„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მე შუაში ვწევარ, აქეთ კატო მყავს, იქეთ ილია... ეს არის ჩემთვის ყველაზე კარგი პერიოდი,“ - რუსკა მაყაშვილი შვილების შესახებ საუბრობს
მსახიობმა და ტელეწამყვანმა რუსკა მაყაშვილმა შვილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უფროსი შვილი უმცროსზე ეჭვიანობს:
„როდესაც ილიამ გაიგო, რომ მუცელში ზის კატო, მიღება იყო ძალიან რთული. თავიდან ცდილობდა, რომ დაბრუნებულიყო მუცელში. ჩვენი ტანჯვა-წამება არ დაწყებულა კატოს გაჩენის შემდეგ. კატოს გაჩენამდეც იყო ძალიან რთული. მოვიფიქრეთ ასეთი რამ, რომ როდესაც კატო გამოგვყავდა სამშობიაროდან, კატომ საჩუქრები მოუტანა ილიას. თავიდან ვიყავით ისე, რომ ილია არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ის არის პირველი, კიდევ ჰყავს და - კატო, რომელიც გაჩნდა და უნდა გვიყვარდეს. ილიას ძალიან მოეწონა, რომ კატომ საჩუქრები მოუტანა. პირველ დღეებში ნორმალურად იყო ყველაფერი, მაგრამ რაც უფრო იზრდება კატო, უფრო რთულდება სიტუაცია.
მე არ ვამბობ იმას, რომ მე და სანდრო იდეალური მშობლები ვართ და არაფერი არ გვეშლება, მაგრამ ნამდვილად არ არის ისე, რომ ილიას ყურადღება მოაკლდა და ყველა კატოზე გადავერთეთ. პირიქით, ილია გრძნობს ყოველ წამს, რომ ის არის მნიშვნელოვანი, ძალიან გვიყვარს და როგორც აქამდე იზრდებოდა, ისე იზრდება, მაგრამ მაინც ძალიან ეჭვიანობს. მას კატო ძალიან უყვარს და ამას ჩვენც ვგრძნობთ, მაგრამ მისია და თითქოს მხოლოდ მას აქვს უფლება, რომ გაუბრაზდეს კატოს, მოეფეროს და სხვას არავის. კატოს ვინმე თუ გაუბრაზდება ან აწვალებს, ილია ძალიან ბრაზდება. გადადის იმასთან ჩხუბზე და ყვირის: „კატო ჩემია.“ თან ძალიან აწვალებს კატოს. მე ვეუბნები: „კატოს ძალიან ტკივა შენ რომ ურტყამ, მე რომ შენ ასე გაგიკეთო, ხომ გეტკინება? შენ რომ ასე უკეთებ კატოს, ძალიან სტკივა და ამიტომ ტირის.“ კატო შეგუებულია თავის ბედს. იცის, რომ ძმა ჰყავს ასეთი, რომელიც კივის, დახტის. სანამ რამე არ ეტკინება, კატო ერთობა ამით. ერთხელ ვუთხარი, შენ თუ ასე ცემ კატოს, ე.ი. არ გიყვარს. წაიყვანს ვინმე და შენ დარჩები ჩვენთან-თქო. ამაზე ილიას ჰქონდა საშინელი რეაქცია. იმ დღეს ყველაფერი შემისრულა საერთოდ.
ილია ამ ასაკში უკვე ძალიან ცელქი იყო. უფრო რთული იყო მისი დამორჩილება. 1 წლის გახდა და გართულდა და გართულდა. კატოს ყველაფერი ესმის, რასაც სთხოვ, ყველაფერს გისრულებს. ბებიასთან ძალიან კარგად იქცევა ილია. მე რომ ვარ, კატოს გარეშეც ძალიან ცუდად იქცევა. როდესაც სამივეს ერთად გვძინავს, ილია მთელი ღამე ჩამეხუტეს იძახის. მე შუაში ვწევარ, აქეთ კატო მყავს, იქეთ ილია. ეს არის ჩემთვის ყველაზე კარგი პერიოდი, როდესაც ორივეს ძინავს და ორივე ჩემთან ერთად არის. მამასთან ერთადაც ძალიან უყვარს ძილი. მამა ძალიან აქტიურად არის ჩართული. მე და სანდრო ერთად ვზრდით ბავშვებს ძიძის გარეშე გადასარევად," მოცემულ საკითხზე რუსკა მაყაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.