როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ბიჭის განვითარების 3 მნიშვნელოვანი ეტაპი, რომლის შესახებ ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
ფსიქოლოგები ბიჭის განვითარების სამ მნიშვნელოვან ეტაპს გამოყოფენ, რომელიც მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ასრულებს. ჩვენს სტატიაში სწორედ ამ ეტაპებს მიმოვიხილავთ.
1. დაბადებიდან ექვს წლამდე ასაკი
ჩვილს, განურჩევლად სქესისა, ჩვენგან სითბო, სიყვარული და ყურადღება ესაჭიროება. ჩვილებს მოსწონთ, როდესაც ვესაუბრებით, ვეთამაშებით და ვეფერებით. ზრდასთან ერთად ბიჭი სამყაროს განსხვავებული აქტივობებით იმეცნებს და ამ პროცესში მას მშობლების დახმარება ესაჭიროება. ფსიქოანალიტიკოსი ერიხ ფრომი დიდ ყურადღებას უთმობდა მშობლის როლს ბიჭის ადრეულ განვითარებაში. ფრომი თვლიდა, რომ თუ დედა დეპრესიით იტანჯება, ეს შვილზეც აისახება. დედა ბიჭის ცხოვრებაში მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლის როლს უნდა ასრულებდეს. მამა ბიჭისთვის ავტორიტეტი უნდა იყოს. ბიჭი სწორედ მამას უნდა ბაძავდეს და მისგან უნდა სწავლობდეს ცუდისა და კარგის გარჩევას. დედის სიყვარული უპირობოა. მამისგან სიყვარულის მისაღებად კი ბავშვს ქცევის წესების დაცვა და მორალური წესებისადმი მორჩილება სჭირდება. ფრომი თვლიდა, რომ თუ ეს ბალანსი დაცული არ არის, ბიჭი, შესაძლოა, ნარცისულ პიროვნებად ჩამოყალიბდეს ან ზრდასრულობაში მოძალადედ იქცეს. ორი წლის ასაკიდან დედამ ბიჭთან ურთიერთობაში გარკვეული საზღვრების დაწესება უნდა დაიწყოს.
2. ექვსიდან ცამეტ წლამდე ასაკი
აღნიშნულ ასაკში ბიჭს საკუთარი გენდერისადმი მიკუთვნებულობა მტკიცედ უყალიბდებდა. ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, რომ ბიჭის განვითარების ამ ეტაპზე შემდეგი რჩევები გაითვალისწინონ:
მშობლებმა აღნიშნულ ასაკში არ უნდა დაიწყონ ბიჭის დაცვა მასკულინური და აგრესიული თამაშებისგან, რომელიც ბავშვს მოსწონს. თუ ბიჭს სათამაშო იარაღი მოსწონს ან აგრესიულ ვიდეო თამაშებს ეტანება, აკრძალვის მიუხედავად, ის მაინც შეძლებს მსგავს თამაშებზე წვდომას.
ბიჭის ინდივიდუალურ ხასიათს პატივი უნდა სცეთ. თუ ბიჭს შედარებით ნაკლებად მასკულინური აქტივობები მოსწონს, მას ამის გამო პრობლემები არ უნდა შეუქმნათ.
ბიჭს კრიტიკასთან გამკლავება ასწავლეთ. აუცილებელია ბიჭმა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი არააგრესიული ფორმებით.
3. თოთხმეტი წლიდან ზრდასრულობამდე
ჰორომონალური აქტივობის ზრდის გამო ბიჭები ამ ასაკში აგრესიულები და აქტიურები ხდებიან. მშობელმა ამ ენერგიის სწორ მხარეს მიმართვა უნდა შეძლოს.
შვილს პასუხისმგებლობის აღებაში უნდა დაეხმაროთ და ასწავლოთ, რომ საკუთარ ქმედებებზე პასუხი თავად უნდა აგოს. პასუხისმგებლობა ადამიანის თანდაყოლილი უნარი არ არის, მისი სწავლება აუცილებელია. მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ ძალაუფლება, პრივილეგია და პასუხისმგებლობა განცალკევებულად არ არსებობს.
ბიჭს თავისუფლება მიეცით, რათა საკუთარ სურვილებსა და ინტერესებში კარგად გაერკვეს. ბავშვის თავისუფლების შეზღუდვა გამართლებულია, თუ ის ცუდ წრეში ტრიალებს და საფრთხეშია.
დისციპლინა და წესები მკაცრად უნდა იყოს გაწერილი. ორივე მშობელი დასჯისა და წახალისების ერთნაირ მეთოდებს უნდა იყენებდეს, რათა ბავშვისთვის ყველაფერი ცხადი და გასაგები იყოს.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მშობელი იდეალურ როლურ მოდელს წარმოადგენდეს. არ აქვს მნიშვნელობა, რას ასწავლით შვილს. თუ თქვენი ქცევა საპირისპიროა, ის თქვენს დარიგეგებს არ გაითვალისწინებს. თუ შვილისთვის კარგი მაგალითი იქნებით, მასთან ურთიერთობაში პრობლემები ნაკლებად შეგექმნებათ.