Baby Bag

„იმის ლოდინი სასწრაფო როდის მოვა და ტესტირებაზე გავარდნა არის აბსოლუტური აბსურდი,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„იმის ლოდინი სასწრაფო როდის მოვა და ტესტირებაზე გავარდნა არის აბსოლუტური აბსურდი,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვებში კორონავირუსული ინფექციის მიმდინარეობის თავისებურებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვირუსი პატარებში უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს:

„რა თქმა უნდა, პნევმონია ყველასთან არ გამოიხატება. კოვიდ-19 ბავშვებში უსიმპტომოდ, მსუბუქად მიმდინარეობს 75 % შემთხვევაში. 20-22 %-მდე შემთხვევებში მიმდინარეობს საშუალო სიმძიმით. საშუალო სიმძიმის შემთხვევაში ბავშვებთან შეიძლება გამოიხატოს პნევმონია. ეს არის ვირუსული პნევმონია. ვირუსულ პნევმონიასაც აქვს თავისი სიმძიმის ნიშნები. ზოგიერთი შეიძლება იმართოს ბინაზე. თუ მას ემთხვევა ბაქტერიული პნევმონია, აუცილებელია მისი ჰოსპიტალიზაცია. როგორც ვთქვი, პნევმონიას აქვს სიმძიმის ნიშნები, ეს არის სუნთქვის სიხშირე, წლამდე ასაკში ცხელების გარეშე 60-ზე მეტია საყურადღებო. 50-ია ჩვეულებრივი პნევმონიის დროს, მძიმე პნევმონიის დროს, თუ 60-ზე მეტია, აუცილებლად უნდა გადავიყვანოთ დროულად სტაციონარში. სუნთქვის სიხშირე სწორად უნდა დათვალოს ექიმმაც და მშობელმაც.“

თემურ მიქელაძის თქმით, დისტანციურად პაციენტის მართვა სავსებით შესაძლებელია და ამისთვის ექიმებს სპეციალური გადამზადება არ სჭირდებათ:

„სულ იმაზეა საუბარი, როგორ შეიძლება დისტანციურად პაციენტის მართვა. არსებობს დისტანციური მართვის პროტოკოლები, როგორც ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ამერიკის პედიატრთა აკადემიის მიერ. აქ სულ ლაპარაკია იმაზე, რატომ არ გადამზადდნენ ექიმები. რად უნდა ექიმს გადამზადება? პაცინეტი თვითონ გადაგამზადებს, თუ გჭირდება პაციენტის მართვა. ამას სჭირდება დღის განმავლობაში 3 საათით რაღაცის წაკითხვა, ინფორმაციის მიღება. მე არავის გადავუმზადებივარ და არც გადავმზადდები. მე თვითონ შემიძლია ინფორმაციის მოძიება, წაკითხვა და არ სჭირდება ამას დიდი ფილოსოფია.“

თემურ მიქელაძე აცხადებს, რომ ექიმების გაკრიტიკება იმის გამო, რომ ისინი ბინაზე არ მოდიან, სწორი მიდგომა არ არის:

„როდესაც ამბობენ, რომ ექიმი არ მოდის, ვერანაირად ვერ გააკრიტიკებთ ექიმებს, პნევმონიის დადგენა არის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე აღმოჩენის შედეგი და არა ჩვეულებრივ რენტგენზე. თუ ხარ ექიმი, შენ თვითონ უნდა გადაიმზადო შენი თავი. თუ ბავშვს სუნთქვა უძნელდება, პრევენციისთვის ვერაფერს გავაკეთებთ. ამ შემთხვევაში გააჩნია, როგორი იმუნური სისტემა აქვს ბავშვს. ბავშვებს ჩამოუყალიბებელი იმუნური სისტემა აქვთ, რის გამოც იმუნურ რეაქციებს დამაზიანებელი მოქმედება არ შეუძლია. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს კოვიდ-19 ბავშვებში მსუბუქად. მთავარია, რომ მშობელმა ბავშვს დროულად მიაქციოს ყურადღება.“

„მშობელმა უნდა დათვალოს ბავშვის სუნთქვის სიხშირე. ეს არის ელემენტარული. მე ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე ბავშვს არ ჰყავდეს პედიატრი. არ არსებობს ექიმი, რომელიც მშობელს არ უპასუხებს. ზოგ შემთხვევაში, კი ბატონო, დაკავებულია ტელეფონი. თუ ასეთი შემთხვევაა, მშობელს გადაურეკავს ექიმი. არ არის საჭირო ამისგან რაღაცის შექმნა. იმის ლოდინი ექიმი როდის მოვა, სასწრაფო როდის მოვა და ტესტირებაზე გავარდნა არის აბსოლუტური აბსურდი. უნდა შევაფასოთ ზოგადი მდგომარეობა. ბავშვი არის მივარდნილი, სითხეს ვერ იღებს, მაღალი ცხელება აქვს სამი და მეტი დღის განმავლობაში, არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, არის სუნთქვის უკმარისობის ნიშნები, ბავშვი ლეთარგიულია, ზოგ შემთხვევაში არის გაუწყლოვნება, ამ შემთხვევაში 112 ნახევარ საათში მოვა თქვენთან. თუ თქვენ დარეკავთ 112-ში იმის გამო, რომ ბავშვს 37 აქვს სიცხე და ექიმი გინდათ იმისთვის, რომ დაგაწყნაროთ, ამის გულისთვის არ უნდა დააკავოთ 112,“ - აცხადებს თემურ მიქელაძე.

წყარო: პოსტ ალიონი


არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩუტყვავილაც შევიყვანოთ აცრების გეგმიურ კალენდარში,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

„ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩუტყვავილაც შევიყვანოთ აცრების გეგმიურ კალენდარში,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

ბავშვებში ჩუტყვავილას შემთხვევებმა მოიმატა. საქართველოში გეგმიური აცრების კალენდარი ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას არ ითვალისწინებს. მოცემულ საკითხზე ინფექციონისტმა ნინო გაბისონიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა:

„ვაქცინა ადამიანს 95%-ით იცავს ჩუტყვავილასგან. მე საკუთარი შვილიშვილები აცრილი მყავს. საქართველოში არის კომერციული ვაქცინა და რეკომენდაციას ვიძლევი, რომ აიცრან ადამიანები. საკმაოდ ბევრი გართულება ახასიათებს ჩუტყვავილას."

ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების მიზანშეწონილობაზე ისაუბრა პედიატრმა თემურ მიქელაძემაც:

„ერთი წლიდან შესაძლებელია ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა. თუ არის განსაკუთრებულად იმუნოკომპრომეტირებული პირები, რაც შეიძლება დროულად უნდა დაიწყონ ვაქცინაცია. მე თვითონ ვარ იმუნიზაციის ტექნიკური საბჭოს წევრი და ბევრ ქვეყანაში არ შედის გეგმიურ კალენდარში. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩუტყვავილაც შევიყვანოთ აცრების გეგმიურ კალენდარში. აქვე მინდა დავამატო, რომ გეგმიური ვაქცინაციის მომართვიანობაზე იყო კლება. არ უნდოდათ კლინიკაში პაციენტების მოყვანა. შესაბამისად 7-დან 9%-მდე იყო ვაქცინაციის კლება. აუცილებელია გეგმიური ვაქცინაციის დროულად ჩატარება. ვიმედოვნებ, რომ იმავე მოცვის მაჩვენებელს დავუბრუნდებით უახლოეს მომავალში.“

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად