Baby Bag

8 წლის ასაკის ბავშვებს გასულ წლებთან შედარებით აუტიზმის დიაგნოზს უფრო ხშირად უსვამენ - უახლესი კვლევის შედეგები

8 წლის ასაკის ბავშვებს გასულ წლებთან შედარებით აუტიზმის დიაგნოზს უფრო ხშირად უსვამენ - უახლესი კვლევის შედეგები

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორწლიან ანგარიშში აღნიშნულია, რომ 8 წლის ასაკის ბავშვებს აუტიზმის დიაგნოზს იმაზე ხშირად უსვამენ, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ ხდებოდა.

2016 წელს 8 წლის ასაკის ყოველი 54 ბავშვიდან ერთს აუტიზმი ჰქონდა, 2014 წელს კი მსგავს დიაგნოზს მხოლოდ ყოველ 59-ე ბავშვს უსვამდნენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვლევის ჩატარებისას სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულებების ოფიციალურ ანგარიშებს ეყრდნობოდა.

კვლევამ შავკანიან და თეთრკანიან ბავშვებს შორის აუტიზმის გავრცელების მნიშვნელოვანი განსხვავება ვერ გამოავლინა, თუმცა დაავადების მაჩვენებელი ლათინოამერიკელ ბავშვებში გაცილებით მაღალი იყო. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მკვლევარები თვლიან, რომ ლათინოამერიკელ ბავშვებს უფრო ხარისხიანი გამოკვლევა, დიაგნოსტირება და ინტერვენცია ესაჭიროებათ. კვლევით ასევე დადასტურდა, რომ შავკანიანი და ლათინოამერიკელი პატარების მდგომარეობა პროფესიონალების მიერ გაცილებით გვიან ფასდებოდა, ვიდრე თეთრკანიანების, რის გამოც მათი მკურნალობა ხშირად დაგვიანებით იწყებოდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ 3 წლის ასაკამდე ბავშვების განვითარების დონის სამედიცინო შეფასება 74%-დან 84%-მდე გაიზარდა, რაც მედიკოსების მხრიდან აღნიშნული პრობლემისადმი ინტერესის გაზრდასა და პრევენციული ღონისძიებების აქტიურად გამოყენებაზე მიანიშნებს.

გასული წლების ანგარიშებთან შედარებით მამრობითი სქესის პატარებში აუტიზმის დიაგნოზის რიცხვი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ბიჭებს გოგონებთან შედარებით აუტიზმის განვითარების 4-ჯერ უფრო მაღალი რისკი აქვთ. მკვლევარები აღნიშნული სხვაობის მიზეზების დადგენას აუცილებლად მიიჩნევენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში აუტიზმის დიაგნოზის მქონე ბავშვების რიცხვი შტატების მიხედვითაც განსხვავდება. კოლორადოში აღნიშნულ დიაგნოზს ყოველი 76 ბავშვიდან ერთს მაინც უსვამენ, ხოლო ნიუ-ჯერსიში აუტიზმი ყოველ 32-ე ბავშვს უდგინდება. მკვლევარები აღნიშნული სხვაობის მიზეზად დიაგნოსტირების ხარისხს შორის განსხვავებებს ასახელებენ. თითოეულ შტატში აუტიზმის დიაგნოსტიკა და მიღებული შედეგების ოფიციალური აღრიცხვა განსხვავებულად ხდება, რაც ზუსტი მონაცემების დადგენას ართულებს.

მომზადებულია ​ksat.com-ის მიხედვით

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ,“ - პარაზიტოლოგი ირმა კოკაია

პარაზიტოლოგმა ირმა კოკაიამ განმარტა რატომ იზიდავს ზოგიერთი ადამიანი მწერებს უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ადამიანები:

„ყველა ადამიანის სხეული გამოყოფს გარკვეულ ნივთიერებებს. ეს ყველა ადამიანს ეხება. ბევრი ასეთი ნივთიერება გამოიყოფა ჩვენი კანის გზით. ეს შეიძლება იყოს ამიაკი და ა.შ. გარკვეულ ადამიანებს გაცილებით მეტად გამოეყოფათ ეს ნივთიერებები და აღმოჩნდა, რომ ამ ნივთიერებებიდან არის რაღაც განსაკუთრებული სახეობები, რომელიც იზიდავს მწერებს, განსაკუთრებით კოღოებს.

როდესაც ადამიანის სხეული ჭარბად გამოყოფს ამ ნივთიერებებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ თვითონ, ეს არის კოღოს მიზიდვის საშუალება. ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ. არის პირიქითაც... არის ნივთიერებები, რომლებიც პირიქით აფრთხობს მწერებს და კოღოებს. შესაბამისად ეს ადამიანები გაცილებით ნაკლებად ზარალდებიან. ეს ჩვენი ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარეობს და ჩვენი მეტაბოლიზმიდან,“ - მოცემულ საკითხზე ირმა კოკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად