Baby Bag

​როდის არის საშიში გაძლიერებული წყურვილი და შარდის ჭარბი გამოყოფა ბავშვებში და რას მივაქციოთ ყურადღება ექიმთან ვიზიტამდე

​როდის არის საშიში გაძლიერებული წყურვილი და შარდის ჭარბი გამოყოფა ბავშვებში და რას მივაქციოთ ყურადღება ექიმთან ვიზიტამდე

როდის არის საშიში გაძლიერებული წყურვილი და შარდის ჭარბი გამოყოფა ბავშვებში და რას მივაქციოთ ყურადღება ექიმთან ვიზიტამდე, - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე საუ​ბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

პოლიდიფსია სამედიცინო ტერმინია და გაძლიერებული წყურვილის გამო სითხის ჭარბად მიღებას ნიშნავს. ჯანმრთელ ბავშვს მომატებული წყურვილი შესაძლოა, ჰქონდეს ძალიან ცხელ ამინდში, მარილიანი საკვების მიღების ან ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. თუმცა, თუკი ჭარბი წყურვილის მიზეზი არაა თვალსაჩინო და წყლის ჭარბად მიღება რამდენიმე დღე მაინც გრძელდება, განსაკუთრებით თუ შარდიც ჭარბად გამოიყოფა, საჭიროა დაუყოვნებლივ კონსულტაცია ექიმთან.

პოლიურიაც სამედიცინო ტერმინია და შარდის ჭარბად გამოყოფას ნიშნავს. თუკი ბავშვი შარდავს 3-4 მლ/კგ/24 საათში და მეტს, საჭიროა, გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

მაგალითისათვის: თუკი თქვენ გყავთ 5 წლის ბავშვი, რომელიც 20 კგ-ს იწონის და 2000 მლ-ზე მეტს შარდავს 24 საათის განმავლობაში ან/და სვამს 2 ლიტრზე მეტ წყალს, აუცილებელია დაუკავშირდეთ ექიმს და შეატყობინოთ ამის შესახებ.

როგორ შევაფასოთ სწორად?

სითხის ჭარბ მიღებასა და შარდის ჭარბ გამოყოფაზე ეჭვის დროს აუცილებლია დაკვირვება და სწორად შეფასება. სასურველია, სანამ ექიმს მიმართავთ, გქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია: რამდენი მიიღო და გამოყო ბავშვმა სითხე ბოლო 24 საათის მანძილზე.
აღრიცხვა დაიწყეთ დილით გაღვიძებისთანავე, ჩაიწერეთ როგორც მიღებული წყლის რაოდენობა, ასევე სხვა სითხეები, როგორიცაა წვნიანი და წვენი. შეეცადეთ, ყოველთვის გამოიყენოთ ერთი და იგივე საზომიანი ჭიქა ან ბოთლი. აღრიცხვა აწარმოეთ მეორე დილამდე, ღამის ჩათვლით. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ, თუ ბავშვი ღამით სპეციალურად რამდენჯერმე იღვიძებს წყურვილის ან მოშარდვის აუცილებლობის გამო.
შედარებით უფრო რთული, მაგრამ შესაძლებელია გამოყოფილი შარდის რაოდენობის განსაზღვრაც, იმ შემთხვევაშიც კი თუკი ბავშვი ჯერ კიდევ საფენებს იყენებს.
ათვლა დაიწყეთ დილის პირველი საფენის გამოცვლის შემდეგ. მოაგროვეთ ყველა მომდევნო საფენი მეორე დილით გამოცვლილის ჩათვლით, აწონეთ და გამოაკელით იგივე რაოდენობის გამოუყენებელი საფენების წონა. 24 საათის განმავლობაში მიღებული და გამოყოფილი სითხის რაოდენობა თითქმის უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს.

განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ, თუ:

  • ბავშვი ღამით აღარ ისველებდა და უცებ კვლავ დაიწყო ჩასველება, არ იღვიძებდა ღამე მოსაშარდად და უკვე რამდენჯერმე უწევს ადგომა,
  • თუკი შარდის ფერი ძალიან ღია ან პირიქით უჩვეულოდ მუქია;
  • თუკი აღნიშნულ სიმპტომებს თან ახლავს წონის კლება, ზოგადი სისუსტე და ადინამია, ტემპერატურის მატება, გულისრევა-ღებინება, პირიდან აცეტონის სუნი, ცნობიერების შეცვლა და აშ.


​პოლიურია და პოლიდიფსია უმეტესად შაქრიანი ან უშაქრო დიაბეტისათვის დამახასიათებელი ნიშნებია და მოითხოვს დროულ შეფასებას.
აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს სისხლში გლუკოზის დონე, გაკეთდეს შარდის საერთო ანალიზი და მიმართოთ თქვენს პედიატრს ან ბავშვთა ენდოკრინოლოგს.

წყარო: პედიატრ თამარ ობგაიძის ბლოგი 

შეიძლება დაინტერესდეთ

ავოკადო - სასარგებლო ეგზოტიკა პატარებისათვის

ავოკადო - სასარგებლო ეგზოტიკა პატარებისათვის

ავოკადოს სასარგებლო თვისებების შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე საუ​ბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით.

„დაფნისებრი მცენარე წარმოშობით მექსიკიდან მწვანე მსხლისებური ნაყოფით. აცტეკების საყვარელი საკვები და სამკურნალო მცენარე, ფლორიდაში გამოჩენისას ამერიკელებმა მას ალიგატორი მსხალი დაარქვეს. მწვანე ფერის მოზრდილი ნაწყოფი დიდი კურკით და ცხიმოვანი რბილობით - ეს ავოკადოა, ეგზოტიკური ხილი, რომელის მოყვანა სხვათა შორის, გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოს სუბტროპიკებშიც სცადეს და წარმატებით.
ავოკადო ევროპასა და ამერიკაში ძალიან პოპულარული ხილია, რომელსაც სიამოვნებით მიირთმევენ უფროსებიც და აქტიურად გამოიყენება ბავშვთა კვების რაციონშიც.

რატომ ავოკადო?

ეს დიდკურკიანი ეგზოტიკური ხილი მდიდარია ცხიმითა და ვიტამინებით. მის შემადგენლობაშია უჯერი ცხიმოვანი, მათ შორის, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები. შეიცავს B ჯგუფის, C, K, E, A, D, PP ვიტამინებს, თუთიას, სპილენძს, სელენს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, მაგნიუმს, საკვებ ბოჭკოებს. არ შეიცავს ქოლესტერინს და ნატრიუმს.

ალბათ, შემადგენლობითაც მიხვდით - ავაოკადო სასარგებლო ხილია. უხდება ხილისა და ბოსტნეულის სალათებს ან სულაც გახუხუხულ პურზე წასმული გირჩევნიათ და როცა ამ სასარგებლო პროდუქტს მიირთმევთ, აუცილებელად გახსენდებათ თქვენი პატარა - ავოკადოში შემავალი ვიტამინები, მინერალები, ცხიმები ხომ მისთვისაც სასარგებლო იქნება.

მივცეთ თუ არა ავოკადო ჩვილს? 

იქნება თუ არა ის მისთვისაც ისეთივე სასარგებლო პროდუქტი, როგორც თქვენთვის? ეჭვიანი კითხვები ბუნებრივად ისმის, რადგან ავოკადო ჯერ ერთი, ჩვენი ქვეყნისათვის უჩვეულო ხილია, სულ ცოტა ხნის წინ რომ გამოჩნდა სუპერმარკეტებში და მეორეც, ის ცხიმიანია. მიუხედავად ამისა, პასუხი არის - დიახ!

ავოკადო შეიძლება აქციოთ ენერგიის საუკეთესო წყროდ ჩვილისა და უფრო მოზრდილი ბავშვისათვის, მათ ხომ ენერგიაზე უფრო გაზრდილი მოთხოვნილება აქვთ აქტიური ზრდის პროცესში. ავოკადოს შემადგენლობაში შემავალი ცხიმოვანი მჟავები პატარას თავის ტვინის განვითარებისათვისაა აუცილებელი, ხოლო ვიტამინები და მინერალები ხელს უწყობენ ბავშვის ზრდა-განვთარებას, ანემიის პროფილაქტიკას, კუწ-ნაწლავის ტრაქტის გამართულ ფუნქიონირებას, ძვლების სიმტკიცეს.

როგორ შევარჩიოთ ავოკადო?

ავოკადოს არჩევისას უპირატესობა რბილ, დამწიფებულ ნაყოფს მიანიჭეთ, რომელსაც მუქი მწვანე კანი აქვს. ხელის დაჭერისას მწიფე ავოკადო რბილია. გაჭრისას შიგთავი მწვანე აქვს, კურისკისაკენ მოყვთალო - აგურისფერი. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.
უმწიფარი, მაგარი ავოკადო კი 3-4 დღეში დამწიფდება და საკვებად ვარგისი გახდება.

რასთან ერთად მივცეთ პატარას ავოკადო?

5-6 თვიდან აქტიურ განვითარებას იწყებს პირის ღრუში არსებული გემოვნების რეცეპტორები, ამიტომ დროის ამ პერიოდში რეცეპტორების განვითარებისათვის სხვადასხვა გემოს საკვები აუცილებელია. ავოკადოს ნაზი, განსხვავებული გემო და ნაზი ტექსტურა კარგად ეხამება ხილსაც და ბოსტნეულსაც, რძესაც და იოგურტსაც. გახსოვდეთ, ჰაერზე დაყოვნებისას ავოკადო იჟანგება და ფერს იცვლის, ამიტომ შეეცადეთ, ის პატარას ფერის შეცვლამდე მისცეთ.

ავოკადოს მარტივი პიურე

გაჭერით ავოკადო, ამოიღეთ კურკა, კანგაცლილი რბილობი გაჭყლიტეთ ან დააბლენდერეთ და შეურიეთ დედის რძეს ან ხელოვნურ ნარევს.

ავოკადო+ხილი

დაჭყლეტილი ავოკადო სხვა ხილს, მაგალითად, ბანანს შეურიეთ. ეს წყვილი საინტერესო გემოთი გამოირჩევა.

იოგურტი ავოკადოთი

დაბლენდებერბული ავოკადო შეურიეთ იოგუტს ან მაწონს - გემრიელი და ყუათიანი წახემსება გარანტირებულია.

ყაბაყი ავოკადოთი

გარეცხილი, გაფცქვნილი, დაჭრილი ყაბაყი მოხარშეთ 100 მლ. წყალში 10 წთ-ის მანძილზე. მოხარშული ყაბაყი ცოტათი გააგრილეთ. ½ ავოკადო დაჭყლიტეთ, შეურიეთ მოხარშულ ყაბაყს და დააბლენდერეთ, დაუმატეთ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი.

ფრთხილად!

თუ თქვენს პატარას ლატექსზე ალერგია აქვს, ავოკადო არ უნდა მისცეთ, რადგან შესაძლოა, ჯვარედინი ალერგია გამოვლინდეს და სარგებლის ნაცვლად პრობლემა მიიღოთ,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

წაიკითხეთ სრულად