Baby Bag

რ​ა შემთხვევაში გვიცავს ლატექსის ერთჯერადი ხელთათმანი კორონავირუსისაგან?

რ​ა შემთხვევაში გვიცავს ლატექსის ერთჯერადი ხელთათმანი კორონავირუსისაგან?

რ​ა შემთხვევაში გვიცავს ლატექსის ერთჯერადი ხელთათმანი კორონავირუსისაგან? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„როცა უხილავი მტერი გიტევს, რომელიც არ ჩანს, მაგრამ იცი, რომ წვეთებით ვრცელდება და ნებისმიერი ზედაპირი შეიძლება ინფიცირებული იყოს, ბუნებრივია, გიჩნდება სურვილი, როგორმე დაიცვა თავი ზედაპირებზე შეხებისაგან. ამიტომ სულაც არ მიკვირს, რომ სულ უფრო ხშირად მხვდებიან ქუჩაში ადამიანები ფერად-ფერადი ლატექსის ხელთათმანებით.

გვიცავს თუ არა ის?

დიახ, თუ თქვენ გაცვიათ ხელთათმანი, ზედაპირებზე შეხებისას თქვენს კანზე ნამდვილად ვერ მოხვდება, ვერც კორონავირუსი და ვერც სხვა მიკროორგანიზმი და ეს დაცულობის ბედნიერ შეგრძნებას გაძლევთ.

მაგრამ თუ ასე შეფუთული ხელებით, ეხებით ფულს, მობილურ ტელეფონს, რომელიც საუბრისას ახლოს გაქვთ სახესთან, ხელთათმანინი ხელებით ეხებით ბანკომატებს, სწრაფი გადახდის აპარატებს და შემდეგ ისწორებთ თმას, მიგაქვთ ხელი სახესთან, ეხებით მას, იკეთებთ და იხსნით სათვალეს, თქვენ ქმნით დამატებით რისკს დაბინძურებული ხელთათმანებით ინფიცირებისათვის.

ასე, რომ თუ იყენებთ ლატექსის ხელთათმანს, გამოიყენეთ ის სწორად - გაიკეთეთ ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტისას, მისი მოვლისას, სამედიცინო დაწესებულებაში შესვლისას, აფთიაქებში, სუპერმარკეტებში ნივთებთან და ზედაპირებთან შეხებისას. შემდეგ ხელთათმანი უნდა გადააგდოთ ან შეინახოთ გარეცხვამდე და დეზინფექტანტით დამუშავებამდე.

იმ შემთხვევაში, თუ მაინც გირჩევნიათ მთელი დღის მანძილზე გეკეთოთ ხელთათმანი, სრულყოფილად უნდა აკონტროლოთ საკუთარი თავი, რომ თქვენი ხელი არ მოხვდეს სახესთან. სხვა შემთხვევაში ლატექსის ხელთათმანი დაცვის ნაცვლად საფრთხის რისკს გაგიზრდით.

დაბოლოს, ხელების ხშირი დაბანის აუცილებლობას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ!“ - წერს 
პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

თენგიზ ცერცვაძე ჰოსპიტალიზებულია

თენგიზ ცერცვაძე ჰოსპიტალიზებულია

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა და იგი ჰოსპიტალიზებულია, - ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

„აღენიშნება ტემპერატურის მატება 38.0 გრადუსამდე. გულ-მკერდის ორგანოების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევით დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდ პნევმონია.

იმუნური სისტემის გამოკვლევით აღენიშნება უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. ვინაიდან ბატონი თენგიზი წარმოადგენს ორმაგად მაღალი რისკის ჯგუფის პირს - იგი არის ასაკოვანი და ამავე დროს აქვს არაჰოჯკინის ლიმფომა და სერიოზული იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ამიტომ გადაწყდა მისი ჰოსპიტალიზაცია.

​მას გადაესხა ანტივირუსული მედიკამენტი „რემდესივირი„ ორი 100 მილიგრამიანი ფლაკონი ერთჯერადად. ის მკურნალობას მომავალ დღეებში გააგრძელებს კლინიკაში და მისი მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლების მდგომარეობის მიხედვით. 

რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს - ანა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას აგრძელებს სახლში“, - აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად