაუკეთონ. მან უნდა იცოდეს, რომელია ყალბი წყარო, რომელია ნამდვილი. ეს ჯერ ჩვენ არ ვიცით.“
„ჩვენი საქმე ისე მიდის, რომ ძალიან ბევრი პროფესია გაქრება. რობოტიზაცია და კომპიუტერიზაცია ისეთი ტემპით მიდის, რომ წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია. ახალ თაობას შეუძლია ამის წარმოდგენა. მათ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. ადამიანის უპირატესობა მანქანასთან შედარებით არის ეს: ჩვენ ვასწავლით კომუნიკაციას, ურთიერთობას, ანალიზს, შედარებას, ნამდვილის არანამდვილისგან გარჩევას და ეთიკას. მანქანას ეთიკა არ აქვს. ცოტა ხანში არც ჩვენ გვექნება, უკვე არ გვაქვს, რაც არის ძალიან სამწუხარო. მე თუ არ მაქვს ეთიკა ურთიერთობაში, ინტერნეტში რა ეთიკა მექნება?! ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ მას 13 წლამდე არ სჭირდება სოციალური ქსელი. შეიძლება ტელეფონი ჰქონდეს, რომ დამიკავშირდეს. მან რეალური ურთიერთობა უნდა ისწავლოს. მას ღიად უნდა ვესაუბროთ იმ შთაბეჭდილებებზე, რომელიც აქვს ინტერნეტიდან. უნდა ვითამაშოთ ის თამაშები, რომლებსაც ისინი თამაშობენ, რომ გავიგოთ რა ხდება. ეს თამაშები ჩამთრევია, ჩვენთვისაც ჩამთრევია და ბავშვისთვის მით უმეტეს ასეა. ჩვენი გადამკიდე ბავშვებს აქვთ შფოთვა. ეს თამაშები ამ შფოთვას ამცირებს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ შფოთვის შესამცირებელი ალტერნატიული საშუალება. ეს არის მამაპაპური თამაშები, ექსკურსიებზე სიარული. ამის თავი ვის აქვს? ამის საშუალება უნდა გქონდეს, ენერგია უნდა გქონდეს, რაც ვერ ხერხდება,“ - აცხადებს თამარ გაგოშიძე.