Baby Bag

​სოლარიუმის გამოყენება - კატასტროფული შედეგები

​სოლარიუმის გამოყენება - კატასტროფული შედეგები

სოლარიუმის გამოყენების კატასტროფულ შედეგებზე დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„სოლარიუმის გამოყენებისას ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან ახალგაზრდები, ასევე ადამიანები 1 და 2 ტიპის კანით (Fitzpatrick's Skin Types).

სტატისტიკის თანახმად, ავსტრალიაში, ევროპასა და აშშ-ში ყოველწლიურად ფიქსირდება - 10 000 მელანომის + 450 000 არამელანომური კანის კიბოს შემთხვევა (Wehner MR, et al. - Systematic Review and Meta-Analysis).


რაც უფრო ახალგაზრდა ასაკში იწყებს ადამიანი სოლარიუმის გამოყენებას, მით უფრო მეტია კანის კიბოს რისკი:

1. <35 წელზე - მელანომის რისკი 60% (Banial M, et al.)
2. <25 წელზე - ბრტყელუჯრედოვანი კიბო - 102%, ბაზალურუჯრედოვანი კიბო - 40% (Wehner MR, et al.)

ასევე სხვა სახის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელსაც იწვევს ულტრაიისფერი სხივები, მათ შორის სოლარიუმი:

1. კატარაქტა,
2. იმუნოსუპრესია (იმუნიტეტის დაქვეითება),
3. დამწვრობა,
4. კანის ადრეული დაბერება,
5. სხვადასხვა შინაგანი ორგანოების დაზიანებები,
6. ეპიგენეტიკური ინფორმაცია გადაეცემა მომავალ თაობას ანუ არამარტო იმ ადამიანისთვის მატულობს კანის კიბოს განვითარების რისკი ვინც ხშირად დადის სოლარიუმში, არამედ მისი მომავალი შვილებისთვისაც

აუცილებელია, რომ მოვერიდოთ ბუნებრივ ულტრაიისფერ სხივებსაც და გამოვიყენოთ მზისდამცავი საშუალებები (მნიშვნელოვანია მათი სწორი შერჩევა კანის ტიპის მიხედვით, შემადგენლობის გათვალისწინებით, ასევე სწორი მოხმარების უნარ-ჩვევები).

რა თქმა უნდა, ულტრაიისფერი სხივები, კერძოდ, ვიწროტალღოვანი B სხივი (UVB - 311nm.) ერთ-ერთი ეფექტური მკურნალობის მეთოდია სხვადასხვა დერმატოლოგიური პრობლემის სამკურნალოდ და ამ შემთხვევაში მის რისკებთან დაკავშირებით მტკიცებულება არ არსებობს.

ასე რომ, უარი თქვით სოლარიუმის გამოყენებაზე კანის გარუჯვის მიზნით, გამოიყენეთ მზისდამცავი საშუალებები მზეზე გასვლის წინ 30 წუთით ადრე, რადგან ულტრაიისფერი სხივები მავნებელია.

P.S. დაახლოებით 10-30 წუთის განმავლობაში (მუქი ფერის კანის მქონე ადამიანებისათვის უფრო მეტი) მზის ულტრაიისფერი სხივების სახის კანთან კონტაქტით კვირაში 3-ჯერ გამომუშავდება D ვიტამინის ადეკვატური რაოდენობა (NIH, RDA - 400-800IU - ასაკის მიხედვით).

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ შეიძლება, რომ საბავშვო ბაღში ბავშვმა სამ საათზე ნაკლები დრო გაატაროს სუფთა ჰაერზე,“- პედიატრი ევგენი კომაროვსკი

პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ ბავშვებში სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, შვილების მადის გასაუმჯობესებლად მათ სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატარებინონ:

„თანამედროვე მშობლები გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ჭამას. თქვენ გეჩვენებათ, რომ თუ ბავშვის ორგანიზმი არ მიიღებს ყველა ვიტამინს და დაბალნსებულ კვებას, აუცილებლად ავად გახდება. სინამდვილეში ბავშვის ორგანიზმს საკვების დეფიციტის გადატანაც შეუძლია და ეს ზოგჯერ მარგებელიც არის. ჭამის მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს მადა. როდესაც ბავშვი მშიერია და საჭმლის მიღების საჭიროებას განიცდის, საკვებს ნორმალურად ინელებს და ეს მისთვის სასარგებლოა.

თუ ბავშვი არ ჭამს სადილს და მხოლოდ კანფეტი უნდა, თუ მისი კვება არ არის მრავალფეროვანი, აქედან ჩნდება პრობლემებიც. არ აყვეთ ბავშვებს! ბავშვმა უნდა ჭამოს ის, რასაც აძლევთ, მაგრამ უნდა ჭამდეს სიამოვნებით. თუ მადა არ აქვს, სჯობს, საერთოდ არ აჭამოთ. გაუზარდეთ ბავშვს ფიზიკური დატვირთვა, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, მაგრამ მშობლების, საბავშვო ბაღის და სკოლის მთავარი ამოცანაა, რომ ბავშვებმა მადიანად ჭამონ. არ შეიძლება, რომ საბავშვო ბაღში ბავშვმა სამ საათზე ნაკლები დრო გაატაროს სუფთა ჰაერზე. როდესაც ბავშვი სუფთა ჰაერზე დიდ დროს ატარებს, ის შესანიშნავად ჭამს და საკვებსაც კარგად ინელებს,“- აღნიშნა ევგენი კომაროვსკიმ.

წყარო: ​„LIFE FM”           

წაიკითხეთ სრულად