Baby Bag

​როგორ დავიცვათ პატარები მწერებისაგან, რა გავაკეთოთ მწერის კბენის შემდეგ და როგორ მოვაცილოთ სწორად ტკიპა კანიდან - პედიატრის რეკომენდაციები

​როგორ დავიცვათ პატარები მწერებისაგან, რა გავაკეთოთ მწერის კბენის შემდეგ და როგორ მოვაცილოთ სწორად ტკიპა კანიდან - პედიატრის რეკომენდაციები

როგორ დავიცვათ პატარები მწერებისაგან და როგორ მოვაცილოთ სწორად ტკიპა კანიდან, ამის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ზაფხული მოვიდა და მასთან ერთად აქტუალური გახდა საზაფხულო პრობლემებიც.
დღეს მწერებზე ვისაუბრებთ, რომელთა ნაკბენს დისკომფორტის გარდა სერიოზული დაავადებაც შეიძლება მოჰყვეს.
კოღოებიდან გამოვყოთ ანოფელისი, რომელსაც მალარიის გამომწვევი გადააქვს და ფლებოტომუსი, რომელიც ლეიშმანიოზის გამომწვევის გადამტანია.
რწყილებსა და ტკიპებს მძიმე ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები გადააქვთ. ამ პარაზიტებთან კონტაქტი შესაძლოა, შინაურ ცხოველებთან ურთიერთობისას, ასევე ტყეებსა და მინდვრებში სეირნობისას მოხდეს.
მწერების ნაკბენს ადგილობრივი რეაქციების გარდა შესაძლოა, მძიმე ალერგიული რეაქციაც მოჰყვეს.

რა გავაკეთოთ მწერის კბენის შემდეგ?

  • ნაკბენზე პატარას ყინული ან ცივი კომპრესი დაადეთ
  • ძლიერი ქავილისას ექიმთან შეთანხმებით ქავილისა და შეშუპების საწინააღმდევო მალამო შეგიძლიათ გამოიყენოთ
  • ნესტრიანი მწერის კბენის ან კანზე ტკიპას აღმოჩენისას ნუ ეცდებით ნესტარი დანით მოაცილოთ ან ტკიპა ძალით ააძროთ, პირიქით, შესაძლებელია, ტკიპას ხორთუმი კანში ჩატოვოთ
  • ნაკბენზე ზეთში დასველებული საფენი დაადეთ და შემდეგ ნესტარი ან ტკიპა ფრთხილად მოაცილეთ

როგორ დავიცვათ თავი მწერებისგან?

  • ნუ ასეირნებთ პატარას გარეთ შებინდების შემდეგ, რადგან კოღოები სწორედ ამ დროს აქტიურდებიან
  • ტყეებსა და მინდვრებში გასვლისას სხეული სჯობს სრულად იყოს დაფარული სამოსით
  • საღამოს ნუ აანთებთ ოთახში სინათლეს, თუ ფანჯრები ღიაა ან ბადით არაა დაცული
  • აუცილებლად გამოიყენეთ ბადეები ფანჯრებზე
  • თუ ირგვლივ ბევრი მწერია, გამოიყენეთ რეპელენტები, თუმცა შემდეგ ოთახი გაანიავეთ
  • არასოდეს გამოიყენოთ მწერებთან საბრძოლველად ის საშუალებები, რაც შინაური ცხოველებისათვისაა განკუთვნილი. ისინი სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ბავშვის ჯანმრთელობას!
  • თუ კბენის შემდეგ სუნთქვის გაძნელება, ძლიერი შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, თავბრუსხვევა, გამონაყარი შენიშნეთ, სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს!“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ,“ - პარაზიტოლოგი ირმა კოკაია

პარაზიტოლოგმა ირმა კოკაიამ განმარტა რატომ იზიდავს ზოგიერთი ადამიანი მწერებს უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ადამიანები:

„ყველა ადამიანის სხეული გამოყოფს გარკვეულ ნივთიერებებს. ეს ყველა ადამიანს ეხება. ბევრი ასეთი ნივთიერება გამოიყოფა ჩვენი კანის გზით. ეს შეიძლება იყოს ამიაკი და ა.შ. გარკვეულ ადამიანებს გაცილებით მეტად გამოეყოფათ ეს ნივთიერებები და აღმოჩნდა, რომ ამ ნივთიერებებიდან არის რაღაც განსაკუთრებული სახეობები, რომელიც იზიდავს მწერებს, განსაკუთრებით კოღოებს.

როდესაც ადამიანის სხეული ჭარბად გამოყოფს ამ ნივთიერებებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ თვითონ, ეს არის კოღოს მიზიდვის საშუალება. ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ. არის პირიქითაც... არის ნივთიერებები, რომლებიც პირიქით აფრთხობს მწერებს და კოღოებს. შესაბამისად ეს ადამიანები გაცილებით ნაკლებად ზარალდებიან. ეს ჩვენი ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარეობს და ჩვენი მეტაბოლიზმიდან,“ - მოცემულ საკითხზე ირმა კოკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად