მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა ბოლო დროს აქტუალურ თემაზე - ინტერვალურ შიმშილზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. რა არის „ინტერვალური შიმშილი“, რას გულისხმობს კვების ეს ტიპი, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას და რეკომენდებულია თუ არა აღნიშნული კვების რეჟიმის დაცვა ყველასთვის, - სწორედ ამ საკითხებს შეიტყობთ დღევანდელი სტატიიდან.
„ინტერვალური შიმშილი“ ეს არის კვების ტიპი, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. ინტერვალური კვების სხვადასხვა სახეობა არსებობს, მაგრამ ჩვენ ამჯერად მის ყველაზე გავრცელებულ ვარიანტზე - 16-საათიან შიმშილზე ვისაუბრებთ. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ამ მეთოდის დროს ადამიანი დღისით 8 საათის განმავლობაში იკვებება, ხოლო შემდეგ 16 საათის განმავლობაში არაფერს არ მიირთმევს. ამ დროს ჩვენს ორგანიზმში ხდება ჰორმონალური ბალანსის აღდგენა, რითაც თავის მხრივ, ჩქარდება მეტაბოლიზმი და შენახული ცხიმი უფრო ხელმისაწვდომი ხდება გასახარჯად. დეტალურად: ორგანიზმში მატულობს ზრდის ჰორმონის დონე, რაც ხელს უწყობს ცხიმის წვას და კუნთური მასის მატებას. ორგანიზმში იკლებს ჰორმონ ინსულინის დონეც (ინსულინი აძლიერებს მადას და არის მაშენებელი ჰორმონი) და რეგულირდება მის მიმართ მგრძნობელობა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მეტაბოლიზმის მოწესრიგებას. „ინტერვალური შიმშილის“ დადებითი მხარეებია:
წონაში კლება, განსაკუთრებით, მუცლის არეში
ინსულინის მიმართ მგრძნობელობის აღდგენა
იმუნიტეტის ამაღლება
„ცუდი“ ქოლესტერინის დონის შემცირება
ანტი კანცეროგენული (კიბოს საწინააღმდეგო) პროცესების გააქტიურება
აღსანიშნავია ისიც, რომ კვების ასეთი რეჟიმის დროს იზრდება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაც.
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, თუ კვებისთვის გამოყოფილ პერიოდში რაციონი მდიდარი არ არის ვიტამინებით და მინერალებით, შეიძლება, ამან ადამიანის ორგანიზმის გამოფიტვაც კი გამოიწვიოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ 8 საათის განმავლობაში კვება იყოს ჯერადი, დაბალანსებული, მრავალფეროვანი და სასურველია, წახემსებების გარეშე. დაბალანსებული კვება თავის მხრივ რას გულისხმობს, მკითხველისთვის ჩვენი ყოველკვირეული რუბრიკის წინა თემაში უკვე დეტალურად განვმარტეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ დაბალანსებული კვება რეკომენდებულია ასევე დაკლებული კილოგრამების შესანარჩუნებლადაც, რადგან დაკლებული კილოგრამების ხელახლა დაბრუნების რისკს მინიმუმამდე ჯანსაღი ცხოვრების წესი ამცირებს.
თუმცა ორგანიზმში მიმდინარე დადებითი ცვლილებების მიუხედავად, „ინტერვალური შიმშილის“ კვების ტიპი არ არის ყველასთვის განკუთვნილი. მისი დაცვა არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ან არიან ორსულად ან იმყოფებიან ლაქტაციის პერიოდში. ასევე არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ანამნეზში აქვს კვებითი დარღვევების რომელიმე ტიპი (ანორექსია, გადაჭარბებული კვება ან ბულიმია, ნევროზი) ან მათ, ვისაც დიაგნოსტირებული აქვთ შაქრიანი დიაბეტი. „ინტერვალური შიმშილს“ რეჟიმს უნდა მოერიდონ ასევე დაბალი წნევის მატარებლები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოხატული დაავადებების მქონე ადამიანები. მაგალითად, თუ ამ კვების რეჟიმის დაცვის დროს წარმოიქმნა განსაკუთრებული დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, როგორიცაა: გულისრევა, შებერილობა, კუჭის ტკივილი, ტკივილის შეგრძნება ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეში, რეკომენდებულია „ინტერვალური შიმშილის“ შეწყვეტა. გარდა ამისა, უკუჩვენებად ითვლება ბავშვთა და მოზარდთა ასაკი.
უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ორგანიზმი არის ინდივიდუალური და გააჩნია მისთვის დამახასიათებელი ნივთიერებათა ცვლა, ამიტომ აუცილებელია აღინიშნოს, რომ ნებისმიერი კვების ტიპის არჩევისას რეკომენდებულია ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რათა წონაში კლების პროცესი სწორად წარიმართოს და ამით ორგანიზმს ზიანი არ მიადგეს.
ყველაფერი, რაც მშობლებმა უნდა იცოდნენ, თუ ბავშვის ცურვაზე შეყვანას გეგმავენ - ინტერვიუ ცურვის ინსტრუქტორთან
როგორ უნდა დაძლიოს ბავშვმა წყლის შიში, რა წესები უნდა დავიცვათ ზამთარში ცურვისას გაციების ასარიდებლად, ყველასთვის სასარგებლოა ცურვა, თუ არსებობენ გამონაკლისებიც - ამ და სხვა აქტუალურ თემებზე Moms.ge-ს ვაკის საცურაო აუზის ცურვის ინსტრუქტორი ირაკლი გოშაძე ესაუბრა.
- რომელი ასაკიდან არის რეკომენდებული ბავშვის ცურვაზე შეყვანა?
- ცურვა კარდიოდატვირთვების ლიდერია და ამ მხრივ ვერც ერთი სპორტი ვერ შეედრება. მშობელს ნებისმიერი ასაკიდან შეუძლია შვილის ცურვაზე შეყვანა. მოგეხსენებათ, ბავშვი მუცლადყოფნის პერიოდშივე წყალშია და მან ფიზიოლოგიურად იცის ცურვა, ასე ვთქვათ, თანდაყოლილად აქვს ეს ნიჭი. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ფიზიოლოგიური ცურვა სპორტულ ცურვაში გადადის და ბავშვები იწყებენ ტექნიკის შესწავლას. როცა ბავშვს შეუძლია დავალებებზე ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება (3-4 წლის ასაკში), შესაძლებელია მათთვის ცურვის შესწავლა.
- თუ ბავშვს წყლის შიში აქვს, როგორ ეხმარებით მის გადალახვაში?
- თუ ბავშვს წყალთან ურთიერთობა არ ჰქონია და რაიმე ფსიქოლოგიური ტრავმა არ აკავშირებს მასთან, წყლის შიში არ აქვს. ბავშვს შიში უჩნდება მოგვიანებით, როდესაც ის აანალიზებს, რა შეიძლება მოჰყვეს წყალთან ურთიერთობას. როდესაც 3 წლის ბავშვი მოდის ცურვაზე, მასთან ერთად წყალში მასწავლებელიცაა. მასწავლებელს ხელით უჭირავს ბავშვი, ესაუბრება და აძლევს მითითებებს. ეს იმდენად ბუნებრივი პროცესია, რომ შიშის ფაქტორი, თავისთავად გამორიცხულია. დამხმარე საშუალებები დიდ როლს თამაშობს: ჰაერის მუსკულები, დაფები, ჩხირები, ჟილეტები. შიშის ფაქტორის მაქსიმალური გაქარწყლებისთვის ვიყენებთ თამაშების პრინციპს, ვინაიდან ამ დროს ბავშვი მთელი ყურადღებით არის ჩართული და არ ეძლევა საშუალება, დაფიქრდეს, „ვაი, რა მომივა წყალში, მარტო რომ ვიყო“. ტექნიკის შესწავლით ხდება ადამიანი თავდაჯერებული, რაც ნიშნავს იმას, რომ აღარ ეშინია.
- ცურვა ყველა ბავშვისთვის სასარგებლოა, თუ არსებობს გამონაკლისები?
- არ არსებობს ადამიანი, რომელზეც შეიძლება ცურვამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს, თუმცა აუზის წყალი სპეციალური წამლებით მუშავდება და სწორედ ამ წამლების მიმართ შეიძლება, ზოგიერთი ბავშვი იყო ალერგიული. მათთვის ხელშემწყობი ფაქტორებია საჭირო.
- რა ინვენტარი უნდა იქონიოს მშობელმა ბავშვის ცურვაზე მიყვანისას?
- არსებობს წყლის წესები, რასაც გვერდს ვერ ავუვლით. ცურვის შესწავლისას აუცილებელია შემდეგი ინვენტარის ქონა: საცურაო კოსტიუმი, წყლის სათვალე, რეზინის ქუდი. დანარჩენი სავალდებულო ნივთებში არ შედის, მაგრამ სასურველია, იქონიონ საკუთარი ჩუსტები და პირსახოცი.
- წყლის ოპტიმალური ტემპერატურა პატარებისთვის...
- პატარები, ძირითადად, დახურულ აუზში შეისწავლიან ცურვას და მისი ოპტიმალური ტემპერატურაა 30 გრადუსი. გააჩნია ჰაერის ტემპერატურასა და ბავშვის დატვირთვასაც. ასაკის მიხედვით მათ განსხვავებული შრომა და მუშაობა უწევთ. 30 გრადუსი არის ნორმა (+2 გრადუსი). შეიძლება 3 წლის ბავშვს ცოტა ცივი მოეჩვენოს წყალი, თუმცა მოგეხსენებათ, ყველა ასაკის ბავშვისთვის ცალკე ტემპერატურის შექმნა შეუძლებელია.
- კვირაში რამდენჯერ და რამდენი საათია რეკომენდებული ცურვა ბავშვებში?
- მინიმალური მაჩვენებელი გულისხმობს კვირაში 3-ჯერ ვარჯიშს 45 წთ-იდან 1 სთ-მდე. ეს არის შესწავლის პერიოდში რეკომენდებული ინტერვალი. როდესაც ბავშვი სწავლობს და ითვისებს რაღაცას, არ შეიძლება ატაროთ კვირაში ერთხელ. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ბავშვი არის ცოცხალი ორგანიზმი, მას აქვს მეხსიერება, მაგრამ ის არ არის ხანგრძლივი. იგი დამოკიდებულია ინსტიქტზე, განსკუთრებით, როცა საქმე ცურვას ეხება. დიდი ინტერვალი იწვევს ათვისების შეფერხებას, ასე ვთქვათ, ადგილზე გაჩერებას.
- საშუალოდ რა დროა საჭირო იმისთვის, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად ცურვა ისწავლოს?
- ეს დამოკიდებულია როგორც ასაკზე, ასევე თუ რამდენად ყურადღებიანია ბავშვი. საკმაოდ ინდივიდუალური საკითხია. ცურვის შესწავლა მთლიანად ადამიანზეა დამოკიდებული და ასევე იმაზე, თუ რა სიხშირით დადის ვარჯიშზე. ბავშვებში ყველაფერი მარტივადაა. ისინი სუფთა ფურცლები არიან, როგორც დაწერ, ისე ისწავლიან. მინიმუმ სამი თვე აუცილებლად სჭირდება ბავშვს, რომ აითვისოს ცურვის 4 სტილი და მოერგოს წყალს. სამი თვის შემდეგ კი იწყება უფრო კონკრეტული მუშაობა.
- და ბოლოს, რა წესები უნდა დავიცვათ ზამთარში ცურვისას, რომ თავიდან ავიცილოთ გაციება?
- მე წლების განმავლობაში ვიყავი დაკავებული წყალბურთით. ბევრი თანაგუნდელი გამოეთიშა ასპარეზობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. სამწუხაროდ, მწვრთნელები ამაზე არ საუბრობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოიცვალოთ ის კოსტიუმი, რომლითაც იცურავეთ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი ტანზე დატოვება და შეშრობა. ცხელი წყლით უნდა ჩამოიბანოს აუზის წყალი, გაიშროს ტანი და თავი. აუცილებელი ინვენტარია ქუდი. სველი თმით არ უნდა დატოვოთ აუზი.