როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„დღევანდელმა ბავშვმა არ იცის არც ბოდიში, არც გამარჯობა, არც ნახვამდის,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებს გაძლიერებისკენ მოუწოდა და ურჩია, რომ შვილებისთვის მისაბაძ მაგალითებად იქცნენ:
„პირველ რიგში, მშობლებს ვურჩევთ, რომ თვითონ გაძლიერდნენ, მისაბაძი მაგალითები გახდნენ თავიანთი შვილებისთვის. ხანდახან ბავშვს სახლობანას ვათამაშებთ ხოლმე. მშობლის მოყოლა არ მინდა, რა ხდება სახლში. ყველაფერი ცხადია. ბავშვი ყველაფერს მოყვება როლებში, პირებში, ზუსტად იმ ტექსტებს იტყვის, რა ტექსტებიც ესმის. ბავშვისთვის მიბაძვა და მიბაძვით სწავლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რატომ ვერ სწავლობს აუტისტური სპექტრის ბავშვი ენას? არ გამჩნევს, იმიტომ არა, რომ არ შეუძლია.“
თამარ გაგოშიძის თქმით, მშობელს ბავშვისთვის ბოდიშის მოხდა უნდა შეეძლოს, როდესაც შეცდომას უშვებს:
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც რაღაც გვეშლება და ბავშვსაც რაღაც ეშლება, ტრაგიკული სახე ამას არ მივცეთ. ბავშვს შეიძლება ბოდიში მოუხადო, რომ შეგეშალა, რომ უყვირე, რომ გამოხვედი წყობიდან. არ არის ეს შენი ავტორიტეტის დაცემა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი ბავშვისთვის. შენ აძლევ მას მაგალითს, რომ ბოდიში მოიხადოს. დღევანდელმა ბავშვმა არ იცის არც ბოდიში, არც გამარჯობა, არც ნახვამდის. „თუ შეიძლება“ ხომ არ იცის და არ იცის. ვინ უნდა ასწავლოს ეს? უცხო საზოგადოებაში რომ შევა, ნივთს რომ მოკიდებს ხელს და აიღებს, რომ ვეკითხებით: „თუ შეიძლება?“ მერე ისიც იმეორებს. ასეთი რაღაცები დაკავშირებულია ეთიკურ განვითარებასთან.“
თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღმა ბავშვს უპირველესად წესების დაცვა და ჯგუფში თანამშრომლობა უნდა ასწავლოს:
„ექვს წლამდე მოვიდა ბავშვი, ინტელექტი განუვითარდა, სოციალურად უკვე წარმოსახვით თამაშებს უნდა თამაშობდეს. სამი წლის ასაკში ბავშვს კარგი ფანტაზია აქვს. ემპათიას ბავშვი წარმოსახვითი თამაშით, ჯგუფური თამაშით სწავლობს, წესებს მიჰყვება. ექვსი წლისთვის ეს ყველაფერი დამთავრებული უნდა იყოს. საბავშვო ბაღმა უნდა ასწავლოს ბავშვს წესის დაცვა, გჯუფში თანამშრომლობა. ბავშვები ფეხბურთს რომ თამაშობენ, ბურთს არ აწვდიან ერთმანეთს. რომ ეკითხები რატომ, ის გაიტანს გოლს და მე არ გამოვჩნდებიო, გპასუხობენ. ასე იზრდება ჩვენი თაობები.“
„სასკოლო მზაობა არ არის, რომ ბავშვმა წერა-კითხვა იცის. ახლა ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებმაც ორი წლის ასაკში იციან ციფრები, ასოები, წერა და კითხვა, მაგრამ რად გინდა?! კომუნიკაცია არ შეუძლიათ, წერონ და იკითხონ. სკოლისთვის მზაობა არის მითითების შესრულება, ჯგუფის წესების მიყოლა, მოთხოვნის შესრულება. მე რომ მინდა და ისე ვაკეთებ, მაგრამ რომ არ მინდა და მაინც ვაკეთებ, აი, ეს არის ის ნახტომი, რომელიც არის სკოლასა და საბავშვო ბაღს შორის. სკოლაში მე მოთხოვნით უნდა ვაკეთებდე რაღაცებს. მე უკვე ჩემს ქცევაზე ვარ პასუხისმგებელი და მაინტერესებს მასწავლებელი და მშობელი რას იტყვიან ჩემს მიღწევაზე. ეს არის ძალიან სასარგებლო და ძალიან საშიში პერიოდი. ჩვენ თუ არასწორი უკუკავშირი მივეცით ბავშვს, შეიძლება თვითშეფასება საერთოდ დავუგდოთ,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.