როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ორი წლის ბავშვი უნდა ცდილობდეს ორი სიტყვის გადაბმას და ორსიტყვიანი წინადადებების გამოყენებას,“ - მარიამ ხვადაგიანი
ნეიროფსიქოლოგმა მარიამ ხვადაგიანმა ბავშვებში მეტყველების განვითარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლამდე ასაკის ბავშვს გარკვეული სიტყვების მნიშვნელობა უკვე ესმის:
„ერთ წლამდე ბავშვს უკვე ესმის: „დედა.“ წლამდე ასაკის ბავშვს რომ ეკითხები: სად არის დედა? ის უყურებს დედას. შეიძლება ვერ ამბობდეს, მაგრამ დედას უყურებს. ბავშვს მისთვის მნიშვნელოვანი საგნების შესახებ ინფორმაციაზე უკვე წვდომა აქვს და მას მნიშვნელობას აძლევს. ერთი წლის ბავშვს უნდა ჰქონდეს გარკვეული სიტყვები, თუმცა ეს არის ძალიან ინდივიდუალური.“
მარიამ ხვადაგიანის თქმით, ბავშვს ზოგჯერ უჭირს ბგერების წარმოთქმა და მასთან ენისა და მეტყველების თერაპევტის მუშაობაა საჭირო:
„რაც შეეხება უშუალოდ მეტყველებას, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბგერებს ვერ ამბობს ბავშვი, შესაძლოა, უჭირდეს არტიკულაცია. ამ შემთხვევაში ბავშვთან მუშაობენ ენისა და მეტყველების თერაპევტები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა გაიგოს მიმართული ენა. ხშირად მშობელს აწუხებს, რომ ბავშვი ვერ საუბრობს ორი წლის ასაკში. თუ ვეკითხებით: შეუძლია ბავშვს ინსტრუქციის შესრულება? აღმოჩნდება, რომ არ შეუძლია, იმიტომ, რომ ვერ იგებს შინაარს. განსაკუთრებით ორი წელი არის ძალიან მტკივნეული, როდესაც ვამბობთ, რომ ორი წლის ბავშვი უნდა ცდილობდეს ორი სიტყვის გადაბმას და ორსიტყვიანი წინადადებების გამოყენებას, მშობლები ხშირად ღელავენ, რომ მათი შვილი ამას არ ცდილობს. პირველ რიგში, ვაკვირდებით, რამდენად ესმის ბავშვს მიმართული მეტყველება, რამდენად ასრულებს ინსტრუქციებს, სახლში არსებული საგნების მნიშვნელობა რამდენად ესმის.“
„ორი წლის ბავშვი, თუ იგებს ნათქვამის შინაარსს და ინსტრუქციებს ასრულებს, მაგრამ ვერ საუბრობს, 2-3 თვე შეგვიძლია დაველოდოთ. თუ წარმოთქმის პრობლემაა, არის მარტივი სავარჯიშოები. ერთ-ერთი ვარჯიში არის სულის შებერვა, სანთლის ჩაქრობა. ვითომ მაიმუნები ვართ, დავიჭყანოთ მაიმუნებივით, ხან ტუჩები შევკრათ, ძალიან გავიღიმოთ. ზოგჯერ არის, რომ მშობელმაც გვიან დაიწყო საუბარი და ამიტომ ელოდებიან. ეს პირიქით ნიშანია, რომ მშობელს პრობლემა ჰქონდა და გენეტიკურად საფრთხე არსებობს, რის გამოც, ვცდილობთ ჩარევას,” - აღნიშნულ საკითხზე მარიამ ხვადაგიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.