როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„სასუნთქი სისტემის დაავადებებს ცოტათი სიტკბო უყვარს. დაშაქრული ან მურაბიანი ცხელი წყალი ხველას აწყნარებს,” - ყარამან ფაღავა
პედიატრმა ყარამან ფაღავამ წამლების გამოყენების დროს მტკიცებულებებზე დაყრდნობის საჭიროებაზე ისაუბრა. მან ხველის დროს ეფექტიანი სამკურნალო საშუალებებიც დაასახელა:
„ნებისმიერი წამლის ეფექტიანობაზე როდესაც ვსაუბრობთ, გვესაჭიროება მტკიცებულებები. უამრავი წამალია, რომელზეც მტკიცებულება არ გვაქვს, მაგრამ ვიყენებთ ხოლმე. საჭიროა უკუკავშირი. წამალს რომ გამოიყენებ, დააკვირდი შველის თუ არ შველის. ექიმმაც და მშობელმაც უნდა წაიკითხოს ინსტრუქცია. თუ გვერდითი მოვლენა განვითარდა, სჯობს სხვა წამალზე გადავიდეთ.“
ყარამან ფაღავამ აღნიშნა, რომ ხველის დროს ტკბილი სითხეების დალევა სასარგებლოა:
„უბრალო წამალია თაფლიანი წყალი. არავის არ ჩაუტარებია კვლევა, მაგრამ ძალიან ფართოდ ვიყენებთ. მოტკბო ხსნარები, დაშაქრული ან მურაბიანი ცხელი წყალი ხველას გარკვეულწილად აწყნარებს. სასუნთქი სისტემის დაავადებებს ცოტათი სიტკბო უყვარს. ფაღარათს მლაშე უყვარს. ტკბილ წყლებს ფაღარათის დროს ნუ დაუნიშნავთ ბავშვს. რაც შეეხება თაფლს, ზოგიერთები პატარა ბავშვებსაც თაფლს აძლევენ. აღწერილია შემთხვევები, რომ თაფლი ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ბოტულიზმს იწვევს. ამიტომაც თაფლის მიმართ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.“
ყარამან ფაღავას თქმით, ბალახოვან წამლებთანაც სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო:
„ზოგიერთს ძალიან უყვარს ბალახოვანი წამლები. ამბობენ, რომ უვნებელიაო. მედიცინის ლეგენდარული შემქმნელი მედეა ბალახებს აკეთებდა მხოლოდ, მაგრამ ამ ბალახებისგან შხამებსაც აკეთებდა. მიუხედავად ამისა, მე უარს არ ვამბობ ბალახოვან პრეპარატებზე. ერთი პრეპარატი მიყვარს. წამლის დასახელების თქმა არ მინდა, მაგრამ მსურველი დაინტერესდება. ის შეიცავს ყაყაჩოს. ეს არის ოპიატის მსგავსი ნივთიერება, რომელსაც აქვს ხველის ცენტრალური დათრგუნვის შესაძლებლობა.“
„ხველის პროფილაქტიკა და ირიტანტების თავიდან აცილებაც საჭიროა. ძველი საშუალებაა, მაგრამ შველის ხშირად რეფლექსოგენური ზონების გაღიზიანება. რეფლექსოგენური ზონაა მკერდის ძვალი, ზუსტად შუახაზზე და უკან ხერხემლის ორივე მხარეს. ძველი მეთოდია თხის ქონით დაზელვა, კარაქი და იოდი, ამას რომ წავუსვამთ ძალიან ხშირად ეფექტი გვაქვს. ამ წასმით წაგებით არაფერს წავაგებთ, შედეგი კი შეიძლება იყოს. შესანიშნავია მაღალი მთა. აქ გამღიზიანებელი ნივთიერებები ნაკლებია, უფრო სუფთაა ჰაერი. მე დასავლეთელი ვარ, მაგრამ ჰავა, რასაკვრიველია, აღმოსავლეთ საქართველოსი სჯობს. თუ ბავშვი მიდრეკილია ხველებისადმი, მისთვის აღმოსავლეთ საქართველოს მთა შესანიშნავია,“ - აღნიშნულ საკითხებზე ყარამან ფაღავამ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.