ეს საკითხი ძალიან აქტუალური გახდა, რადგანაც გაიზარდა იმ ზრდასრული პაციენტების რიცხვი, რომლებიც გადიან ორთოდონტიულ მკურნალობას, მათ შორის კი ბევრი ქალბატონია.
შეუძლია თუ არა ორსულს, დაიწყოს ან გააგრძელოს ორთოდონტიული მკურნალობა? პასუხის ცალსახად გაცემა რთულია. ორთოდონტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ორსულობა არ არის ორთოდონტიული მკურნალობის უკუჩვენება, ნაწილს კი საწინააღმდეგო აზრი აქვს. თუმცა ყველა თანხმდება, რომ ამ პერიოდში მკურნალობა მოითხოვს დიდ სიფრთხილეს, პაციენტის დეტალურ გამოკვლევას, რადგან გართულებების რიცხვი მაღალია.
დამეთანხმებით, რომ ორსულობა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ქალის ცხოვრებაში, ეს მდგომარეობა ქალზე მოქმედებს, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიოლოგიურად.
ნაყოფის ძვალ-სახსროვანი და ყბა-კბილთა სისტემის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ელემენტია კალციუმი, ორთოდონტიული მკურნალობის დროს ყბის ძვალში მიმდინარე პროცესებისთვის ასევე მნიშვნელოვანია კალციუმი. აქედან გამომდინარე, კალციუმზე მოთხოვნა საგრძნობლად იზრდება, რამაც შეიძლება მისი დეფიციტი გამოიწვიოს. ეს კი უარყოფითად იმოქმედებს როგორც ნაყოფზე, ასევე დედაზე.
აღსანიშნავია, რომ ორსულებში ჰორმონული ცვლილებების გამო ძალიან ხშირია გინგივიტი (ღრძილის ანთება). ჩვეულებრივ, გინგივიტის წამყვანი მიზეზი მიკრობული ნადებია, ორსულებში კი წამყვანი ჰორმონებია და ნადების მინიმალური დონეც საკმარისია მისი განვითარებისთვის. ბრეკეტ-სისტემის დროს ჰიგიენის სრულფასოვანი დაცვა გართულებულია. აქედან გამომდინარე, დაავადების რისკი კიდევ უფრო მატულობს.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ პირველ ტრიმესტრში ხშირია ღებინება და გულისრევა, ბრეკეტ-სისტემამ კი შესაძლოა, ეს სიმპტომები უფრო გაართულოს.
ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ქალის ამ მდგომარეობას და არ გვინდა, თუნდაც მცირე საფრთხე შევუქმნათ ნაყოფს ან დედას. ამიტომაც დროებით ვაჩერებთ მკურნალობას, პაციენტი გადაგვყავს რეტენციულ პერიოდზე, ხოლო მშობიარობისა და ლაქტაციის შემდეგ განმეორებით ვიწყებთ ორთოდონტიულ მკურნალობას. ჩვენი რჩევა იქნება, ორსულობის პერიოდი დაუთმოთ ნაყოფის სრულყოფილ განვითარებას, მკურნალობის დაწყება ან გაგრძელება კი არასოდესაა გვიანი.