როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ზაფხული მარტო დასვენება კი არ არის, ეს არის პერიოდი გამოცდილებისთვის,“ - ბავშვთა ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი
ბავშვთა ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა ბავშვის ცხოვრებაში ზაფხულისა და დასვენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ზაფხულში ბავშვმა უნდა აინაზღაუროს ყველა დანაკლისი, რომელიც წლის განმავლობაში აქვს:
„მადლობა ღმერთს, რომ ზაფხულის პერიოდი არსებობს. ზაფხული არის პერიოდი, როდესაც რისი დანაკლისიც კი ბავშვს აქვს წლის განმავლობაში, იქნება ეს სივრცე, სიყვარული, თავისუფალი დრო, მეგობრებთან ურთიერთობა, პირველ რიგში, ეს უნდა აინაზღაუროს. ჩვენ ამაში ხელი კი არ უნდა შევუშალოთ, არამედ შევუწყოთ. მე ვფიქრობ, რომ შემეცნებისთვის დრო ყოველთვის რჩება. არ არის აუცილებელი, რომ ამას დავარქვათ სწავლის საათი ან ბავშვი დავსვათ კაბინეტში, სადაც წიგნები უნდა გადმოიღოს და იმეცადინოს.“
მზიკო დალაქიშვილის თქმით, ზაფხული არ არის მხოლოდ დასვენების პერიოდი, არამედ გამოცდილების მიღების პერიოდია:
„ზაფხული არის პერიოდი, როდესაც ნამდვილი რამეების აღმოჩენა შეუძლიათ ბავშვებს. ზაფხული მარტო დასვენება კი არ არის. შეიძლება ბავშვმა ისეთ ინტერესს მიაგნოს, რომლისთვისაც წლის განმავლობაში დრო საერთოდ არ ჰქონდა. აქაც ჩვენი ჩართულობა აუცილებელია. თუ ჩვენ მას არ მივეცით ამისი სივრცე, არ გამოვა. რა იქნებოდა კარგი ქცევა მშობლის მხრიდან? თუ გამონახავს დროს და ბავშვს წაიყვანს ლაშქრობაში, სადაც ბევრი რამის შემეცნებასთან ერთად დიდი სივრცეა საინტერესო საუბრებისთვის. ეს არის პერიოდი გამოცდილებისთვის.“
„თამაშით სწავლება რას გულისხმობს? ბავშვი გამოცდილებით უნდა მისწვდეს ცოდნას. ზოგადად რეჟიმს და მოწესრიგებულ დღის განრიგს ძალიან კარგი გავლენა აქვს ბავშვის და დიდების ცხოვრებაშიც. ზაფხულში ბავშვს თავისუფლებას ვაძლევთ ჩარჩოს პირობებში. სადილიდან ვახშმამდე, როდესაც მცხუნვარე მზეა, ორგანიზმიც მოდუნებულია, ძალიან კარგი დროა იმისთვის, რომ ბავშვი წავახალისოთ, რომ რაღაც წაიკითხოს. თუ ვატყობთ, რომ ბავშვს არ უნდა, დავფიქრდეთ, რატომ არ უნდა კითხვა, ხომ არ უჭირს? ფაქტია, რომ დამოკიდებულებაშია პრობლემა. თუ ბავშვს კატეგორიულად არ უნდა წიგნთან მისვლა, იქ სხვა რამეა გამოსაძიებელი,“ - აღნიშნულ საკითხებზე მზიკო დალაქიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.