როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვთან ენის მოჩლექით საუბარი არ არის კარგი სამეტყველო აპარატის სწორად ჩამოყალიბებისთვის,“ - ფსიქოლოგი ეკატერინე ბურკიაშვილი
ფსიქოლოგი ეკატერინე ბურკიაშვილი გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ბავშვის განვითარებაში მეტყველების როლზე საუბრობს:
„ჩვენ ვართ მოდელები ბავშვისთვის. ის ლაპარაკს მიბაძვით სწავლობს. თუ ჩვენი სიტყვები იქნება მკაფიო და წინადადებები არ იქნება რთული, თუ შევეცდებით მოკლე წინადადებებით ვესაუბროთ, ის უფრო მარტივად დაიწყებს საუბარს. თუ ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ორი წლის ასაკში ბავშვს არ შეუძლია მარტივი წინადადებების აწყობა, ურთულდება სიტყვის მიზანმიმართულად გამოყენება, მითითება, კომუნიკაცია, სჯობს ადრევე მივმართოთ ფსიქოლოგს და მეტყველების თერაპევტს. ორიდან სამ წლამდე ის პერიოდია, როდესაც მშობელი აუცილებლად მიხვდება, მისი შვილი რამდენად ფლობს ენას.“
„მშობელს შეუძლია, რომ ბავშვს ყურადღება გაუმახვილოს ყველაფერზე, რასაც გარემოში ვხედავთ. უთხრას შვილს: შეხედე, ახლა დავინახეთ ჩიტი. მშობლებმა ხშირად იციან ბავშვთან ენის მოჩლექით საუბარი, რაც არ არის კარგი სამეტყველო აპარატის სწორად ჩამოყალიბებისთვის. თუ შევამჩნევთ, რომ ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ვიზუალური მასალა, შევეცადოთ, ამაზე გავუმახვილოთ ყურადღება, გამოვიყენოთ ეს სურათ-ხატები იმისთვის, რომ მასთან დავამყაროთ კომუნიკაცია და ავამუშაოთ მისი სამეტყველო აპარატი,“ - აღნიშნავს ეკატერინე ბურკიაშვილი