Baby Bag

10 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ვიყოთ პანიკაში კორონავირუსის გამო

10 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ვიყოთ პანიკაში კორონავირუსის გამო
ესპანეთში, ნავარას უნივერსიტეტში მოღვაწე ცნობილი მიკრობიოლოგი იგნასიო ლოპეს-გონი კორონავირუსის შესახებ სტატიას აქვეყნებს და გვირჩევს, რომ ახალი ვირუსის გამო პანიკაში არ უნდა ვიყოთ. მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ:

„კორონავირუსი, რომელსაც პანდემიურ ვირუსადაც მოვიხსენიებთ, საკმაოდ სერიოზული დაავადებაა. ის ორ თვეზე ნაკლებ დროში რამდენიმე კონტინენტზე გავრცელდა. პანდემია ვირუსის სტაბილურ და განგრძობად გავრცელებას გულისხმობს. ამასთან დაავადება სულ ცოტა 3 გეოგრაფიულ რეგიონზე მაინც უნდა ვრცელდებოდეს, რათა ის პანდემიურად ჩაითვალოს. პანდემიას ვირუსის ლეტალობასთან კავშირი არ აქვს, პანდემიურობა მხოლოდ ტრანსმისიის რისკებს და ფართო გეოგრაფიულ არეალზე გავრცელების მაღალ შესაძლებლობებს უსვამს ხაზს.

კორონავირუსის გავრცელების პარალელურად, ჩვენ შიშის პანდემიის პრობლემას შევეჯახეთ. მსოფლიო მედია კორონავირუსის თემით არის მოცული. რა თქმა უნდა, კარგია, რომ საზოგადოება ყველაზე საშიშ სცენარებს წინასწარ განიხილავს და სირთულეებთან გამკლავებისთვის ემზადება. კორონავირუსი არამხოლოდ ჯანდაცვის სფეროზე, არამედ ბიზნესსა და პოლიტიკაზეც უდიდეს ზეგავლენს ახდენს.

მთავარია, რომ ახალი ვირუსის გამო პანიკამ არ მოგვიცვას. ვერ ვიტყვით, რომ კორონავირუსის გავრცელება სასიხარულო ამბავია, თუმცა მთელი რიგი საკითხების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად გვაქვს. ვირუსის შეჩერება და მისი დამარცხება შესაძლებელია. კორონავირუსთან ბრძოლა საზოგადოებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გაკვეთილი იქნება, რომელსაც ის მომავალში აუცილებლად გამოიყენებს.

1. ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ

შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის პირველი შემთხვევა მსოფლიოში 1981 წელს დაფიქსირდა. აივ ინფექციის იდენტიფიცირებას კი ორი წელი დასჭირდა. COVID-19-ის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ვირუსის გავრცელების პირველი შემთხვევა ჩინეთში 2019 წლის 31 დეკემბერს დაფიქსირდა, ხოლო 2020 წლის 7 იანვარს ვირუსი უკვე იდენტიფიცირებული იყო. კორონავირუსის დაფიქსირებიდან 10 დღეში ვირუსის გენომის აღმოჩენა მოხერხდა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს ახალი ტიპის კორონავირუსია. ჩვენთვის ასევე ცნობილია, თუ ვირუსთა რომელ ჯგუფს მიეკუთვნება COVID-19. აღნიშნული ტიპის კორონავირუსით ღამურები ავადდებიან. კვლევებით დადასტურდა, რომ კორონავირუსი ბუნებრივი წარმოშობის ვირუსია. ის, სხვა ვირუსების მსგავსად, მუტაციას განიცდის, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი მუტაციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.

2. ჩვენ ვირუსის გამოვლენის შესაძლებლობები გვაქვს

13 იანვრის შემდეგ ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ვირუსის დიაგნოსტირებისთვის სპეციალური ტესტი გამოვიყენოთ.

3. ჩინეთში მდგომარეობა უმჯობესდება

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ჩინეთში მკაცრი კონტროლისა და იზოლაციის რეჟიმი ნელ-ნელა მსუბუქდება. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ახალი შემთხვევების დაფიქსირებამ მნიშვნელოვნად მოიკლო. ვირუსის ეპიდემიოლოგიურ შესწავლას სხვა სახელმწიფოებშიც ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა. ვირუსის აფეთქებები მხოლოდ სპეციფიკურ რეგიონებში ხდება, რის გამოც მისი გაკონტროლება შედარებით მარტივდება.

4. ვირუსის შემთხვევათა 80 % მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება

ინფიცირებული პაცინეტების უდიდეს ნაწილს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება, რიგ შემთხვევებში კი ვირუსს უსიმპტომო მიმდინარეობა ახასიათებს. დაავადებულთა 14 %-ს მძიმე პნევმონიის დიაგნოზს უსვამენ, ხოლო 5 %-ს ვირუსთან გამკლავება უჭირს. მათი მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია. წინასწარ ვერ ვიტყვით, თუ როგორი იქნება სიკვდილიანობის საბოლოო პროცენტული მაჩვენებელი, თუმცა, შესაძლოა, ის გაცილებით დაბალი იყოს, ვიდრე დღეს ვარაუდობენ.

5. ადამიანების დიდი ნაწილი გამოჯანმრთელდა

მედია ყურადღებას ინფიცირებულთა საერთო რიცხვსა და გარდაცვალების შემთხვევებზე ამახვილებს, რის გამოც საზოგადოება მდგომარეობას მეტისმეტად კრიტიკულად აფასებს. დაავადებულ ადამიანთა უდიდესი ნაწილი სრულიად გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი გარდაცვლილთა რიცხვს 13-ჯერ აღემატება. აღნიშნული პროპორცია კი ყოველდღიურად იზრდება.

6. ბავშვებში დაავადება მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს

კორონავირუსი 20 წლამდე ადამიანების მხოლოდ 3 %-ს ემართება. 40 წლამდე ასაკის ადამიანებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0,2 %-ია. ბავშვებში დაავადება იმდენად მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, რომ მისი შემჩნევა ძალიან რთულია.

7. დეზინფექცია ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობს

ეთანოლის ხსნარი (62-71%-იანი სპირტი) ვირუსს ნებისმიერი ზედაპირიდან აქრობს. ვირუსის წინააღმეგ ეფექტურია წყალბადის ზეჟანგის ან ნატრიუმის ჰიპოქლორიდის გამოყენებაც. დეზინფექიური ხსნარების დახმარებით ვირუსის განადგურება ერთ წუთში შეგიძლიათ. ვირუსისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება ხელების ხშირი დაბანაა.

8. მეცნიერება ვირუსის დამარცხებას აქტიურად ცდილობს

მეცნიერები ვირუსის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ. Pubmed-ში კორონავირუსის შესახებ 164 სტატია გამოქვეყნდა. ვირუსის აფეთქების შემდეგ მის შესახებ არაერთი სამეცნიერო ნაშრომი დაიწერა. მეცნიერები აქტიურად მუშაობენ მკურნალობის მეთოდების, ეპიდემიოლოგიის, დიაგნოსტიკის, გენეტიკის, ვაქცინაციის, ფილოგენეტიკისა და კლინიკურ საკითხებზე. კორონავირუსის თემაზე სტატიები 700-ზე მეტმა ავტორმა მოამზადა.

9. ვაქცინის პროტოტიპი უკვე შექმნილია

მეცნიერები ახალი ვაქცინის შექმნაზე აქტიურად მუშაობენ და მათ უდიდესი ენთუზიაზმი აქვთ. ამჟამად მსოფლიო მასშტაბით 8 პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა. ქუინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ მათ ვაქცინის პროტოტიპის შექმნა უკვე მოახერხეს. ავტრალიელი მეცნიერებით თქმით, მათ წარმატების მიღწევაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენება დაეხმარა. თანამედროვე სამყაროში ვაქცინის შექმნა რეკორდულად მოკლე დროშია შესაძლებელი. კორონავირუსის ვაქცინა ადამიანებზე ჯერ არ გამოუცდიათ, რაც სავარაუდოდ ძალიან მალე მოხდება.

10. ანტივირუსული პრეპარატები აქტიურად გამოიყენება

ვაქცინაცია დაავადების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ინფიცირებული ადამიანების მკურნალობასაც სათანადო დრო და ყურადღება უნდა დაეთმოს. კორონავირუსის მკურნალობის ეფექტური მეთოდების აღმოჩენის მიზნით მსოფლიო მასშტაბით 80-მდე კლინიკური ცდა უკვე ტარდება. ახალი ტიპის ვირუსის წინააღმდეგ ისეთი მკურნალობის მეთოდები გამოიყენება, რომლებიც სრულიად უსაფრთხოა. ცნობილია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია პრეპარატი რემდესივირი. მეცნიერები იმ პრეპარატების ეფექტურობის შესწავლას ცდილობენ, რომლებიც ებოლას წინააღმდეგ გამოიყენებოდა.

კორონავირუსის პოტენციურ სამკურნალო პრეპარატად ქლოროქინსაც მიიჩნევენ, რომელიც მალარიის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტური მოქმედებით ხასიათდება. აღნიშნული პრეპარატი ვირუსს ორგანიზმში გავრცელების საშუალებას არ აძლევს. მას უკვე იყენებენ იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც პნევმონიის დიაგნოზს უსვამენ.

მკვლევარების ნაწილი თვლის, რომ ვირუსის წინააღმდეგ ოსელტამივირის გამოყენებაც ეფექტური იქნება. ზოგიერთი მათგანი კი მონოკლონალური ანტისხეულებისა და გამოჯანმრთელებული ადამიანების ანტიშრატის გამოყენების ინიციატივითაც გამოდის.

1918 წლის გრიპის პანდემიას 25 კვირაში 25 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შესაძლებელია თუ არა, რომ მსგავსი რამ დღესაც განმეორდეს? ვფიქრობ, რომ არა. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ისე მომზადებულები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, როგორც დღეს ვართ.“

მომზადებულია ​ipsnews.net-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

რისკ ჯგუფში შემავალმა თვითიზოლაციაში მყოფმა წყვილებმა სექსუალური კავშირისგან თავი უნდა შეიკავონ

რისკ ჯგუფში შემავალმა თვითიზოლაციაში მყოფმა წყვილებმა სექსუალური კავშირისგან თავი უნდა შეიკავონ
კორონავირუსის გავრცელების პარალელურად ადამიანების დიდ ნაწილს რამდენიმე კვირის ან თვის სახლში გატარება უწევს. სოციალური დისტანციის ხანგრძლივად შენარჩუნება კი წყვილებს ერთმანეთთან დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას აძლევს. ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ თვითიზოლაცია სექსუალური ცხოვრების გასაუმჯობესებლად და მოსაწესრიგებლად საუკეთესო შესაძლებლობაა, თუმცა ექსპერტების მტკიცებით, სექსუალური კონტაქტი ვირუსის გავრცელების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის, რის გამოც წყვილებმა სექსისგან თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავონ.

პროფესორი პოლ ჰანთერი იმ წყვილებს, რომლებიც ცალ-ცალკე ცხოვრობენ, სექსუალურ ურთიერთობებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. ჰანთერი რისკ ჯგუფში შემავალ ადამიანებს აფრთხილებს და მათ პარტნიორებთან გარკვეული დისტანციის შენარჩუნებას ურჩევს. იმ ადამიანებს, რომლებსაც ბოჰემური ცხოვრება იზიდავთ და პარტნიორებს ხშირად იცვლიან, ექსპერტები თავშეკავებისკენ მოუწოდებენ და ცხოვრების წესის ცვლილებას ურჩევენ.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


პარტნიორებს შორის რომელიმე მათგანს საეჭვო სიმპტომი თუ აღმოაჩნდა, სექსუალური ურთიერთობა მკაცრად უნდა აიკრძალოს. სიფრთხილის გამოჩენა იმ წყვილებსაც მართებთ, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, რადგან დაინფიცირების რისკი ამ შემთხვევაშიც არსებობს. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად სოციალური დისტანცირება და თვითიზოლაცია ყველაზე ეფექტურ საშუალებებად არის მიჩნეული, თუმცა იზოლაციაში მყოფმა ადამიანებმა არ იციან, როგორ უნდა იცხოვრონ პარტნიორებთან ერთად და რა წესები უნდა დაიცვან სახლში ყოფნის დროს.

პროფესორ ჰანთერის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, თუ რა გავლენას ახდენს რეგულარული ვარჯიში გრიპით ან პნევმონიით დაავადებული ადამიანების ცხოვრებაზე, თუმცა, ცნობილია, რომ სექსი მათთვის ნამდვილად არ არის რეკომენდებული. თუ თქვენ გრიპის ან გაციების გარკვეული სიმპტომები აღგენიშნებათ და პარტნიორთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებით, სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მეორე ნახევარი რისკ ჯგუფს მიეკუთვნება, რაიმე სახის ქრონიკული დაავადება აქვს ან ორსულად არის.

წყვილები, რომლებიც მოცემულ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ, პარტნიორების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან. თუ თქვენ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს, გაციების ან გრიპის სიმპტომების არსებობის მიუხედავად, თქვენს მეორე ნახევართან სექსუალურ ურთიერთობას მაინც შეინარჩუნებთ, ჰიგიენის აუცილებელი წესების დაცვაზე რეგულარულად უნდა იზრუნოთ. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და თბილი წყლით. არასდროს შეეხოთ თქვენს პარტნიორს სახეზე დაუბანელი ხელით.

სექსის დროს ვირუსის გადადების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება, რადგან პარტნიორები სახით ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან. კოცნისა და პარტნიორის სახესთან ხელის მიტანის დროს კი ვირუსის გადადება თითქმის გარდაუვალია. თუ თქვენ თავს კარგად გრძნობთ, რისკ ჯგუფს არ მიეკუთვნებით და პარტნიორთან ერთად მკაცრ თვითიზოლაციაში ხართ, დაინფიცირების რისკი მინიმალურია, შესაბამისად, შეგიძლიათ ნორმალური სექსუალური ცხოვრება მშვიდად განაგრძოთ. 

მომზადებულია ​thesun.co.uk-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 
წაიკითხეთ სრულად