Baby Bag

„ბრონქული ასთმის პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მშობელი უნდა მივიდეს ექიმთან,“ - ალერგოლოგი ბაია ბეზარაშვილი

ალერგოლოგი ბაია ბეზარაშვილი გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ბრონქული ასთმით დაავადებული ადამიანების მზარდი რიცხვის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყოველწლიურად იზრდება იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც ბრონქული ასთმით ავადდებიან:

„ბრონქული ასთმა ძალიან ვერაგი დაავადებაა. ერთ-ერთი ბრძენი ადამიანი ამბობდა, რომ ბრონქული ასთმის დროს ჩვენ შეგვიძლია მეოთხედი ძალით ვისუნთქოთ, მეოთხედი ძალით ვიაზროვნოთ, მეოთხედი ძალით ვიმოძრაოთ და მხოლოდ ასთმის შეტევა ვითარდება მთელი ძალით, ყოველგვარი მეოთხედების გარეშე. თანამედროვე განმარტებით ბრონქული ასთმა არის ქრონიკული ბრონქის ანთებით მიმდინარე დაავადება. მსოლფიოში 350 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული ბრონქული ასთმით. მათი რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ მატულობს ბრონქული ასთმით დაავადებული ბავშვების რაოდენობა. ყოველწლიურად მსოფლიოში 250 000 -მდე ადამიანი იღუპება ბრონქული ასთმით.“

ბაია ბეზარაშვილის თქმით, ბრონქული ასთმის კონტროლი თანამედროვე სამყაროში რთული არ არის:

„მიუხედავად იმისა, რომ ბრონქული ასთმა ძალიან ვერაგი დაავადებაა და მას ბევრი გართულება აქვს, თანამედროვე სამედიცინო რეკომენდაციებით და სამკურნალო საშუალებებით შესაძლებელია მისი კონტროლი. თუ ექიმსა და პაციენტს შორის შედგა კონტაქტი, მოხდა სწორი დიაგნოსტირება და რეკომენდაციების გათვალისწინება, მისი მართვა შესაძლებელია.“

ბაია ბეზარაშვილი აცხადებს, რომ მშობელმა ბავშვი ექიმთან პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიიყვანოს:

„პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე მშობელი უნდა მივიდეს ექიმთან. რა სიმპტომები ახასიათებს ასთმას? როგორც ჰიპოკრატე ამბობდა, სულხუთვა, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, შეტევითი ხასიათის ხველა. განსაკუთრებით ეს პრობლემები გამოხატულია ღამით და გამთენიისას. მწოლიარე მდგომარეობაში პაციენტი ვერ სუნთქავს სათანადოდ. ბრონქული ასთმის განვითარებას განაპირობებს სხვადასხვა გარემო ფაქტორები. თამბაქოს მოხმარება საოცრად მოქმედებს ასთმის განვითარებაზე, ასევე გენეტიკური განწყობა, ალერგენები, სტრესი და ვირუსები.“

„კლასიფიკაციის მიხედვით ასთმა იყოფა კონტროლირებად და არაკონტროლირებად ასთმად. კონტროლირებადად ითვლება ასთმა, თუ პაციენტს კვირაში ორზე მეტად არ უვითარდება შეტევა. მე ვერ ვეთანხმები ამაში მეცნიერებს. ძალიან ვინერვიულებდი ჩემს პაციენტებს კვირაში ორჯერ კი არა, თვეში ერთხელაც რომ ემართებოდეთ შეტევა, იმდენად კარგად შეიძლება იყოს ასთმა დღეს კონტროლირებადი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ალერგიული რეაქციის განვითარების დროს მივაკითხოთ ექიმს. ამ დროს ხდება სწორი დიაგნოსტირება, მკურნალობა და პრევენციის მეთოდების შემუშავებაც,“ - აღნიშნავს ბაია ბეზარაშვილი.

წყარო: ​დილა ფორმულაზე

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

რაზე მიუთითებს ბავშვის განავალში სისხლის არსებობა და როგორ მივიტანოთ ეჭვი დაავადებაზე?
რაზე მიუთითებს ბავშვის განავალში სისხლის არსებობა და როგორ მივიტანოთ ეჭვი დაავადებაზე, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით?„პირველ რიგში, ნორ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„2 წლამდე ასაკის ბავშვს ნუ მისცემთ თაფლს! არც ცხელ წყალში და არც ცხელ რძეში არ გაუხსნათ თაფლი, ის კარგავს თავის ღირებულებას და ტოქსინად იქცევა“

„2 წლამდე ასაკის ბავშვს ნუ მისცემთ თაფლს! არც ცხელ წყალში და არც ცხელ რძეში არ გაუხსნათ თაფლი, ის კარგავს თავის ღირებულებას და ტოქსინად იქცევა“

ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის ყურადსაღებ ინფორმაციას ავრცელებს. გთავაზობთ მის პოსტს:

„ძვირფასო მშობლებო, უნდა იცოდეთ აუცილებლად, ამიტომაც გიზიარებთ... ძალიან კარგია თაფლი და რძე, ორივე მნიშვნელოვანი პროდუქტია ბავშვის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ორივეს შეუძლია ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს!! განსაკუთრებულ ალერგენთა სიაში, რომელთაც შეუძლიათ დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ და ანაფილაქსია ისინი არ შედიან, ალერგიის კლინიკური გამოვლინების სიმძაფრე ამ პროდუქტების ჭარბი დოზირებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს!!! წუხელ მთელი ღამე ერთ პატარაზე ზრუნვაში გავატარე ონლაინ, რომელმაც ძილის წინ მიირთვა ცხელი რძე თაფლით და დაახლოებით 6 საათში განუვითარდა ატოპური დერმატიტი, რომელსაც დაერთო ცრუ კრუპი!!! გახსოვდეთ, რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვს ნუ მისცემთ თაფლს!!! 2 წლის ზემოთ შეიძლება 10-15 გრამის (2 ჩ.კ.) მიცემა კვირაში 3-ჯერ. არც ცხელ წყალში და არც ცხელ რძეში არ გაუხსნათ თაფლი, ის კარგავს თავის ღირებულებას და ტოქსინად იქცევა, გაუხსენით გრილ სითხეში. ნუ მისცემთ ძილის წინ, დღისით სჯობია,“ - წერს ინგა მამუჩიშვილი.

წაიკითხეთ სრულად