ბოლო დროს იმატა დიაბეტით დაავადებული ბავშვების რიცხვმა. ნიშნები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ბავშვს შაქრიანი დიაბეტი აქვს, როგორ უნდა ავარიდოთ ეს დაავადება პატარას? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმი-ენდოკრინოლოგი მარიამ ფხალაძე.
- ქალბატონო მარიამ, თქვენი აზრით, რას უკავშირდება, ბოლო პერიოდში დიაბეტით დაავადებული ბავშვების რიცხვის ზრდა?
- ბევრი ფაქტორი არსებობს. ბავშვთა ასაკში, ზოგადად, არის ავტოიმუნური ტიპის დიაბეტი, ამის გარდა, რა თქმა უნდა, ეკოლოგიური, კვებითი ფაქტორები, რაც ხელს უწყობს დიაბეტით დაავადებულთა რიცხვის ზრდას. რაც შეეხება ვირუსებს, ისინი არ იწვევს დიაბეტის გამოვლენას, უბრალოდ მრავლობითი ვირუსული ინფექციების ფონზე ხდება პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის გამოვლენის დაჩქარება.
- რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა, რომ არ გამოეპაროს დიაბეტის კლინიკური ნიშნები?
- მშობელმა აუცილებელია, ყურადღება მიაქციოს: გაძლიერებულ წყურვილს, შარდვას და წონის კლებას.
- შაქრიანი დიაბეტი არის თუ არა გენეტიკური დაავადება? რომელი ხაზით გადადის, დედის თუ მამის?
- გენეტიკურად ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ზოგადად, დიაბეტის სხვადასხვა ტიპი არსებობს, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში 90%-ით შესაძლებელია, ხოლო პირველი ტიპის დიაბეტის შემთხვევაში ძალიან მცირე, 20-25% შეიძლება იყოს. ბავშვთა ასაკში ძირითადად, პირველი ტიპია გავრცელებული და ამ შემთხვევაში, როდესაც არის ინსულინდამოკიდებული, ამ ტიპის შაქრიანი დიაბეტი ნაკლებად არის გენეტიკურად განწყობილი. თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, რომ გენეტიკა დატვირთული აქვთ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით.
- ვიცით, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას. რა დოზით უნდა მივცეთ ტკბილეული ბავშვებს, საერთოდ უნდა ამოვიღოთ თუ არა კვების რაციონიდან?
- მინიმალური დოზით შესაძლებელია, მივაღებინოთ ჯანსაღი ტკბილეული, როგორიცაა შავი შოკოლადი და კვირაში ერთხელ ან ორჯერ კვების რაციონში ტკბილეული ჩავურთოთ, მაგალითად, ჩირის სახით. ზოგადად, ჯანმრთელობისთვის საზიანოა ტკბილი გაზიანი სასმელები, სწრაფი კვების ობიექტებიდან მიღებული არაჯანსაღი საკვები, ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, საზიანოა დიდი დოზით მიღებული ნამცხვრები, ტორტები, შოკოლადები და ა.შ.
- რამდენად ხშირია სტრესული ფაქტორით გამოწვეული დიაბეტი ბავშვებში?
- შესაძლებელია, სტრესმა მოახდინოს პროვოცირება და გამოვლენის დაჩქარება, მაგრამ დიაბეტის განვითარება, იმის გამო, რომ ბავშვმა გადაიტანა სტრესი, ეს პრაქტიკულად არ ხდება. როგორც უკვე ვთქვი, სტრესი უბრალოდ აჩქარებს.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მშობლებს ვურჩევ, რომ ხშირად არ იხმარონ ცხვირის გამხსნელი საშუალებები, რამეთუ ცხვირის გაჭედვა ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე
პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ცხვირის გაჭედვითა და ცხვირიდან გამონადენით მიმდინარე ვირუსული ინფექციების შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:
„ბავშვებში ცხვირიდან როგორც წინა, ისე უკანა გადანადენის სინდრომები ხშირია. ამის ერთ-ერთი ხშირი გამომწვევი გარდა რინოვირუსისა, შეიძლება იყოს სტრეპტოკოკი. იმ შემთხვევაში, როდესაც ცხვირიდან გამონადენი 15 დღეზე მეტხანს გრძელდება, მოწოდებულია 14-დან 28 დღემდე ანტიბიოტიკოთერაპია ამოქსაცილინის ჯგუფის პრეპარატებით, მიუხედავად ცხელების არსებობისა.“
„ვურჩევ, რომ ხშირად არ იხმარონ ცხვირის გამხსნელი საშუალებები. ცხვირის გაჭედვა არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია და თუ ბავშვი იტანს ამას, საერთოდ სჯობს, რომ არც იხმარონ, რამეთუ ესეც ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა, რომ რესპირაციული პათოგენი ლორწოვანის შეშუპებით და ცხვირიდან გამონადენით იქნას მოშორებული,“ - აღნიშნა თემურ მიქელაძემ.