Baby Bag

ბავშვებში სიმსივნის პრევენცია სავსებით შესაძლებელია, თუ მშობლები გარკვეულ წესებს მკაცრად დაიცავენ

ბავშვებში სიმსივნის პრევენცია სავსებით შესაძლებელია, თუ მშობლები გარკვეულ წესებს მკაცრად დაიცავენ

ბავშვებში სიმსივნის განვითარება მშობლების ცხოვრების წესზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. სიმსივნის რისკი მაღალია იმ პატარებში, რომლებიც თავადაც არაჯანსაღ კვებაზე იმყოფებიან და დღის მოუწესრიგებელი რეჟიმი აქვთ. ბავშვებში სიმსივნის პრევენცია სავსებით შესაძლებელია, თუ მშობლები გარკვეულ წესებს მკაცრად დაიცავენ. ბავშვის სიმსივნის რისკისგან დასაცავად, შემდეგი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ:

  • ყურადღება მიაქციეთ ბავშვის კვების რეჟიმს

ბავშვებს ყოველდღიურად შესთავაზეთ ჯანსაღი ხილი და ბოსტნეული. აღნიშნული პროდუქტები ძალიან მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, ასევე ანტიოქსიდანტებით. ხილისა და ბოსტნეულის დახმარებით ბავშვის ორგანიზმი ძლიერდება და არაჯანსაღ ქიმიურ ნივთიერებებს მისი დაზიანების ნაკლები შესაძლებლობა აქვს.

  • ბავშვი ფიზიკურად აქტიური უნდა იყოს

სიცოცხლის ადრეული ეტაპიდანვე ბავშვი ფიზიკურ აქტივობას უნდა მიაჩვიოთ. ცხოვრების უძრავი წესი სიმსივნის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. გირჩევთ, ბავშვი ცურვაზე ატაროთ, მას შინაური ცხოველის სასეირნოდ გაყვანა დაავალოთ. შვილს ასწავლეთ, რომ კიბეებზე ფეხით ასვლა და სეირნობა მისი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.

  • ბავშვის წონა ყოველთვის აკონტროლეთ

ჭარბწონიანობა თანამედროვე ბავშვებს ხშირად აწუხებთ. სიმსუქნე სიმსივნის გამომწვევ რისკ-ფაქტორებს შორის გვხვდება. ბავშვი ოჯახთან ერთად ხშირად ასადილეთ და მისი რაციონი ჯანსაღი საკვებით გაამდიდრეთ. თქვენს შვილს დღის განმავლობაში ტელევიზორის ყურებისთვის მხოლოდ ორი საათი უნდა გამოუყოთ. ბავშვის რაციონში მაქსიმალურად შეზღუდეთ ტკბილეულის წილი. ეცადეთ, ბავშვი სწრაფი კვების ობიექტებში არ ატაროთ. მას ყოველ დილით მიართვით ნოყიერი, მაგრამ ჯანსაღი საუზმე. თქვენი შვილი ძუძუთი პირველი ექვსი თვის მანძილზე აუცილებლად უნდა გამოკვებოთ.

  • ბავშვი მზის ულტრაიისფერ გამოსხივებას მოარიდეთ

დაუშვებელია ბავშვის დაუცველად დატოვება მზის ულტრაიისფერი სხივების პირისპირ. არასდროს წაიყვანოთ ბავშვი გასარუჯად დღის იმ მონაკვეთში, როდესაც მზე პიკშია.

  • იზრუნეთ ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებაზე

ბავშვი ისეთი პროდუქტებით გამოკვებეთ, რომლებიც იმუნიტეტს აძლიერებს, მაგ. ნიორი, იოგურტი, ხილი, ბოსტნეული. იმუნიტეტის ასამაღლებლად ძალიან კარგი საშუალებაა ვარჯიშიც.

  • გაუკეთეთ ბავშვს პაპილომა ვირუსის ვაქცინა

პაპილომა ვირუსის ვაქცინა 11-12 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვისაა განკუთვნილი. პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია 6 თვის განმავლობაში 3-ჯერ ტარდება. აღნიშნული ვაქცინა ბავშვს პაპილომა ვირუსით გამოწვეული სიმსივნური გართულებებისგან იცავს და მისი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი არ არის. ხშირად გაესინჯეთ ექიმს და სიმსივნის სკრინინგიც რეგულარულად ჩაიტარეთ, რათა ბავშვი მიხვდეს, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია.

  • ბავშვს სიმსივნისგან B ჰეპატიტის ვაქცინაც იცავს

B ჰეპატიტის ვაქცინა ბავშვს აუცილებლად უნდა გაუკეთდეს. B ჰეპატიტი ზრდასრულ ასაკში ღვიძლის სიმსივნის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

მშობლის მოვალეობაა შვილის ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს და მის კეთილდღეობაზე იზრუნოს. ბავშვის სიმსივნისგან დაცვა შესაძლებელია, თუ მშობლები დაავადების პრევენციისთვის სათანადო ზომებს დროულად მიიღებენ.

მომზადებულია ​timesofindia.indiatimes.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მე რომ მკითხოთ, სკოლა კომპიუტერულ ტექნოლოგიებს არ იყენებს ისე, როგორც საჭიროა''

,,მე რომ მკითხოთ, სკოლა კომპიუტერულ ტექნოლოგიებს არ იყენებს ისე, როგორც საჭიროა''

„მე რომ მკითხოთ, სკოლა კომპიუტერულ ტექნოლოგიებს არ იყენებს ისე, როგორც საჭიროა, ანუ მულტიმედია სწავლება ჩვენს სკოლებში არ მიმდინარეობს," - აღნიშნულის შესახებ ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ გადაცემაში ,,დიდი შესვენება'' ისაუბრა. 

,,დღევანდელ დღეს, როცა ბავშვი მუდმივად თამაშობს კომპიუტერში, ფერად და საინტერესო სამყაროში იმყოფება და შემდეგ მოდის „სერ“, უფერო გაკვეთილსა და ფურცლებზე, რაც უინტერესოა მისთვის. ჩვენი დღევანდელი ცოდნა სხვა კონსტრუქციისაა, ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია ერთ პატარა „ულუფაში“ უნდა გაერთიანდეს. მულტიმედია საშუალებები საშუალებას გაძლევს შენ რომ ეკრანზევე გადაწყვიტო რაღაც პრობლემები, სასწაული შესაძლებლობებია. ეს არის კონკურენცია იმის, რისიც მშობლებს ეშინიათ. ასეთი ტიპის აქტივობა, რომელსაც სასწავლო პროცესში გამოვიყენებთ, ჩაანაცვლებს გართობის აქტივობას, როგორიცაა თამაში, უმიზნოდ სიარული და სოციალურ ქსელში ყოფნა,'' - აღნიშნა მან.

წყარო: ,,დიდი შესვენება''

წაიკითხეთ სრულად