მედიაპორტალი MomsEdu.ge წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას - ორთოდონტის რეკომენდაციები. ყოველ კვირა დღეს გაეცანით ექიმ ორთოდონტის, ლელა შამათავას რჩევებს, მოგვწერეთ თემები, რომლებიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ და შემდეგში სწორედ ამ საკითხებზე შემოგთავაზებთ ვიდეოებს.
რუბრიკის პირველი თემაა - როდის უნდა მივიყვანოთ ბავშვი პირველ ვიზიტზე ორთოდონტთან, როდიდან არის რეკომენდებული მკურნალობა ბრეკეტ-სისტემით და რას მივაქციოთ ყურადღება სარძევე თანკბილვის პერიოდში?
ბავშვი ორთოდონტს სასურველია, ვაჩვენოთ 6-7 წლის ასაკში, როდესაც პირველად ამოეჭრება მუდმივი კბილები. პირველი მუდმივი კბილი არის მე-6 კბილი (ანუ პირველი მუდმივი მოლარი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კბილია). იგი განსაზღვრავს კბილთა რკალის სიგრძეს. ამიტომ ამ ასაკში აუცილებლად მიმართეთ ორთოდონტს, რომ არ გამოგეპაროთ თანკბილვის დარღვევები.
ბრეკეტ-სისტემით მკურნალობის დაწყება გოგონებში სასურველია 11-12 წლის ასაკში, ბიჭებში - 12-13 წლის ასაკში, როდესაც ყველა მუდმივი კბილი ამოიჭრება. თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ბრეკეტ-სისტემით მკურნალობის დაწყება უფრო ადრეც შეიძლება.
ცვლადი თანკბილვის პერიოდში, ანუ 6 წლიდან 12 წლამდე პერიოდში, მკურნალობა, ძირითადად, მოსახსნელი აპარატებით მიმდინარეობს.
სარძევე კბილები გაცილებით პატარა ზომისაა, ვიდრე მუდმივი. ამიტომ სარძევე თანკბილვის ბოლოს აუცილებელია ყბების ინტენსიური ზრდა, რათა შეიქმნას ადგილი უფრო დიდი ზომის მუდმივი კბილებისთვის. 5,5-6 წლის ასაკში კბილებს შორის ჩნდება სივრცეები (დიასთემა და ტრემები). ეს ნორმალური განვითარების მაჩვენებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მაღალია კბილების მჭიდრო დგომის რისკი.
რომ შევაჯამოთ, გთავაზობთ აუცილებლად გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს:
1. ბავშვი 6-7 წლის ასაკში აუცილებლად აჩვენეთ ორთოდონტს
2. ბრეკეტ-სისტემა რეკომენდებულია 11-12 წლის ასაკიდან
3. 5-6 წლის ასაკში სასურველია, კბილებს შორის იყოს სივრცეები.