რა საფრთხის წინაშე აყენებს ეკრანდამოკიდებულება ბავშვს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ თავიდან აირიდოს მისგან გამოწვეული დაავადებები - აღნიშნულ თემებზე Momsedu.ge-ს ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე ესაუბრა.
- ქალბატონო ნანა, ბავშვებში ეკრანდამოკიდებულება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მშობლებისთვის. რამდენად დიდია შანსი, ეს პრობლემა გადაიზარდოს დაავადებად?
- ნებისმიერი დამოკიდებულება შეიძლება, გადაიზარდოს დაავადებად. ამ დამოკიდებულებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ამა თუ იმ ორგანოთა სისტემის დაავადებები. როგორიც არის ნევროლოგიური, ასევე სხვა ორგანოების, მაგალითად, მხედველობის.
- ეკრანდამოკიდებულება ხელს უწყობს ძილის დარღვევას, თუმცა უფრო კონკრეტულად, რა რისკების წინაშე ვდგებით, როდესაც გამოსხივება ძილის ხარისხზე ახდენს გავლენას ან როგორ შეიძლება გამოვლინდეს ეს პრობლემა? დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მოვწყვიტოთ ბავშვი ეკრანს?
- დაძინება და ჩაძინებისთვის ორგანიზმში აუცილებელია წარმოიშვას მელატონინი. მელატონინი არის ის ჰორმონი, რომელიც დაძინებას უწყობს ხელს. მისი გამომუშავებისთვის აუცილებელია სიბნელეში ყოფნა. გამოსხივება მთლიანად თრგუნავს მელატონინის გამოყოფას. შესაბამისად, ზოგჯერ მშობლები ბავშვებს რომ ჩააწვენენ ლოგინში, ჩაურთავენ ტელეფონს და ჰგონიათ, ჩაეძინება ბავშვს, ეს არის მცდარი შეხედულება. გამოსხივება ჩაძინების გახანგრძლივებაზე მოქმედებს. ძილისწინ უმჯობესია რაიმე რუტინული სამუშაო, თუნდაც აბაზანის მიღება, მშობლებმა უნდა გამონახონ დრო, მიუჯდნენ, ზღაპარი წაუკითხონ, ანუ გაჯეტი ჩაანაცვლოს მშობელმა, ბებიამ ან აღმზრდელმა.
- მშობლებმა დღეში რამდენ ხანს უნდა გამოიყენოს 5 წლამდე ასაკის ბავშვთან ციფრული ტექნოლოგია, რომ არ დადგეს ბავშვის განვითარების საფრთხე?
- ორ საათზე მეტი ნამდვილად არ შეიძლება, ესეც მაქსიმუმ და არავითარ შემთხვევაში ამ ორი საათის განმავლობაში გადაბმულად არ უნდა უყურებდეს ტელევიზორს და არ უნდა ეჭიროს ხელში გაჯეტი.
- რატომ არ უნდა გავართოთ ბავშვი სმარტფონებით ჭამის დროს?
- ჭამა არის თვითონ ისეთი პროცესი, რომლის შემდეგ იწყება დანაყრება და კუჭში ჩასული საჭმელი ტვინს აძლევს სიგნალს, რომ დანაყრდა, ამიტომ მთელი ყურადღება მომართული უნდა იყოს ჭამის პროცესზე. როდესაც ჩვენ ბავშვს ვართობთ, მისი ყურადღება გადადის სხვა რამეზე, თუნდაც ტელევიზორზე, მობილურზე. ბავშვი მექანიკურად აღებს პირს და ყლაპავს, შესაბამისად, ვერ კონცენტრირდება უშუალოდ ჭამის პროცესზე. ამ კვების ჩამოყალიბებას ეწოდება „შეუმჩნეველი კვება“. შემდგომში უკვე ყალიბდება მანკიერი რეფლექსი, როდესაც ტელევიზორის ყურების დროს ერთობა და ისე ჭამს, ვერ აკონტროლებს მიღებული საკვების რაოდენობას. სწორედ ეს ხდება სიმსუქნის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი.
- დღესდღეობით, მშობლების დიდი ნაწილი საჭიროდ თვლის, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეს მობილური გაატანოს სკოლაში, ბავშვები ამას ცუდად იყენებენ, უქვეითდებათ სწავლის სურვილი, ექმნებათ მხედველობასთან ან ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები. რას ურჩევდით მშობლებს, როგორ მიუდგნენ ამ ასაკის ბავშვებს?
- მოდით, დავიწყოთ იმით, რომ დღევანდელ დროში მობილურის გარეშე არსებობა თითქმის შეუძლებელია. იმისთვის, რომ დედა შვილს დაუკავშირდეს საჭიროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციებში, მობილური კავშირი არის აუცილებელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მობილურში, რომელიც მიაქვს, იყოს ჩატვირთული უამრავი თამაში და ერთობოდეს გაკვეთილების პროცესში. ბავშვი უნდა მივაჩვიოთ, რომ მობილური მისთვის იყოს კავშირის აუცილებელი საშუალება. რა თქმა უნდა, პირველ ან მეორეკლასელ ბავშვს არ ვგულისხმობ. რაც შეეხება იმას, თუ რას ვურჩევდი მშობლებს, ეკრანთან ბავშვის დიდი ხანი ყოფნა შეამცირონ და გაზარდონ ბავშვთან პირადი ურთიერთობა, ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის აუცილებელია თამაში. თუ ჩვენ დიდხანს მივუშვებთ ბავშვს ტელეფონთან, შესაძლებელია მისი შიდა ჩაკეტილობა გამოვიწვიოთ, ურთიერთობა აღარ მოუნდეს დარჩენილ სამყაროსთან და აუტისტური სპექტრის აშლილობასაც შეუწყოს ხელი.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
დღის რომელ მონაკვეთშია რეკომენდებული ხილის მირთმევა და რატომაა შეცდომა ხილის აღქმა დესერტად?
მედიაპორტალი MomsEdu.geტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. რა დადებითი თვისებები აქვს ხილს ორგანიზმისთვის და დღის რომელ მონაკვეთშია რეკომენდებული ხილის მირთმევა? - ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.
ხილი ორგანიზმისთვის შეუცვლელი ვიტამინებისა და მინერალების შესანიშნავი წყაროა. ის მდიდარია ბოჭკოებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართული მუშაობისთვის. ხილი შეიცავს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ანტიოქსიდანტების ფართო სპექტრს. რაციონში ხილის ადეკვატური შემცველობა ამცირებს ისეთი დაავადებების განვითარებს რისკს როგორებიცაა: გულსისხლძარღვთა დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნეები, შაქრიანი დიაბეტი. სასურველია, ყოველთვის მივირთვათ სეზონური ხილი, რათა მათში მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი ვიტამინები და მინერალები. მიმდინარე სეზონი მდიდარია ციტრუსებით, რომლებიც წარმოადგენენ სხვა მრავალ ვიტამინთან და მინერალთან ერთად განსაკუთრებით C ვიტამინის მდიდარ წყაროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არსებული პანდემიის პირობებში ჩვენი იმუნური სისტემის გამართული მუშაობისთვის.
ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, როდის არის სასურველი ხილის მირთმევა. დავიმახსოვროთ, რომ ხილი აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ყოველდღიურ რაციონში და მივირთვათ როგორც ცალკე, დამოუკიდებელი, სრულფასოვანი კვება. ყოველდღიურად რეკომენდებულია300-400 გრ. ოდენობით სეზონური ხილის მირთმევა დღის პირველ ნახევარში, საუზმესა და სადილს შორის მონაკვეთში. (აქვე გამოვყოთ, რომ მათთვის, ვისაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ჭარბი წონა, აკრძალული ხილია: მსხალი, ბანანი, კარალიოკი, ხურმა, ლეღვი, ყურძენი). არ არის სასურველი ხილის სხვა საკვების მირთმევის შემდეგ მიღება (რაც უხშირესად ხდება მოსახლეობაში და ხილი აღიქმება ამ შემთხევაში როგორც დესერტი), ამ დროს ირღვევა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამართული მუშაობა და ნივთიერებათა ცვლა.
სასურველია, თავი შევიკავოთ საღამოს ხილის მირთმევისგანაც, რადგან ის ხშირად იწვევს შებერილობას. უმჯობესია, აღნიშნული დისკმოფორტი ღამის საათებში ავირიდოთ, რადგან არ მოხდეს სრულფასოვანი ძილის რეჟიმის დარღვევა. მათ, ვისაც განსაკუთრებით უყვარს ხილი, რეკომენდაცია იქნება სეზონური ხილი ჯამში 500 გრ. ოდენობით გაყონ ორ მირთმევაზე: პირველი საუზმესა და სადილის შორის, ხოლო მეორე სადილსა და ვახშამს შორის.