Baby Bag

სამი ყველაზე გავრცელებული დაავადება ჩვილ ბავშვებში

სამი ყველაზე გავრცელებული დაავადება ჩვილ ბავშვებში

ბავშვის ავად გახდომა ნებისმიერი მშობლისთვის შემაშფოთებელია, თუმცა, თუ საქმე ჩვილის ჯანმრთელობას ეხება, შფოთვა ორმაგად მატულობს. მართალია, მშობლები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ პატარების ჯანმრთელობა საფრთხისგან დაიცვან, მაგრამ ყველაზე ჯანმრთელი ბავშვებიც კი ზოგჯერ ავადდებიან. ნებისმიერმა მშობელმა უნდა იცოდეს, თუ რომელი დაავადებებია ყველაზე გავრცელებული ბავშვებში. ჩვილებს სუსტი იმუნიტეტი აქვთ, რის გამოც მათ ორგანიზმს ბანალურ გაციებასთან გამკლავებაც კი უჭირს. სწორედ ამიტომ, ბავშვის სიცოცხლის პირველი ორი თვის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის მანძილზე უარესდება, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს, რათა მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი

რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი განსაკუთრებით ხშირია ორ წლამდე ასაკის ბავშვებში. ის ფილტვებისა და სასუნთქი გზების ინფექციებს იწვევს. ჯანმრთელ ბავშვებში რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი ჩვეულებრივი გაციების სიმპტომებით შემოიფარგლება, თუმცა სუსტი იმუნიტეტის მქონე პატარებისთვის ძალიან საშიშია. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ის სწრაფად გადაიზრდება ბრონქიტსა და პნევმონიაში. აღნიშნული ვირუსი ჩვილების ჰოსპიტალიზაციის ყველაზე გავრცელებულ მიზეზად გვევლინება.

რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსის ძირითადი სიმპტომები:

  • სურდო და მადის დაქვეითება
  • ხველება, ცემინება, სუფებრილური ტემპერატურა (პირველადი მსუბუქი სიმპტომების აღმოცენებიდან 1-3 დღეში)
  • ცხელება
  • გახშირებული სუნთქვა
  • სუნთქვის გაძნელება
  • ხრიალის ხმა სუნთქვისას
  • კანის მოლურჯო შეფერილობა (რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ორგანიზმს ჟანგბადი სათანადოდ არ მიეწოდება)

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვი რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსით დაავადდა:

  • ვირუსის სპეციალური მკურნალობის მეთოდი არ არსებობს.
  • ვირუსის პროგრესირებისა და პნევმონიის განვითარების შემთხვევაში ექიმი ბავშვს ანტიბიოტიკს დაუნიშნავს.
  • ბავშვისთვის შვების მომტანია ორთქლის აბაზანის გამოყენება.
  • ოთახში ჰაერის ტენიანობა უნდა გაზარდოთ.
  • ბავშვს სასთუმალი აუმაღლეთ.
  • პატარას დიდი რაოდენობით წყალი მიეცით.
  • 2 წლამდე ასაკის ბავშვებში სუნთქვის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ ზღვის მარილის წვეთები.
  • სიცხის დამწევის გამოყენებამდე აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა ექიმს. ჩვილებისთვის ყველა სახის მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება.
  • მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

როგორ უნდა დაიცვათ ბავშვი რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსისგან?

აღნიშნული ვირუსის ვაქცინა არ არსებობს, ამიტომ ბავშვს ყოველდღიური ჰიგიენის წესების დაცვა უნდა ასწავლოთ.

გასტროეზოფაგური რეფლუქსი

გასტროეზოფაგური რეფლუქსი აშკარად შესამჩნევი სიმპტომებით იშვიათად ვლინდება და ბავშვებს დისკომფორტსაც ნაკლებად უქმნის, თუმცა, თუ ის რთული ფორმით მიმდინარეობს, შემდეგი სიმპტომები იკვეთება:

  • საკვების მიღების შემდეგ დისკომფორტი
  • ხშირი ამოქაფება
  • გახშირებული სლოკინი

რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა?

  • ბავშვს თავი მაღლა აუწიეთ.
  • ჭამის შემდეგ 30 წუთის განმავლობაში ჩვილი ვერტიკალურ პოზაში გეჭიროთ.
  • ბავშვი დღის განმავლობაში ხშირად და მცირე ულუფებით გამოკვებეთ.
  • 6 თვიდან სოლიდურ კვებაზე გადასვლა ბავშვის მდგომარეობას შეამსუბუქებს.

აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს, თუ:

  • ბავშვი წონაში არ იმატებს.
  • ხშირად და ძლიერად აღებინებს.
  • ბავშვი სისხლს ან მოყვითალო-მომწვანო შეფერილობის ლორწოს ამოიღებს.
  • კვებაზე უარს აცხადებს.
  • ბავშვს განავალში სისხლი აქვს.
  • ქრონიკულად ახველებს ან სუნთქვა უჭირს.
  • ღებინებას და ამოქაფებას 6 თვის ასაკიდან იწყებს.

მსუბუქი ფორმის რეფლუქსის დროს მედიკამენტებით მკურნალობა საჭირო არ არის. ზემოთ დასახელებული ღონისძიებები გასტროეზოფაგური რეფლუქსის პრევენციაში დაგეხმარებათ.

ყურის ინფექციები

ყურის ინფექცია სხვადასხვა სახისაა. ბავშვებში ყველაზე მეტად გავრცელებული შუა ყურის ინფექცია, იგივე შუა ყურის ოტიტია. ამ დროს შუა ყურში სითხე გროვდება და ანთებითი პროცესი იწყება, რის გამოც ინფექცია მტკივნეული მიმდინარეობით ხასიათდება. ბავშვებს ის ძალიან ხშირად უმეორდებათ, რის გამოც მშობლებს ყურის ინფექციების ყველაზე მეტად ეშინიათ.

ყურის ინფექციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები:

  • ტემპერატურის მატება
  • ყურის ტკივილი (ბავშვი ხშირად იკიდებს ყურზე ხელს)
  • ღებინება და დიარეა (მხოლოდ ჩვილებში)
  • სმენის დაქვეითება
  • ბალანსის პრობლემები
  • ტირილი
  • მადის დაქვეითება
  • ძილის დარღვევები

ყურის ინფექციების დიდი ნაწილი თავისთავად გაივლის და მკურნალობა არ სჭირდება. თუ სიმპტომები მძიმეა, ბავშვებს შესაბამისი მედიკამენტებით მკურნალობენ.

ყურის ინფექციების პრევენციისთვის:

  • ჩვილი სულ მცირე ექვსი თვის მანძილზე დედის რძით გამოკვებეთ.
  • თუ ბავშვს ბოთლით კვებავთ, მისი თავი ყოველთვის მუცელზე მაღლა უნდა გეჭიროთ.
  • ერთ წლამდე ასაკის ბავშვი მასობრივი თავშეყრის ადგილებს მოარიდეთ.
  • ბავშვი არ გააჩეროთ ისეთ სივრცეში, სადაც მწეველები არიან.

ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება რომ არ გამოგეპაროთ, დააკვირდით პატარას ქცევას, განწყობას და ნებისმიერი უმნიშვნელო სიმპტომის მიმართ ყურადღება გამოიჩინეთ.

მომზადებულია kinsahealth.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„დაშინება არის ჩვენი კომფორტისთვის და არა ბავშვზე ზრუნვისთვის,“ - ბაკურ კოტეტიშვილი

„დაშინება არის ჩვენი კომფორტისთვის და არა ბავშვზე ზრუნვისთვის,“ - ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვის დაშინების მანკიერ მხარეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობლები ასე საკუთარი კომფორტის გამო იქცევიან:

„საბოლოოდ ვებრძვით იმ ბიოლოგიურ ფენომენს, რომელსაც ჰქვია დაცულობა. თუ ბუა წამიყვანს, თუ მეტკინება, თუ დავეცემი, მაშინ როგორღა მიცავ?! ეს დაშინება არის ჩვენი კომფორტისთვის და არა ზრუნვისთვის. მაგალითად, კარადაა ოთახში. როგორ გავიგო კარადის თავზე რა არის, თუ არ ავძვერი. ამიტომ ვიწყებ რაღაც ფორმით იქ აძრომას. გვერდით მყოფი მოზრდილი აუცილებლად უნდა დამეხმაროს, ამწიოს, ცოცვაში მომეხმაროს, რომ დავიკმაყოფილო მოთხოვნილება და გავიგო რა არის იქ. ​ნაცვლად იმისა, რომ ავდგე და ბავშვს მივეხმარო, არ მინდა, რომ ავდგე და ბავშვს ვეუბნები: „არ ახვიდე.“ ბავშვი შეძვრა ავეჯის ქვეშ, მეუბნება, რომ შევძვრე. მე მიჭირს დაკუზვა, ამიტომ ვეუბნები: „გამოდი მანდედან, ეს არ არის სათამაშო ადგილი." ჩვენს კომფორტზეა ეს აწყობილი და არა ბავშვის.“

„რომ ვირბინო, არაფერი მოხდება, მაგრამ უცებ ყურში მესმის: „არ ირბინო, თორემ დაეცემი, გაოფლიანდები." ნეგატივით ხდება შეზღუდვა რაღაც ქმედების. მე თავს ვიბევებ წინასწარ, რომ ბავშვი სადღაც, როდესღაც აუცილებლად დაეცემა. როგორც კი დაეცემა, მაშინვე მზად ვარ, რომ ვუთხრა: ხომ გეუბნებოდი,“ - აღნიშნულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ამ შაბათ-კვირას“ ისაუბრა.

წყარო:​ „ამ შაბათ-კვირას“

წაიკითხეთ სრულად