Baby Bag

„ვირუსული ინფექციის მიმდინარეობის დროს, ბავშვმა უნდა მიიღოს ნებისმიერი საკვები, რაც მას უნდა,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

​​პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვებში კორონავირუსის მიმდინარეობის თავისებურებებზე საუბრობს და მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, პანიკა თავიდან უნდა ავირიდოთ:

„ბავშვებს სასწრაფო ჩარევა არ სჭირდებათ. მთავარია ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინება, ჰიგიენური ნორმების დაცვა, სოციალური დისტანცირება, პირადი პასუხისმგებლობა. დავამატებდი, რომ არის პანიკა. პანიკით მოცულია საზოგადოება. ეს პანიკა მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ მშობლებს. ასეთ ინფორმაციას რომ თავისი ექიმისგან იგებს მშობელი, მშვიდდება. რა თქმა უნდა, მთავარია ნდობა. როდესაც ონლაინ ვურთიერთობ პაციენტთან, პანიკაც იხსნება.“

​თემურ მიქელაძის თქმით, კორონავირუსს ისევე უნდა ვუმკურნალოთ, როგორც სხვა რესპირატორულ-ვირუსულ ინფექციებს:

„მოგეხსენებათ, ეს არის რესპირატორულ-ვირუსული ინფექცია. მას უნდა ვუმკურნალოთ როგორც ნებისმიერ სხვა რესპირაციულ-ვირუსულ ინფექციას, რინოვირუსს, ადენოვირუსს, გრიპს და ა.შ. როგორც წესი, ვირუსი ყველასთან მიმდინარეობს ტემპერატურით. ტემპერატურას ჩვენ არ უნდა ვებრძოლოთ, თუ ბავშვი იტანს ტემპერატურას. სიცხის დამწევი საშუალებები უნდა გამოვიყენოთ 39 ტემპერატურიდან. მანამდე, თუ ბავშვს არ აქვს დამძიმებული ანამნეზი, შეგვიძლია, საერთოდ არ გამოვიყენოთ.“

თემურ მიქელაძე მშობლებს ურჩევს, ​ბავშვები სითხეებით დატვირთონ:

„ბავშვი აუცილებლად უნდა დავტვირთოთ სითხეებით. თავიდან უნდა ავიცილოთ გამოშრობა, გადახურება და ა.შ. სჯობს ბავშვს მივცეთ წყალი. რაც შეეხება კომპოტებს, თუ კომპოტი იქნება ნაკლებად დაშაქრული ან საერთოდ არ ექნება შაქარი, უკეთესიც არის. მთავარია კონცენტრაცია არ იყოს ხილის მეტი, რომ ბავშვს კუჭის ლორწოვანი არ გავუღიზიანოთ. თუ იქნება სუსტი კომპოტი, არანაირი პრობლემა არ არის. კარგია მინერალური წყალიც, თუ საერთოდ არ იქნება გაზირებული.“

თემურ მიქელაძე აღნიშნავს, რომ ბავშვებს კორონავირუსული ინფექციის დროს განსაკუთრებული დიეტის დაცვა არ სჭირდებათ:

„აუცილებელი არ არის დიეტური რეკომენდაცია. ​ვირუსული ინფექ​ციის მიმდინარეობის დროს, ბავშვმა უნდა მიიღოს ნებისმიერი საკვები, რაც უნდა. ეს ეხება შოკოლადს, სწრაფი კვების პროდუქტებს. მე ზოგადად წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ამ შემთვევაში, ბავშვს უნდა მივცეთ ეს საკვებიც, თუ მას სურს. მთავარია, მშობელი არ აყვეს პანიკას. ვირუსი მართოს ისე, როგორც ადრე მართავდა სხვა ვირუსულ დაავადებებს. ბავშვი ამ ვირუსულ ინფექციას გაცილებით იოლად გადაიტანს, ვიდრე სხვა ვირუსულ ინფექციებს.“

თემურ მიქელაძის თქმით, მშობელი ექიმს ბავშვის დაინფიცირებისთანავე უნდა დაუკავშირდეს და მასთან ხშირად იკონტაქტოს:

​მშობელმა ექიმი თავიდანვე უნდა ჩართოს ბავშვის მკურნალობაში. მას მუდმივი კავშირი უნდა ჰქონდეს ექიმთან. მთავარია, სუნთქვის სიხშირის მომატება. ასაკის მიხედვით უნდა დავაკვირდეთ მონაცემებს. წლამდე ეს არის 50-ზე მეტი, ხუთ წლამდე 40-ზე მეტი და ხუთი წლის შემდეგ 30-ზე მეტი არის საყურადღებო. თუ ბავშვი მივარდნილია, ლეთარგიულია, ცნობიერების დაბინდვა აქვს, მისი ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია. ასეთი შემთხვევები ბავშვთა პოპულაციაში შეიძლება გვქონდეს 0,8 %.“

„ახალშობილებშიც მსუბუქი სიმპტომატიკაა. 99 % ბავშვებში ასე მიმდინარეობს. ასევეა ორსულებშიც. ორსულებს უფრო მხარდაჭერა სჭირდებათ, მუდმივი მეთვალყურეობა, ექიმთან კონტაქტი, სითხეებით დატვირთვა. ორსულებთანაც მსუბუქად მიმდინარეობს კორონავირუსი. ორსულები არ მიეკუთვნებიან განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს,“ - აღნიშნავს ​თემურ მიქელაძე.

წყარო: ​იმედის დღე

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

„იმის ლოდინი სასწრაფო როდის მოვა და ტესტირებაზე გავარდნა არის აბსოლუტური აბსურდი,“ - პედია...
​პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვებში კორონავირუსული ინფექციის მიმდინარეობის თავისებურებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვირუსი პატარებში უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს:„რა თქმა უნდა, პნევმონია ყველასთან...

შეიძლება დაინტერესდეთ

„როგორ შეიძლება უთხრა ადამიანს, რომელსაც აქვს 8000-ზე მეტი ეს ანტისხეული, რომ უნდა აიცრას?!“ - ექიმი იაგო ფრანგიშვილი

„როგორ შეიძლება უთხრა ადამიანს, რომელსაც აქვს 8000-ზე მეტი ეს ანტისხეული, რომ უნდა აიცრას?!“ - ექიმი იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ტესტირების გზით ორგანიზმში ანტისხეულების განსაზღვრის წესს განმარტავს:

„უკვე, ალბათ, მეხუთასედ, არ ვაჭარბებ ნამდვილად და მეხუთასე იქნება, რომ მიგზავნიან კოვიდ ანტიხეულების ტესტს და იმიტომ, რომ ადამიანებს ეუბნებიან არ აქვს საერთოდ კონტაქტი, არ ჰქონია საერთოდ კონტაქტი კორონასთან.

​უპირველესად კოვიდის სპეციფიური იმუნგლობულინი გ დადებითია, იზომება, ნიშნავს რომ კორონასთან გქონდა კონტაქტი,იქნებ არ იყავი ავად, მაგრამ, ორგანიზმმა იცის რაა კორონა და იცის, იცნობს ანტისხეულის დამზადების მეთოდს.

სხვა საკითხია, რამდენად ეფექტურია და აქ ზოგ ლაბორატორიას აქვს ნორმად სამი, ზოგს რვა და ზოგი მიუთითებს რომ 30-ზე მაღალი უნდა იყოს.

ეს საკითხი არაა მთლად გარკვეული და ამაზე დისკუსია არ ღირს, მაგრამ, დადებითის დროს რომ კორონასთან კონტაქტი ჰქონდა შენს იმუნურ სისტემას, ამის უარყოფა არის ფეიკი, ტვინის რეცხვა, სიცრუე.

იმუნგლობინი მ კი არის აქტიური ან ქრონიკულად პერსისტირებული კორონას დასტური. არის ხოლმე შემთხვევები, როცა რამდენიმე თვის კორონას გადატანის მერე რჩება დადებითი, მაგრამ არაა არავითარი დაავადების ნიშანი, მაშინაც ითვლება რომ კოვიდის პირდაპირი დასტურია და აქ აცრა რატო უნდა ურჩიო, ან დააძალო, აი, ეს არაფრით არ მესმის.

გაცილებით უფრო საინტერესოა კორონას ე.წ. სპაიკ პროტეინის გამოკვლევა.

აქ ქვემოთ გერმანულად წერია, დიდი და მილიონერი რომ გახდა კოვიდის დროს აი ისეთი ლაბორატორიის განმარტებაა, თუ რას ნიშნავს SARS CoV 2S ანუ სპაიკ პროტეინი.

დამერწმუნეთ, რომ ეს ლაბორატორია რაც შეიძლება და რაც კანონიერად, სამედიცინო თვალსაზრისით შესაძლებელია, პროპაგირებს აცრასაც, ყველა კოვიდგადატანილის დატესტვასაც აქვს თუარა საკმარისი ანტისხეული და არავითარ შემთხვევაში არაა კოვიდისადმი დიფერენცირებული მიდგომის მომხრე და ეს რომ დაწერს კოვიდის სპაიკ ანტისხეულით შეგიძლია განსაზღვრო, მიუხედავად პსრ უარყოფითი ტესტებისა, აქვს ან ჰქონდაო კოვიდი, მაშინ ეს ნათლად ასეა, არაა სადისკუსიო.

როცა ეს გეუბნება რომ ასი პროცენტით შემიძლია შენი იმუნიზირებული სტატუსის განსაზღვრა ან კოვიდის და ან მრნმ ვაქცინის მერეო, ანუ სპაიკის სისტემის ვაქცინების, ბიონტექ/ფაიზერი და მოდერნის აცრის მერეო, ეს ნაღდად ასეა. ჰოდა, ​როგორ შეიძლება უთხრა ადამიანს, რომელსაც აქვს 8000-ზე მეტი ეს ანტისხეული, როგორ შეიძლება უთხრა რომ უნდა აიცრას? ასეთი ადამიანი დაცულია არამარტო კორონათი დაავადებისაგან, არამედ 99,84%-ით დაცულია, რომ არც შეეყრება.

ამგვარი არაადამიანური, კატასტროფული და არადიფერენცირებული მიდგომის ბრალია, რომ არც ექიმის და არც აცრის სჯერათ დაახლოებით 25%-ს და ეს არამარტო საქართველოში,“ - წერს იაგო ფრანგიშვილი.

წაიკითხეთ სრულად