Baby Bag

,,ბავშვებმა შესაძლოა, საერთოდ უსიმპტომოდაც გადაიტანონ კორონავირუსი'' - თემურ მიქელაძე

,,ბავშვებმა შესაძლოა, საერთოდ უსიმპტომოდაც გადაიტანონ კორონავირუსი'' - თემურ მიქელაძე

ბავშვებში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პედიატრმა თემურ მიქელაძემ ,,ტელეკომპანია პირველის'' ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით, ბავშვებმა შესაძლოა, საერთოდ უსიმპტომოდაც გადაიტანონ კორონავირუსი და ამავდროულად იყვნენ გამავრცელებლები:

,,სტატისტიკის მიხედვით, 0-იდან 20 წლამდე ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული. გარდაცვალება და მძიმე შემთხვევები კი ​პრაქტიკულად არ გვქონია, თუმცა რითია ეს განპირობებული? - შეიძლება, ეს იყოს ჯვარედინი რეაქცია წითურას საწინააღმდეგო ვაქცინასთან. შეიძლება, ვინც წითელაზეა აცრილი მეტად არის დაცული. თუმცა ზუსტი მტკიცებულებები ამისი არ არსებობს. 

როგორც მოგეხსენებათ, ბავშვებს მოზრდილებთან შედარებით უფრო ნაკლებად აქვთ ქრონიკული დაავადებები. ბავშვების ერთერთი ყველაზე ხშირი ქრონიკული დაავადება შეიძლება იყოს ე.წ ბრონხული ასთმა, შესაბამისად, მოზრდილებთან შედარებით მათთან ნაკლებადაა ამ ვირუსის მძიმედ განვითარების რისკი. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

პრაქტიკულად ერთმანეთს ჰგავს კორონავირუსის და სხვა ვირუსული ინფექციების სიმპტომები. ბავშვებმა შესაძლოა, საერთოდ უსიმპტომოდაც გადაიტანონ კორონავირუსი და ამავდროულად იყვნენ გამავრცელებლები. გამომდინარე აქედან, ბავშვებთან მიმართებაში პანიკის საფუძველი არ გვაქვს. თუმცა უნდა ხდებოდეს კონტროლი და იყვნენ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ისეთი ბავშვები, რომლებსაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი. 

ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაცია კონტროლდება და არა გვაქვს მეორადი გადადების შემთხვევები. აქედან გამომდინარე კორონავირუსით დაავადებულთა დიდი რაოდენობით ზრდას არ უნდა ველოდოთ. 

აუცილებელია სწორი ჰიგიენური ნორმების დაცვა. ბავშვებს ხშირად უნდა დავაბანინოთ ხელები, განსაკუთრებით საკვების მიღების წინ. ოთახები კი ხშირად უნდა განიავდეს და სველი წესით დამუშავდეს,'' - აღნიშნა თემურ მიქელაძემ. 


შეიძლება დაინტერესდეთ

„არ გადაუზარდოთ ბავშვს სიფრთხილე შიშში! შიში მხოლოდ დამცირებაა, ვამცირებთ იმას, ვისაც ვაშინებთ,“- შალვა ამონაშვილი

„არ გადაუზარდოთ ბავშვს სიფრთხილე შიშში! შიში მხოლოდ დამცირებაა, ვამცირებთ იმას, ვისაც ვაშინებთ,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვებში შიშის ფენომენის აღმოცენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შიში არ არის ადამიანის თანდაყოლილი თვისება, ის შეძენილია:

„შიში თანდაყოლილი თვისება არ არის. ადამიანი არ იბადება შიშით. ის იბადება სიფრთხილის განცდით. ფრთხილი უნდა იყო, ცხოვრებას ითვისებ, ბევრი რამ შენთვის გაურკვეველია, ბილიკი არ გაქვს გაკვეთილი. სიფრთხილე გვმართებს ყოველთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვშფოთავდეთ და გვეშინოდეს. შიში ჩვენი სისუსტეა. ​თანდაყოლილი სიფრთხილე უნდა ვზარდოთ ჩვენში და ბავშვშიც უნდა ვზარდოთ. იქამდე კი არა, როგორც მოთხრობებშია აღწერილი, გაგანია სიცხეში წვიმის შიშით კაცი რომ ქოლგით გამოდის. ასეთი შფოთვა და შიში უგუნურებამდე მიგვიყვანს.“

შალვა ამონაშვილის თქმით, შიში ვერ გვიხსნის განსაცდელისგან და უმჯობესია, ფრთხილები ვიყოთ, ვიდრე გვეშინოდეს:

„ნათქვამია: „შიში ვერ იხსნის სიკვდილსაო.“​ სიფრთხილე გვმართებს და არა შიში. სიფრთხილე ბავშვშიც უნდა აღვზარდოთ და ჩვენს თავშიც. ხომ არ ხდება ისე, ჩემო ძვირფასო მშობლებო, რომ თვითონ ვზრდით ჩვენს ბავშვებში შიშს?! ეს სიფრთხილე შეიძლება შიშში გადაიზარდოს, თუ ბავშვს სწორ გზაზე არ დავაყენებთ. როდესაც პატარა ბავშვს ვეუბნებით: „გაუშვი, ხელი არ ახლო, იქ არ მიხვიდე,“ ეს სიფრთხილეს ართმევს ბავშვს და მის ნაცვლად შიშს ნერგავს. სიფრთხილეს არავინ არ ზრდის ჩემში, მარტო მეუბნებიან, რომ ცუდი ამბავი მოხდება.“

„არ გადაუზარდოთ ბავშვს სიფრთხილე შიშში. ჩვენ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს. სიკვდილი ერთია, ყველას მოგადგებათ, თუმცა ყველას გისურვებთ ძალიან დიდხანს სიცოცხლეს. მოგვადგება სიკვდილი კარს და შიში გვიხსნის?! იქნებ ცნობისმოყვარეობით უნდა მივიღოთ ყველაფერი, რომ ვნახოთ: აბა ეს რაღა ყოფილა?! ჩვენი ბავშვები გმირებად უნდა გავზარდოთ. ჩვენ თვითონ გმირები უნდა ვიყოთ. შიში მხოლოდ დამცირებაა. ჩვენ თვითონ ვმცირდებით და იმათაც ვამცირებთ, ვისაც ვაშინებთ. ​შევეშველოთ ბავშვს, რომ თანდაყოლილი სიფრთხილე არ გადაეზარდოს შიშში. სიფრთხილე, გონივრული ქცევები, წინდახედულება, ეს ყოველთვის უნდა აღვზარდოთ ბავშვში. ბავშვს უნდა ვუთხრათ: „ნუ გეშინია, შვილო, მიდი! მე შენთან ვარ მშველელი!“ როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ აქვს მხარდაჭერა, მასში შიში არ აღმოცენდება,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად