„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„კოვიდის დროს იმუნური სისტემა იქცევა განსაკუთრებულად, მას თავისი სტილი აქვს,“ - ალერგოლოგ-იმუნოლოგი დავით თელია
ალერგოლოგ-იმუნოლოგი დავით თელია კოვიდ-19-ის დროს იმუნური სისტემის ფუნქციონირებისა და მისი მუშაობის მექანიზმის შესახებ საუბრობს, მისი თქმით, იმუნური სისტემა ორი ნაწილისგან შედგება და ორივე განსხვავებულად რეაგირებს ვირუსზე:
„ჩვენ მუდმივად გვესმის „ანტისხეულები, ანტისხეულები.“ ანტისხეულები არის ადაპტაციური იმუნური სისტემის შტო. ანტისხეულები თვითონ არაფერს შვებიან. ისინი არ ანადგურებენ კონკრეტულად ბაქტერიას ან ვირუსს. ისინი მონიშნავენ მათ და იმუნური სისტემის სხვა წარმომადგენლებს აძლევენ საშუალებას, რომ ისინი გაანადგურონ. იმუნური სისტემა ორი ნაწილისგან შედგება: ნატიური და ადაპტაციური. ოპერატიული დაცვის მექანიზმი მოდის ნატიურ იმუნურ სისტემაზე. ცილები, არააქტიური ენზიმები, ვირუსთან შეხვედრის დროს აქტიურდებიან და დაუყოვნებლივ ანადგურებენ მას. ეს არის დაცვის პირველი მექანიზმი. როდესაც კოვიდი შემოდის, თუ მას პირველი ეშელონი უმკლავდება, თუ ნატიური იმუნური სისტემა მოქმედებს ნორმალურად, არავითარი სხვა ანტისხეულები აქ საჭირო არ არის.“
დავით თელიას თქმით, ადამიანებს, რომლებმაც ვირუსი მარტივად გადაიტანეს ძლიერი ნატიური იმუნური სისტემა აქვთ:
„დიდი ალბათობით, იმ ადამიანებში, რომლებმაც ვირუსი ისე გადაიტანეს, რომ ვერც კი გაიგეს, ნატიური იმუნური სისტემა კარგად არის ჩამოყალიბებული. ნატიური იმუნური სისტემა არ ყალიბდება ერთ წელიწადში, ორ წელიწადში. ის ყალიბდება ათასეული წლების განმავლობაში. ის არის გენეტიკურად დეტერმინირებული. თუ ნატიური იმუნური სისტემა ვერ ერევა ვირუსს, მაშინ ერთვება უკვე ადაპტაციური იმუნური სისტემა, რომელიც ცოტა უფრო ჭკვიანია, ცოტა უფრო ზანტია. ანტისხეულების წარმოქმნისთვის საჭიროა რამდენიმე დღე. შემდეგ ანტისხეულები იწყებენ თავის მოქმედებას.“
დავით თელია აღნიშნავს, რომ ანტისხეულები კოვიდთან დაკავშირებით ორი სახის მოქმედებას ავლენენ:
„კოვიდთან დაკავშირებით ანტისხეულების მოქმედების ორი ვარიანტია: ანტისხეულები ბლოკავენ და უქმად ტოვებენ პროტეინებს, ან მონიშნავენ მათ, რომ აგრესიულმა უჯრედებმა ეს ვირუსი დაშალოს და გაანადგუროს. ასე მუშაობს იმუნური სისტემა. ეს უნდა იყოს გონივრული და გაწონასწორებული. ახლა ხშირად გვესმის ციტოკინური შტორმი. ციტოკინური შტორმი შეიძლება შეადარო ორკესტრს, რომელსაც არ ჰყავს დირიჟორი. იმუნურ სისტემაში ხდება ქაოსი, ანთება ძალიან ძლიერდება. ამ ანთების დათრგუნვა არის ხოლმე საჭირო. დექსამეტაზონის ეფექტურობა იმით აიხსნება, რომ მისი დახმარებით ხდება გადაჭარბებული ანთების დათრგუნვა.“
„კოვიდმა იმდენი რაღაც დაგვანახა, რომ შეიძლება რაღაც ახალი იმუნოპათოლოგია აღმოჩნდეს რამდენიმე ხნის მერე. კოვიდის დროს იმუნური სისტემა იქცევა განსაკუთრებულად. მას თავისი სტილი აქვს. ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია ჯერჯერობით. ლიტერატურაში სრული ქაოსია, დრო არ არის, კვლევები არ არის საკმარისი. ამიტომ სპეციალისტები არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ბევრ შეკითხვაზე პასუხი არ არის. კოვიდი აუცილებლად წავა, მაგრამ მერე რა მოვა, ამაზე უკვე ცალკეა ლაპარაკი. ყოველ 10-15 წელიწადში არის სავარაუდო ახალი, სუპერმუტირებული ვირუსების პროდუქცია,“ - აღნიშნულ საკითხზე დავით თელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია ისაუბრა.