რატომ არის შვრია სასარგებლო და რომელი ფორმით სჯობს მისი მიღება ბავშვისათვის, - ამ თემაზე პედიატრი თამარ ობაგიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს
შვრია მარცვლოვანი კულტურაა კეთილხმოვანი ლათინური დასახელებით - ავენა, მისი რამდენიმე სახეობა არსებობს. ამ მარცვლეულის კულტივირება დაახლოებით 3000 წლის წინ მოხდა, თუმცა თავიდანვე როდი სწყალობდნენ მას.
ძველი რომაელები მიიჩნევდნენ, რომ შვრია ხორბლის დაზიანებული, დაავადებული სახეცვლილება იყო და ცხენების საკვებად იყენებდნენ. მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ აღმოაჩინეს მისი სასარგებლო თვისებები და მას შემდეგ შვრიისაგან მომზადებულმა კერძებმა ყველა ასაკის ადამიანისათვის დაიმკვიდრა ადგილი საუზმის სუფრაზე.
რატომ არის სასარგებლო შვრია?
- შეიცავს სპეციფიურ ანტიოქსიდანტებს - ავენანთრამიდებს, რომლებიც იცავენ უჯრედების მემბრანებს დაზიანებისაგან, აქვთ სიმსივნის და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებენ იმუნიტეტს.
- ავენანთრამიდებს კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება აქვთ - ხელს უწყობენ ორგანიზმში აზოტის ოქსიდის პროდუცირებას, რაც აფართოებს სისხლძარღვებს და ამ გზით არტერიული წნევის ნორმალიზებას უწყობს ხელს.
- დადგენილია, რომ შვრია შეიცვას ბეტა-გლუკანს, რაც დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (ე.წ. ცუდი ქოლესტერინი) დონეს აქვეითებს.
- აქვეითებს შაქრის დონე ს სისხლში და ნაჩვენებია დიაბეტით დაავადებულთათვის
- შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოებს, რის გამოც ხელს უწყობს მეგობარი ბაქტერიების ზრდას ნაწლავში, იწვევს ნაწლავთა პერსიტალტიკის (მოძრაობის) გაძლიერებას და შველის ნაწლავთა შეკრულობას.
- შვრია შეიცავს დიდი რაოდენობით ფოსფორს, რაც აუცილებელია ძვლოვნი სისტემის ფორმირებისათის.
- შვრიისაგან მომზადებული ფაფა ლორწოვანია და კარგად ამოფენს კუჭის ლორწოვან გარსს, აქვს ანთების საწინააღდმეგო მოქმედება, ამიტომ კარგი საკვებია კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი და წყლულოვანი დაავადებების დროს.
- შედარებით ნაკლები კალორიის ფონზე შეიცავს პროტეინებს და სხვა სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს, რაც მას საუკეთესო საუზმედ აქცევს წონის დასაკლები დიეტების დროს.
- მდიდარია ბიოტინით და ბ ჯგუფის სხვა ვიტამინებით, შეიცავს E, PP ვიტამინებს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიას, ნატრიუმს.
- განსხვავებით სხვა მარცვლოვანებისაგან, შეიცავს მცენარეულ ცხიმს უფრო დიდი კონცენტრაციით (6,2%), უფრო მეტ ფოსფორს და მაგნიუმს, რაც ადვილად აითვისება.
- დაბოლოს, შვრიისაგან მომზადებული საკვები ადვილი მოსანელებელია.
როგორ მოვიქცეთ, რომ შვრიამ მხოლოდ სარგებელი მოგვიტანოს?
- არ დაივიწყოთ, რომ შვრია გლუტენს შეიცავს, ამიტომ ეს ბურღულეული არ არის განკუთვნილი ცელიაკიით დაავადებული ბავშვებისათვის.
- როცა პატარასთვის პირველად მისაცემად ფაფის არჩევას იწყებთ, სჯობს თავიდანვე შვრია არ შეარჩიოთ სწორედ გლუტენის მაღალი შემცველობის გამო. თავდაპირველად უგლუტენო, მაგალითად, ბრინჯის, სიმინდის და წიწიბურას ფაფები გაასინჯეთ, შემდეგ კი შვრის ფაფის ჯერიც დადგება.
- არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შვრია მცირე რაოდენობით ფიტინს შეიცავს, რომელსაც ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვა შეუძლია, ამიტომ დიდი რაოდენობით მისი მიღება სასარგებლო არაა. გირჩევთ, თქვენი პატარას მენიუში მარცვლოვნებისაგან მომზადებული ფაფები ცვალოთ ხოლმე, რათა ბავშვმა ბევრი სხვადასხვა საჭირო და სასარგებლო ნივთიერება მიიღოს.
- რაც შეეხება სწრაფი მოხმარებისათვის განკუთვნილ ფაფებს, რომელთაც მოხარშვა არ სჭირდებათ - ასეთი ტიპის საკვებში შვრია განსაკუთრებული ტექნოლოგიითაა დამუშავებული, რაც მასში მასში ვიტამინების და სხვა სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობას ამცირებს, ვიდრე ნატურალური ფორმით არსებულ ან ნაკლებად დამუშავებულ პროდუქტში. ამიტომ ასეთი ფაფები სჯობს ბავშვს არ მისცეთ. გარდა ამისა, ასეთი ტიპის ბურღული ხშირად შაქარს და სხვადსხვა ხილის კონცენტრატს შეიცავს, რაც ბავშვისათვის სასარგებლო სულაც არაა. ამ გზით ის ჭარბ კალორიას უფრო მეტს მიიღებს, ვიდრე სასარგებლო ნივთიერებას.
რა სახით არსებობს შვრია?
შვრია მარცვლოვანი კულტურაა, ამიტომ იგი ნატურალური ფორმით სწორედ მარცვლების სახითაა წარმოდგენილი, ყოველდღიური გამოყენებისათვის მარცვლები გარკვეულ უხერხულობას ქმნის, რადგან ხარშვას 1 საათამდე დროს სჭირდება. ადრეულ ასაკში მარცვლების გამოყენება მითუმეტეს იზღუდება, რადგან ამ ფორმით ბავშვის ნაზი კუჭ-ნაწლავისათვის ის ძნელი მოსანელებელია.
შვრიის ყველაზე გავრცელებული ფორმა ფანტელია, რომელიც, რასაკვირველია, ინარჩუნებს შვრიის ყველა დადებით თვისებას, თუმცა მასში შემავალი სასარგებლო ინგრედიენტები მაინც შედარებით უფრო დაბალი კონცენტრაციითაა, ვიდრე მთლიან მარცვალში, თუმცა უფრო მეტია, ვიდრე სწრაფი გამოყენების ფაფებში.
რა განსხვავებაა ჰერკულესისა და შვრიის ფაფებს შორის?
ეს კითხვა ბებია-ბაბუების თაობას უფრო აწუხებს, ვიდრე ახალგაზრდა მშობლებს. ბებია-ბაბუებს ხომ საბჭოთა ბავშვობიდან ახსოვთ ჰერკულესის ფაფები?! ამიტომ ზოგი მათგანი ხშირად მისვამს ხოლმე კითხვას, რომელი უკეთესია - შვრია თუ ჰერკულესი? ჰერკულესი შვრიის ფანტელის საბჭოთა სავაჭრო ნიშანი იყო. ესა და ეს.
როგორ მოვამზადოთ ბავშვისათვის გემრიელი შვრიის ფაფა სახლის პირობებში?
მასალად დაგჭირდებათ - 30 გრამი შვრიის ფანტელი, 1 ცალი საშუალო ზომის ვაშლი, მშრალი ხილი - 10 მარცვალი ქიშმიში, 2-3 ცალი შავი ქლიავის, ჭერმის ჩირი. წყალი 100 მლ, ანადუღარი თბილი რძე 100 მლ, მცენარეული ზეთი 1 ჩაის კოვზი. მზა პროდუქტის მოცულობა დაახლოებით 200 გრამია.
მომზადების წესი: გარჩეულ, გარეცხილ ბურღულს ქვაბშივე დაუმატეთ გაფქცვნილი გახეხილი ვაშლი, დაჭრილი ჩირები, დაასხით მდუღარე წყალი, მოხარშეთ ნელ ცეცხლზე. მოხარშვის შემდეგ დაუმატეთ ანადუღარი რძე. მიიყვანეთ ადუღებამდე, ოღონდ არ აადუღოთ, რათა ერთხელ უკვე ანადუღარ რძეში არსებული ვიტამინები სრულად არ დაიშალოს. მზა ფაფას დაამატეთ მცენარეული ზეთი.
თუ ფაფას ადრეული ასაკის პატარას შინ უმზადებთ, რძის დამატებამდე მიღებული მასა ბლენდერში ან საცერში გაატარეთ ერთგვაროვანი მასის მისაღებად. ასეთი ფაფა განსაკუთრებით სასარგებლოა იმ პატარებისათვის, რომელთაც შეკრულობისაკენ აქვთ მიდრეკილება.
შვრიის ფაფა შეგიძლიათ ცოცხალი ხილითაც მოამზადოთ. უკვე მზა ფაფას თეფშზე დაუმატოთ სეზონის მიხედვით სხვადასხვა ხილი, რაც მას არამარტო კიდევ უფრო სასარგებლოსა და გემრიელს, არამედ ბავშვისათვის მიმზიდველსაც გახდის.
ასე, რომ მიირთვით შვრია და შეაყვარეთ ის თქვენს პატარასაც“, - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.
არ დაგავიწყდეთ !!!
დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები