როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ეპითეტებით: „შე უზრდელო, შე ასეთო და ისეთო,“ მიმართვას აზრი არ აქვს. საუბარს ვიწყებთ პირველი პირით,“ - თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებისა და თინეიჯერების ურთიერთობის პრობლემებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გაღიზიანებულ და ემოციურ მდგომარეობაში მყოფ თინეიჯერთან სიმშვიდის შენარჩუნება და შემდგომ დისკუსიის გამართვა ამართლებს:
„დისკუსია არის ძალიან დამღლელი მშობლისთვის. ეს მთელ ენერგიას გაცლით, მაგრამ, სხვა გზა არ გაქვთ. ეპითეტებით: „შე უზრდელო, შე ასეთო და ისეთო,“ ამ ტექსტით მიმართვას აზრი არ აქვს. ვიწყებთ პირველი პირით, რომ მე არ გელაპარაკები ასე და არ მომწონს, რომ შენ ასე მელაპარაკები. მოდი, გავარკვიოთ რა გინდა. ასეთი დისკუსია და საუბრები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის უებარი წამალი ასეთი აფეთქებების ჩასაქრობად. მსჯელობაზე გადასვლისთანავე ემოცია ნელდება.“
თამარ გაგოშიძემ მშობლებს ურჩია არ ეკონტაქტონ ბავშვს, როდესაც ის ყვირის და ჩხუბობს:
„არის მეორე გზაც: როდესაც ის ყვირის და ჩხუბობს, თქვენ არ ეკონტაქტებით, თუ ხელით არ შეგეხოთ, ასეთებიც ხდება. ერთია სტრატეგია, როდესაც ძალიან აფეთქებულია მოზარდი და აცლით, როდის დაიცლება. მერე ესაუბრებით აუცილებლად. თუ წუწუნებს და ჯიჯღინებს, რაღაც პერიოდიდან შეიძლება მისი გამოწვევა დისკუსიაში. ეს არის ძალიან დამღლელი. ამას სჯობს თოხით თოხნა. მე მესმის კარგად. სერიოზულად ვამბობ ამას, იმიტომ, რომ მეც მქონია ასეთი მძიმე გამოცდილება. გეგონება, ტონა ტვირთი ათრიე, ისეთი განცდა გაქვს ხოლმე მერე. ეს არის ბრძოლა, ბრძოლა ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის. ეს ბრძოლა ჩვენ უნდა მოვიგოთ ისე, რომ ისინი არ გავანადგუროთ და ცხოვრება არ გავუნადგუროთ. გარდატეხის ასაკში მნიშვნელოვანია დისკუსია, მსჯელობა. არა „შენ“ პოზიცია, რომ შენ ასეთი ხარ და ისეთი ხარ. ამაზე თავს ვიკავებთ და ამას არ ვეუბნებით. ხანდახან კი გინდა, რომ გაწიწკნო, მაგრამ სჯობს რომ ეს არ გააკეთო.“
„რაღაც შემთხვევაში ვახსენებთ მოზარდებს, რომ ისინი სრულწლოვანები არ არიან და ჩვენ ვართ მათზე პასუხისმგებლები. სწორედ ამიტომ ჩვენ ვითხოვთ ერთმანეთთან გამოცდილებების გაზიარებას. როდესაც ეს ყოველდღიურად წვეთავს ნელ-ნელა, ამას ყოველთვის მოაქვს შედეგი. არ უნდა გეშინოდეთ. როგორც წესი, თინეიჯერი შვილების მშობლებს თავიანთი შვილების ეშინიათ. გეშინია ემოციების, აფეთქების, დაკარგული გაქვს უკვე ავტორიტეტი. ამას უნდა შეეგუო. შენ ეს ავტორიტეტი თავიდან უნდა მოიპოვო. გარდატეხის ასაკი სწორედ ეს არის, რომ თინეიჯერმა ავტორიტეტები უნდა დაამსხვრიოს,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძე