როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„დილით ბავშვი რომ ადგება, ის კი არა, რომ ჩქარა ჩავაცვათ, პატარა ფიზკულტურა გავაკეთოთ. ვარჯიში და გაკაჟება ნუ დაგვავიწყდება,“ - ყარამან ფაღავა
პედიატრმა ყარამან ფაღავამ 1-6 წლამდე ბავშვზე ზრუნვისა და მისი აღზრდის წესების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მშობელმა ამ ასაკში ბავშვს წესიერება და სისუფთავე უნდა ასწავლოს:
„ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ერთი წლიდან ექვს წლამდე, სკოლამდელი ასაკის პერიოდი. აქ ყალიბდება პიროვნების საფუძვლები. იქ სხვადასხვა მომენტებია, მაგ. წესიერება, სისუფთავე და სისალუქე. ნამეტანს ნუ მოვთხოვთ ბავშვს, რომ ბავშვი ძალიან სუფთა იყოს. ტალახი ბავშვისთვის რომანტიკაა. წესიერება კი ბავშვს უნდა შევაჩვიოთ. კი ისიც რომანტიკაა, რომ სათამაშოები მოფანტულია, მაგრამ მაინც უნდა მივაჩვიოთ, რომ დღის ბოლოს სათამაშოები ლამაზად დააწყოს. ეს იქნება წესრიგის შესწავლა და სილამაზის აღქმის განვითარება. დაწყობილ ნივთებს თავისი ესთეტიკური მნიშვნელობა აქვს.“
ყარამან ფაღავამ აღნიშნა, რომ ბავშვს დამოუკიდებლად ჩაცმა თანდათანობით უნდა ვასწავლოთ და მას იმაზე მეტი არ მოვთხოვოთ, ვიდრე შეუძლია:
„დამოუკიდებლად ჩაცმა ბავშვისთვის ამოცანაა. ერთი წლის ბავშვს ნუ ვაიძულებთ, რომ თასმები შეიკრას. თანდათანობით უნდა მივაჩვიოთ ამას. ყოველი ქმედება ხელს უწყობს ტვინის განვითარებას. პამპერსის გამოყენება ძალიან დიდხანს არ გვინდა, განსაკუთრებით ბიჭებისთვის. ბიჭის სასქესო ორგანოს განვითარებისთვის გრილი გარემოა უკეთესი, ზედმეტი ჩათბუნება არ ვარგა. ამიტომ სჯობს, რომ რაც შეიძლება ადრე გადავაჩვიოთ საბავშვო საფენებს.“
ყარამან ფაღავას თქმით, მშობლები ბავშვის კვებას ხშირად არასწორად უდგებიან. ისინი მეტისმეტად ბევრ საჭმელს სთავაზობენ შვილებს, რაც მათ ჭარბი წონის პრობლემის წინაშე აყენებს:
„სწორი კვება საოცრად მნიშვნელოვანი ამბავია. ძალიან ხშირად მაინც საჭმლის კულტია. ჩვენ უფროსები ვიკლებთ, ბავშვს ვაჭმევთ და ვაჭმევთ. გვიხარია, რომ ბავშვი მსუქანია. უახლესი მონაცემებით, 2-3 წლის ასაკში, თუ ბავშვი გასუქებულია, მომავალში მეტი რისკია ათეროსკლეროზის განვითარებისა და სიმსუქნის. ზომიერება აუცილებელია. ტკბილეული, კრემიანი ნამცხვარი, შოკოლადი არ გვჭირდება. შოკოლადი ალპინისტის საჭმელია, თორემ ბავშვს რად უნდა შოკოლადი?!“
„ვარჯიში და გაკაჟება ნუ დაგვავიწყდება. დილით ბავშვი რომ ადგება, ის კი არა, რომ ჩქარა ჩავაცვათ, პატარა ფიზკულტურა გავაკეთოთ. თუ დილით არ გამოდის, საღამოთი შეგვიძლია. გაასეირნეთ, გაესაუბრეთ. თავისუფალი დრო სწორად უნდა გამოიყენოთ. თავისუფალი დრო კარგია, მაგრამ თავისუფალი დრო არ ნიშნავს უსაქმურობას. ბავშვი რაღაცას სულ უნდა აკეთებდეს, რაღაცას უნდა აშენებდეს, რაღაცას უნდა ხატავდეს. ის მშობელსაც უნდა ეხმარებოდეს,“ - აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.