Baby Bag

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადება ბავშვთა გეგმიური ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადება ბავშვთა გეგმიური ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით

ბავშვთა გეგმიური ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მშობლებს მიმართავს. 

„არსებული სიტუაციის აქტუალობიდან და თქვენი მრავლობითი შეკითხვებიდან გამომდინარე, გიზიარებთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პოზიციას ბავშვთა გეგმიური ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით:

პრინციპულად აუცილებელია (!) გეგმიური ვაქცინაცია გაგრძელდეს უწყვეტად, ჩვეულ ასაკობრივ ვადებში.

კორონავირუსული ეპიდემიის პირობებში ძალზე საშიშია პატარების საფრთხეში დატოვება აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი დაცვის გარეშე.

თქვენი იმუნიზაციით მომსახურების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით პოლიკლინიკებს და დაწესებულებებზე, სადაც ტარდება გეგმიური ვაქცინაცია გაცემულია მითითება, რომ აცრის ვიზიტისთვის თქვენთან წინასწარ შეთანხმდეს (სატელეფონო ან წერილობითი სახით) ზუსტი თარიღი და დრო აცრების ჩასატარებლად. აღნიშნული უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებებში თქვენი და თქვენი შვილის დაყოვნების ხანგრძლივობის, მომლოდინთა რიგების მინიმიზებას და დერეფნების განტვირთვას.

შეგახსენებთ, რომ ინფექციების ნაწილი (ყივანახველა, პნევმოკოკი, წითელა, ჰიბ-ი) იწვევს სწორედ სასუნთქი სისტემის დაზიანებას, მსგავსად ახალი კორონავირუსისა.

ზემოთ აღნიშნულ ინფექციებზე აცრა კი იცავს ბავშვებს მათ მიერ გამოწვეული გართულებებისგან“, - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„შეიძლება ბავშვის კიდურები შეხებით სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით გრილი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას სცივა,“- პედიატრი მეგი ფარქოსაძე

პედიატრმა მეგი ფარქოსაძემ ჩვილის მოვლის წესებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„დღევანდელი ტენდენციებით ნამდვილად აღარ არის მიზანშეწონილი ჩვილის მჭიდროდ შეკვრა. პირიქით, ხელების საშუალებით ჩვილი შეიცნობს სამყაროს, თავისი ხელების შეხებით, პირში ჩადებით. ფეხების ერთმანეთთან მჭიდრო პოზიციაში ყოფნა არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული, რადგან ხელს უწყობს ჩვილ ბავშვთა ასაკში დისპლაზიის ჩამოყალიბებას. რაც უფრო განზიდულ პოზიციაში იქნება ქვედა კიდურები, მით უფრო თავიდან აგვარიდებს ამ გავრცელებულ პრობლემას.

სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით შეიძლება ბავშვის კიდურები შეხებით გრილი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს ბავშვს სცივა. ყელში ან კისერზე ხელი უნდა მოკიდოთ და მისი სხეულის ჭეშმარიტ ტემპერატურას ასე განსაზღვრავთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან გქონდეთ მუდმივი კონტაქტი, ჩაეხუტოთ, ხელში გყავდეთ აყვანილი, ესაუბროთ ნებისმიერ თემაზე. ხელში აყვანით ბავშვი არ გაფუჭდება ნამდვილად. ბავშვი თავის პატარა სამყაროში იყო და უზარმაზარ სამყაროში აღმოჩნდა. შეიძლება მან მარტო იგრძნოს თავი, ჰქონდეს შიში ამასთან დაკავშირებით. თქვენი ჩახუტება, როგორც დედის, ასევე მამის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შეხება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბუნებრივ იმუნიტეტს უზიარებენ მშობლები ამ შეხებით ჩვილს. შესაბამისად მისი იმუნური სისტემა უფრო ძლიერდება,“- მოცემულ საკითხზე მეგი ფარქოსაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“ 

წაიკითხეთ სრულად