როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მინდა დავამშვიდო ყველა, ეს არ არის დაავადება, რომელიც წამიერად კლავს ადამიანს,“ - ინფექციონისტი მაია ზალდასტანიშვილი
ინფექციონისტი მაია ზალდასტანიშვილი კორონავირუსის დიაგნოსტირებისას ტესტის შესაძლო ცდომილების შესახებ საუბრობს და ადამიანებს ურჩევს, ტესტირება ნაადრევად არ ჩაიტარონ:
„თუ ოჯახის წევრებიდან ერთს უდასტურდება კორონავირუსი, მეორეს კი არა, სავარაუდოდ, ორივეს აქვს კორონავირუსული ინფექცია. ერთთან არ მოხდა ვირუსის იდენტიფიცირება და მეორესთან მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდის ვიღებთ ტესტს. დაავადების დაწყებისთანავე თუ ხდება ტესტირება, შესაძლებელია, რომ მან არ აჩვენოს სწორი პასუხი. ყველას ვთხოვ, სიმპტომების დაწყებისთანავე ნუ ჩაიტარებენ ტესტირებას. პირველი ორი-სამი დღე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მინდა დავამშვიდო ყველა, ეს არ არის დაავადება, რომელიც წამიერად კლავს ადამიანს. ორი დღე დაიცადეთ, შეხედეთ თქვენს მდგომარეობას და ამის შემდეგ ჩაიტარეთ ტესტირება. ამ შემთხვევაში უფრო მეტად სარწმუნოა ტესტირების პასუხი. ასე რომ, მსგავს შემთხვევებში აუცილებლად ორივეს აქვს კორონავირუსი.“
მაია ზალდასტანიშვილის თქმით, ზოგჯერ ვირუსი ცხვირ-ხახაში საერთოდ არ გვხვდება, თუმცა ის ორგანიზმში არის:
„არის შემთხვევები, რომ ცხვირ-ხახაში საერთოდ ვერ ვიჭერთ ვირუსს. ის შეიძლება იყოს ფილტვიდან ამონაღებ ლავაში, თუ პირდაპირ ფილტვში მოხვდა ვირუსი. იშვიათ შემთხვევაში, ვირუსი შეიძლება მოხვდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და განავალში მოხდეს ვირუსის იდენტიფიცირება. თუ განმეორებით ტესტირებას ჩაიტარებს პაციენტი, ამ შემთხვევაში უკვე გამოჩნდება.“
„ექიმებს გვიჭირს პასუხის გაცემა, შესაძლებელია თუ არა ადამიანის მეორედ დაინფიცირება. იმედი გვაქვს, რომ კოვიდის გადატანიდან მომდევნო ექვსი თვე ადამიანი არ დაინფიცირდება. ამის შემდეგ უკვე რა იქნება, ამას ვერ გეტყვით. აღწერილია ექვსი თუ შვიდი შემთხვევა, როდესაც განმეორებითი დაინფიცირება მოხდა. ძალიან ხშირად ვირუსის ნარჩენები რჩება ცხვირ-ხახაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი ცოცხალია, მაგრამ ტესტმა შეიძლება აჩვენოს დადებითი პასუხი. ეს არც ისე იშვიათია. ტესტი არის ძალიან მგრძნობიარე. ვირუსის მკვდარი ნარჩენები ხანგრძლივად რჩება ცხვირ-ხახაში. სწორედ ამიტომ, შეიძლება მიიღოთ დადებითი პასუხი. თუ ადამიანი გახდა ავად, მას აქვს ხველა, სიცხე, სხვა რესპირატორული სიმპტომები, შესაძლოა, საქმე გვქონდეს სხვა ვირუსულ ინფექციასთანაც. სხვა ვირუსები ჯერჯერობით არ გამქრალა. ჩვენ ახლა ძირითადად აქცენტირება გვაქვს კორონავირუსზე, მაგრამ სხვა ვირუსებიც არის. მე მყავდა პაციენტი, რომელსაც ჰქონდა გახანგრძლივებული ცხელება და მას დაუდასტურდა ინფექციური მონონუკლეოზი,“ - აღნიშნავს მაია ზალდასტანიშვილი.