Baby Bag

„არის თუ არა საშიში ვაქცინა? ეს მნიშვნელოვანი კითხვაა,“ - პროფესორი ივანე ჩხაიძე

პროფესორი ივანე ჩხაიძე „პოსტ ალიონში“ ბავშვებისთვის გრიპის ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გრიპი პატარების ჯანმრთელობისთვის გაცილებით სახიფათოა, ვიდრე კორონავირუსი:

„კორონავირუსი გრიპისგან იმით განსხვავდება, რომ მისი ლეტალობის მაჩვენებელი გაცილებით მეტია. ჩვენთვის, პედიატრებისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ გრიპი და კორონავირუსი სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგოა ბავშვებთან მიმართებაში. თუ ბავშვებისთვის კორონავირუსი მართლა ნაკლებად საშიშია, როგორც გავრცელების სიხშირით, ისე ლეტალობის მიხედვით, გრიპი სრულიად საწინააღმდეგოა. ის უფრო ხშირია ბავშვებში. ასევე ბევრია გართულებით მიმდინარე შემთხვევები: ფილტვების ანთება, საავადმყოფოში მოთავსების აუცილებლობა. შესაბამისად, როდესაც ვიწყებთ მზადებას სეზონური მატებისთვის, საქართველოში ეს სეზონი იწყება ნოემბრიდან, ოთხი თვე არის მაღალი მაჩვენებელი. ბავშვები უნდა იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ჩვენ უკვე წლებია ვითვალისწინებთ, რაც გულისხმობს რისკ-ჯგუფების გამოყოფას და ვაქცინაციას. პირველი რისკ ჯგუფი არის ექვსი თვიდან თვრამეტ წლამდე ასაკის ბავშვები. ეს რეკომენდაცია ყოველ წელს ახლდება. კორონავირუსის გამო ვამბობთ, რომ ეს ვაქცინა ოქტომბერშივე უნდა გაიკეთოთ, რომ მოემზადოთ სეზონისთვის. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა გრიპის თავიდან აცილების. კორონავირუსის ვაქცინასაც, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე მსოფლიო მიიღებს. გრიპის ვაქცინა აპრობირებულია და დიდი ხნის განმავლობაში არის მოხმარებაში. 1944 წლიდან იყენებენ გრიპის ვაქცინას. ჩემი რჩევაა ყველა მშობლისთვის, რომ თუ შვილი გყავთ ექვსი თვიდან თვრამეტ წლამდე ასაკის აუცილებალად ჩაუტარეთ ვაქცინაცია.“

ივანე ჩხაიძის თქმით, ექვსი თვის ასაკიდან ბავშვებს გარესამყაროსთან მეტი კონტაქტი აქვთ, რის გამოც მათი ვაქცინაცია აუცილებელია:

„ექვს თვემდე კონტაქტები მინიმალურია. ექვსი თვის შემდეგ ბავშვი უფრო მეტად გაჰყავთ გარეთ, უფრო მეტად არის საზოგადოებაში. ეს ასაკობრივი ჯგუფი, განსაკუთრებით ბაღის ფაქტორიდან გამომდინარე არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ეს ვაქცინა არ არის ერთჯერადი. ამ ვაქცინას ყოველ წელს ვცვლით, მისი შემადგენლობა იცვლება. მხოლოდ ექვსი-შვიდი თვე მუშაობს ეს ვაქცინა. წელს თუ გაიკეთებთ, გაისადაც დაგჭირდებათ.“

ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, რომ ვაქცინა ბავშვის ჯანრმთელობისთვის საფრთხეს არ შეიცავს:

„არის თუ არა საშიში ვაქცინა? ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. ჩვენ სულ ვაფრთხილებთ დედებს, რომ ყველა ვაქცინას აქვს თავისი გვერდითი ეფექტი და უკუჩვენება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ვაქცინა არის მკვდარი ვირუსის ბაზაზე შექმნილი, მას არ შეუძლია დაავადების გამოწვევა. არცერთი კლინიკური ნიშანი ამ ვაქცინის გაკეთების შემდეგ არ შეიძლება გამოვლინდეს. ეს ვაქცინა უბრალოდ ხელს უწყობს ორგანიზმში იმუნიტეტის გამომუშავებას. მისი ერთადერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს ვაქცინაციის ადგილზე შეწითლება, მტკივნეულობა. არანაირი სისტემური გვერდითი მოვლენა ამ ვაქცინას არ აქვს. წელს ვაქცინის გაკეთების რეკომენდაცია არის მკაფიო და მკაცრი.“

ივანე ჩხაიძის თქმით, საქართველომ ვაქცინაციის კუთხით მნიშვნელოვან წინსვლას და წარმატებას მიაღწია:

„საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ვაქცინაციის კალენდარი. ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია 17 დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა შესთავაზოს უფასოდ მოსახლეობას. ევროპის ქვეყნებში ეს რიცხვი არის 15-16. ჩვენ დღეს შეგვიძლია 13 დაავადების წინააღმდეგ დავიცვათ ჩვენი შვილები. ეს ვაქცინები ძალიან კომფორტულია. კომფორტულში იმას ვგულისხმობ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ სამი ახალი ვაქცინა შემოვიტანეთ: ფილტვების ანთების და თავის ტვინის ბაქტერიული დაზიანების საწინააღმდეგო, რომელიც ადრე არ იყო. შემოვიღეთ როტავირუსი, რომელიც ვირუსული დიარეების საწინააღმდეგოა. ეს ძალიან კარგი და ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ასევე დავიწყეთ ექვს კომპონენტიანი ვაქცინაცია. ევროკავშირის ბევრი ქვეყანა ამ ვაქცინებს არ იყენებს, იმიტომ, რომ ძვირია. ერთი ნემსით ექვსი დაავადების წინააღმდეგ არის დაცული ბავშვი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ვაქცინაა პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა. ეს არის ქალის საშვილოსნოს კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც გარკვეული ასაკობრივი ჯგუფის გოგონებისთვის არის შემოღებული. ყველაფერი ასაკობრივად არის დალაგებული. როგორც კი დაიბადება ბავშვი, მაშინვე იღებს ორ ვაქცინას, ტუბერკულიოზისა და ჰეპატიტის საწინააღმდეგოს. ეს ყველა დედისთვის ცნობილია.“

ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ვაქცინის გვერდითი ეფექტები მინიმალურია:

„ექიმი ვაქცინაციის დროს აუცილებლად ამბობს, რომ ორი მოსალოდნელი რეაქცია არსებობს: სიწითლე ვაქცინაციის ადგილას და ტემპერატურა, რომელიც თავისით გაივლის. ამ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ სიცხის დამწევი.“

„რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ ვაქცინაციის ინოვაციური მეთოდის გამოყენება. ბავშვს ვაძლევთ სპეციალურ ვირტუალურ სათვალეს, რომელსაც ის იკეთებს, უყურებს მულტფილმებს, შესაბამისად ვაქცინაციის პროცესი მისთვის არის უმტკივნეულო და კომფორტული,“ - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

წყარო: ​პოსტ ალიონი 

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

„ყველა ვაქცინა, რომელიც შემოვა, არის კარგი, ამიტომ, რაც იქნება, იმით ავიცრათ,“ - ინფექციონ...
​ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „სხვა შუადღეში“ კორონავირუსის შემთხვევების მატებას ეხმიანება და აცხადებს, რომ, შესაძლოა, მოვლენები სხვადასხვაგვარად განვითარდეს:„კორონავირუსის შემთხვევების გააქტიურება ორ...

შეიძლება დაინტერესდეთ

უნდა ვუმკურნალოთ თუ არა მედიკამენტებით ჭარბი ოფლიანობის პრობლემას ბავშვებში? - პედიატრ თემურ მიქელაძის რეკომენდაცია მშობლებს

უნდა ვუმკურნალოთ თუ არა მედიკამენტებით ჭარბი ოფლიანობის პრობლემას ბავშვებში? - პედიატრ თემურ მიქელაძის რეკომენდაცია მშობლებს

პედიატრმა თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ჭარბი ოფლიანობის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე ისაუბრა:

„როდესაც ჰორმონალური დარღვევები, D ვიტამინის დეფიციტი იწვევს ჭარბ ოფლიანობას, მაინც არის ხოლმე კლინიკური გამოვლინებები. ექიმს შეუძლია ამ კლინიკური გამოვლინებების ამოცნობა და დანიშნოს ჰორმონული კვლევები. საკმაოდ ბევრი ბავშვი მოგვმართავს ჭარბი ოფლიანობით. ეს პრაქტიკულად დამოკიდებულია იმაზე, რომ ნერვულ სისტემას აქვს ორი ტიპი: სიმპათიკოტონიური და ვაგოტონიური ტიპები. ბავშვებში, რომლებშიც ჭარბობს ვაგოტონიური ტიპი, საკმაოდ ხშირია ასეთი ოფლიანობა. ხშირია სისხლძარღვოვანი რეაქციები, წამოწითლებები. სახეზე აწითლდებიან ხოლმე ბავშვები, გინახავთ საკმაოდ ხშირად.

მე მქონია შემთხვევები, როდესაც პაციენტებს იმდენად ჭარბი ოფლიანობა აქვთ, რომ წერის დროს მათი რვეული და საწერი ფურცელი ბოლომდე სველდება. ასეთ შემთხვევაში მოწოდებულია ბავშვებში ბოტოქსით მკურნალობა. სხვა მედიკამენტოზურ ჩარევას არ გირჩევთ. 9 წლის ასაკიდან პრეპუბერტატულ ასაკად ითვლება. მე ვთვლი, რომ როდესაც ნეიროჰორმონალური აქტივობა გამოსწორდება, მათ შორის ვეგეტატიური ნერვული სისტემაც გადაერთვება, დაბალანსდება, 13-14 წლის ასაკში ბავშვს ჭარბმა ოფლიანობამ უნდა გაუაროს. მშობელი არ უნდა აჩქარდეს მედიკამენტებთან დაკავშირებით, კლინიკურ კვლევებსაც დაანებეთ თავი. ვერაფერს ვერ მიაგნებთ. საკმაოდ ხშირად მოგვმართავენ ამის გამო და ეს ასაკის მატებასთან ერთად გადაივლის, როგორც წესი,“ - აღნიშნა თემურ მიქელაძემ.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად