Baby Bag

10 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ვიყოთ პანიკაში კორონავირუსის გამო

10 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ვიყოთ პანიკაში კორონავირუსის გამო
ესპანეთში, ნავარას უნივერსიტეტში მოღვაწე ცნობილი მიკრობიოლოგი იგნასიო ლოპეს-გონი კორონავირუსის შესახებ სტატიას აქვეყნებს და გვირჩევს, რომ ახალი ვირუსის გამო პანიკაში არ უნდა ვიყოთ. მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ:

„კორონავირუსი, რომელსაც პანდემიურ ვირუსადაც მოვიხსენიებთ, საკმაოდ სერიოზული დაავადებაა. ის ორ თვეზე ნაკლებ დროში რამდენიმე კონტინენტზე გავრცელდა. პანდემია ვირუსის სტაბილურ და განგრძობად გავრცელებას გულისხმობს. ამასთან დაავადება სულ ცოტა 3 გეოგრაფიულ რეგიონზე მაინც უნდა ვრცელდებოდეს, რათა ის პანდემიურად ჩაითვალოს. პანდემიას ვირუსის ლეტალობასთან კავშირი არ აქვს, პანდემიურობა მხოლოდ ტრანსმისიის რისკებს და ფართო გეოგრაფიულ არეალზე გავრცელების მაღალ შესაძლებლობებს უსვამს ხაზს.

კორონავირუსის გავრცელების პარალელურად, ჩვენ შიშის პანდემიის პრობლემას შევეჯახეთ. მსოფლიო მედია კორონავირუსის თემით არის მოცული. რა თქმა უნდა, კარგია, რომ საზოგადოება ყველაზე საშიშ სცენარებს წინასწარ განიხილავს და სირთულეებთან გამკლავებისთვის ემზადება. კორონავირუსი არამხოლოდ ჯანდაცვის სფეროზე, არამედ ბიზნესსა და პოლიტიკაზეც უდიდეს ზეგავლენს ახდენს.

მთავარია, რომ ახალი ვირუსის გამო პანიკამ არ მოგვიცვას. ვერ ვიტყვით, რომ კორონავირუსის გავრცელება სასიხარულო ამბავია, თუმცა მთელი რიგი საკითხების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად გვაქვს. ვირუსის შეჩერება და მისი დამარცხება შესაძლებელია. კორონავირუსთან ბრძოლა საზოგადოებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გაკვეთილი იქნება, რომელსაც ის მომავალში აუცილებლად გამოიყენებს.

1. ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ

შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის პირველი შემთხვევა მსოფლიოში 1981 წელს დაფიქსირდა. აივ ინფექციის იდენტიფიცირებას კი ორი წელი დასჭირდა. COVID-19-ის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ვირუსის გავრცელების პირველი შემთხვევა ჩინეთში 2019 წლის 31 დეკემბერს დაფიქსირდა, ხოლო 2020 წლის 7 იანვარს ვირუსი უკვე იდენტიფიცირებული იყო. კორონავირუსის დაფიქსირებიდან 10 დღეში ვირუსის გენომის აღმოჩენა მოხერხდა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს ახალი ტიპის კორონავირუსია. ჩვენთვის ასევე ცნობილია, თუ ვირუსთა რომელ ჯგუფს მიეკუთვნება COVID-19. აღნიშნული ტიპის კორონავირუსით ღამურები ავადდებიან. კვლევებით დადასტურდა, რომ კორონავირუსი ბუნებრივი წარმოშობის ვირუსია. ის, სხვა ვირუსების მსგავსად, მუტაციას განიცდის, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი მუტაციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.

2. ჩვენ ვირუსის გამოვლენის შესაძლებლობები გვაქვს

13 იანვრის შემდეგ ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ვირუსის დიაგნოსტირებისთვის სპეციალური ტესტი გამოვიყენოთ.

3. ჩინეთში მდგომარეობა უმჯობესდება

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ჩინეთში მკაცრი კონტროლისა და იზოლაციის რეჟიმი ნელ-ნელა მსუბუქდება. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ახალი შემთხვევების დაფიქსირებამ მნიშვნელოვნად მოიკლო. ვირუსის ეპიდემიოლოგიურ შესწავლას სხვა სახელმწიფოებშიც ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა. ვირუსის აფეთქებები მხოლოდ სპეციფიკურ რეგიონებში ხდება, რის გამოც მისი გაკონტროლება შედარებით მარტივდება.

4. ვირუსის შემთხვევათა 80 % მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება

ინფიცირებული პაცინეტების უდიდეს ნაწილს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება, რიგ შემთხვევებში კი ვირუსს უსიმპტომო მიმდინარეობა ახასიათებს. დაავადებულთა 14 %-ს მძიმე პნევმონიის დიაგნოზს უსვამენ, ხოლო 5 %-ს ვირუსთან გამკლავება უჭირს. მათი მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია. წინასწარ ვერ ვიტყვით, თუ როგორი იქნება სიკვდილიანობის საბოლოო პროცენტული მაჩვენებელი, თუმცა, შესაძლოა, ის გაცილებით დაბალი იყოს, ვიდრე დღეს ვარაუდობენ.

5. ადამიანების დიდი ნაწილი გამოჯანმრთელდა

მედია ყურადღებას ინფიცირებულთა საერთო რიცხვსა და გარდაცვალების შემთხვევებზე ამახვილებს, რის გამოც საზოგადოება მდგომარეობას მეტისმეტად კრიტიკულად აფასებს. დაავადებულ ადამიანთა უდიდესი ნაწილი სრულიად გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი გარდაცვლილთა რიცხვს 13-ჯერ აღემატება. აღნიშნული პროპორცია კი ყოველდღიურად იზრდება.

6. ბავშვებში დაავადება მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს

კორონავირუსი 20 წლამდე ადამიანების მხოლოდ 3 %-ს ემართება. 40 წლამდე ასაკის ადამიანებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0,2 %-ია. ბავშვებში დაავადება იმდენად მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, რომ მისი შემჩნევა ძალიან რთულია.

7. დეზინფექცია ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობს

ეთანოლის ხსნარი (62-71%-იანი სპირტი) ვირუსს ნებისმიერი ზედაპირიდან აქრობს. ვირუსის წინააღმეგ ეფექტურია წყალბადის ზეჟანგის ან ნატრიუმის ჰიპოქლორიდის გამოყენებაც. დეზინფექიური ხსნარების დახმარებით ვირუსის განადგურება ერთ წუთში შეგიძლიათ. ვირუსისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება ხელების ხშირი დაბანაა.

8. მეცნიერება ვირუსის დამარცხებას აქტიურად ცდილობს

მეცნიერები ვირუსის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ. Pubmed-ში კორონავირუსის შესახებ 164 სტატია გამოქვეყნდა. ვირუსის აფეთქების შემდეგ მის შესახებ არაერთი სამეცნიერო ნაშრომი დაიწერა. მეცნიერები აქტიურად მუშაობენ მკურნალობის მეთოდების, ეპიდემიოლოგიის, დიაგნოსტიკის, გენეტიკის, ვაქცინაციის, ფილოგენეტიკისა და კლინიკურ საკითხებზე. კორონავირუსის თემაზე სტატიები 700-ზე მეტმა ავტორმა მოამზადა.

9. ვაქცინის პროტოტიპი უკვე შექმნილია

მეცნიერები ახალი ვაქცინის შექმნაზე აქტიურად მუშაობენ და მათ უდიდესი ენთუზიაზმი აქვთ. ამჟამად მსოფლიო მასშტაბით 8 პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა. ქუინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ მათ ვაქცინის პროტოტიპის შექმნა უკვე მოახერხეს. ავტრალიელი მეცნიერებით თქმით, მათ წარმატების მიღწევაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენება დაეხმარა. თანამედროვე სამყაროში ვაქცინის შექმნა რეკორდულად მოკლე დროშია შესაძლებელი. კორონავირუსის ვაქცინა ადამიანებზე ჯერ არ გამოუცდიათ, რაც სავარაუდოდ ძალიან მალე მოხდება.

10. ანტივირუსული პრეპარატები აქტიურად გამოიყენება

ვაქცინაცია დაავადების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ინფიცირებული ადამიანების მკურნალობასაც სათანადო დრო და ყურადღება უნდა დაეთმოს. კორონავირუსის მკურნალობის ეფექტური მეთოდების აღმოჩენის მიზნით მსოფლიო მასშტაბით 80-მდე კლინიკური ცდა უკვე ტარდება. ახალი ტიპის ვირუსის წინააღმდეგ ისეთი მკურნალობის მეთოდები გამოიყენება, რომლებიც სრულიად უსაფრთხოა. ცნობილია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია პრეპარატი რემდესივირი. მეცნიერები იმ პრეპარატების ეფექტურობის შესწავლას ცდილობენ, რომლებიც ებოლას წინააღმდეგ გამოიყენებოდა.

კორონავირუსის პოტენციურ სამკურნალო პრეპარატად ქლოროქინსაც მიიჩნევენ, რომელიც მალარიის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტური მოქმედებით ხასიათდება. აღნიშნული პრეპარატი ვირუსს ორგანიზმში გავრცელების საშუალებას არ აძლევს. მას უკვე იყენებენ იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც პნევმონიის დიაგნოზს უსვამენ.

მკვლევარების ნაწილი თვლის, რომ ვირუსის წინააღმდეგ ოსელტამივირის გამოყენებაც ეფექტური იქნება. ზოგიერთი მათგანი კი მონოკლონალური ანტისხეულებისა და გამოჯანმრთელებული ადამიანების ანტიშრატის გამოყენების ინიციატივითაც გამოდის.

1918 წლის გრიპის პანდემიას 25 კვირაში 25 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შესაძლებელია თუ არა, რომ მსგავსი რამ დღესაც განმეორდეს? ვფიქრობ, რომ არა. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ისე მომზადებულები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, როგორც დღეს ვართ.“

მომზადებულია ​ipsnews.net-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვითომდა ვირუსის გასანადგურებლად, ვებრძვით ჩვენს ადამიანურ ფასეულობებს მთლიანად და კატეგორიულად, ტოტალიტარულად, რაც აბსოლუტურად შეუძლებელია, თეორიულადაც კი და სინამდვილეში ნაბიჯ-ნაბიჯ ვინადგურებთ ფასეულობებს“

„ვითომდა ვირუსის გასანადგურებლად, ვებრძვით ჩვენს ადამიანურ ფასეულობებს მთლიანად და კატეგორიულად, ტოტალიტარულად, რაც აბსოლუტურად შეუძლებელია, თეორიულადაც კი და სინამდვილეში ნაბიჯ-ნაბიჯ ვინადგურებთ ფასეულობებს“

გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში აქტუალურ თემაზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის ჩანაწერს:

​„აშშ-ს სოციალიზმს უკიჟინებდნენ კონსერვატივები და მეცინებოდა. ახლა უკვე არა. აშშ არის ისრაელის და ავსტრალიის შემდეგ დიდი ქვეყანა, რომელმაც აცრა სავალდებულო გახადა სამედიცინო პერსონალისათვის. აქ უნდა გავარკვიოთ, შედის თუ არა ტექნიკური პერსონალი, სერვისი... ალბათ შედის, ისრაელიც ასე აკეთებს.

აი, ეს გადაწყვეტილება მართალია, სოციალისტობამიწერილი ჯო ბაიდენის დროს მოხდა, მაგრამ დაიწყო იმით, რომ უკიდურესად კონსერვატიულმა ამერიკული კლინიკების ასოციაციამ გადაწყვიტა პირველმა ასე და ჯო ბაიდენი, ჩაჰყვა და დაჰყვა, ვერ გეტყვით სიამოვნებით თუ ცოტა მაინც სინდისის ქენჯნით.

ყოველგვარი „მაგრამის“ გარეშე. გადაწყვეტილება ჩრდილოკორეულია, ჩინური პარტოკრატიულ ავტორიტარულიც კი არაა.
სადისკუსიოდ რამდენიმე თემა შემოაგდო საჭიროდ კონდიციონირებულმა სისტემურმა რგოლებმა. მაგალითად, სუგერირება იმისა, რომ აცრილი ნაკლებად ვირუსგადამდებიაო. პაციენტს აუცრელ პერსონალთან კონტაქტი ამიტომ შეეშინდებაო. აუცრელს მისი ჯანმრთელობის ხარჯები გადავახდევინოთო, ესეც იყო. ვითომდა, თხილამურზე ფეხმოტეხილი ან ჯამპინგით მხარნაღრძობის მკურნალობას არ იხდიდეს დაზღვევა, ან კბილის ექიმი გეუბნებოდეს, შენი დაზღვევა არ იხდის, ბევრ ტკბილეულს მიირთმევო.
მოკლედ, ყველა სახის ტვინსარეცხი ამოლაგდა და დალაგდა ამ გადაწყვეტილების მიღების სამზარეულოში.
უფრო სწორი კი იქნებოდა შედარება, რომ ყველა სახის ინსტრუმენტი დალაგდა საოპერაციო მაგიდაზე და პაციენტი ტვინის ამპუტაციისათვის უკვე კარგა ხანია ნარკოზშია.
განსაკუთრებული სიმძიმის იარაღი კი ისევ და ისიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაგვიდო - „ჩვენ ვართ ომში და იძულება ბუნებრივია“.

​ამ ყველა იარაღის ერთადერთი მიზანია იმ ვითომდა ფაქტის, დამტკიცებული ფაქტის, ადამიანების ტვინში ჩაბეჭდვა, რომ ადამიანები კორონათი იღუპებიან და კორონა რომ მოვსპოთ, ეს ადამიანები არ დაიღუპებიან.

​ამიტომაც ომია.

​ომი ხომ მარტივად იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ბრძანებით იღუპებიან, არაბუნებრივი სიკვდილით იღუპებიან და ამ პროცესის შეწყვეტა შეგიძლია.

​ომის წესები კი სხვაა, ვიდრე თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრებისა.

​ომში მძიმე იარაღითაც უნდა იბრძოლო.

​ომში უნდა იყო ტოტალიტარული და ყველა სფერო აკონტროლო.

​​აი, ესაა მთელი საოპერაციო მაგიდა და ინსტრუმენტარიუმი. ვისაც სურვილი აქვს, მივიდეს და გახდეს ნეიროქირურგი.
​​წინასწარვე ვიტყვი საკუთარ და პირად აზრს, რომ დიახ, ჩვენ მართლაც ომში ვართ.

​ოღონდაც ეს ომი საკუთარი თავის წინააღმდეგ ომია.

​ჩვენ ვებრძვით საკუთარ თავს, საკუთარ შინაგან არსებას, საკუთარ გენეტიკურ დეტერმინაციულ თვისებებს, როგორებიცაა: თავისუფლება, თავისუფალი გადაადგილება, ადამიანებთან სოციალური და პიროვნული კონტაქტი, ადამიანთან სხეულებრივი კონტაქტი, ჩახუტება, ხელგადახვევა, კოცნა. პრიმატებშიც კი ეს ყველაფერი უდიდესი, განუსაზღვრელი მნიშვნელობისაა და ამის წინააღმდეგ ვებრძვით საკუთარ თავს.

​ვებრძვით ჩვენს ადამიანურ ფასეულობებს მთლიანად და კატეგორიულად, ტოტალურად, გასანადგურებლად, ვითომდა ვირუსის გასანადგურებლად, რაც აბსოლუტურად შეუძლებელია, თეორიულადაც კი და სინამდვილეში კი ნაბიჯ-ნაბიჯ ვინადგურებთ ფასეულობებს.

​აი, ესაა ნამდვილი და ვიზუალიზირებული ომი, ჩემთვის პირადად. ესაა ის, რასაც მე ვხედავ.

​ამ ბრძოლაში რაც უფრო მძიმე იარაღს გამოვიყენებთ, მით უფრო დავზიანდებით.

​რაც უფრო მეტ იძულებას და ტოტალიტარიზმს შემოვიტანთ, მით უფრო დავჩაჩანაკდებით სულიერად.

​თავისუფლების სახელით დამონებაც ისტორიული გაკვეთილია.

​განსაკუთრებით სოციალიზმის და სტალინიზმის ქვეყნების მოქალაქეებს გამოგვიცდია ეს. მაგრამ მოვეშვათ ახლა ემოციებს და ფაქტებს შევხედოთ. რა ხდება ფაქტობრივად?
უკვე 18 თვეა მინიმუმ გასული კორონავირუსის გავრცელების მართლაც და აფეთქებიდან. პანდემია გამოცხადდა. ამ 18 გასულ პანდემიურ თვეში 1 მილიონ მოსახლეზე დაკარგა:
პერუმ - 5 859 ადამიანი
უნგრეთმა - 3 116
ბრაზილიამ - 2 577
ამერიკამ - 1 883
ინდოეთმა - 303
საქართველომ - 1 440

სიკვდილიანობის მაჩვენებელი წლიურად დაახლოებით 0,6%-დან 0,7%-მდეა.
ასეა თითქმის ყველგან უკვე, რამეთუ იქ, სადაც ჯანდაცვა საუკეთესოა, ადამიანები დიდხანს ცხოვრობენ, ბევრია ღრმად მოხუცი და ეს სიკვდილიანობის მაჩვენებელს ზრდის.
იქ, სადაც ჯანდაცვა სუსტია, სამაგიეროდ, ბევრია პროცენტულად ახალგაზრდა და სიკვდილიანობის პროცენტს ეს ამცირებს.

​ასე რომ, დაახლოებით წლიური სიკვდილიანობა მოსახლეობის 0,6%-ს შეადგენს.

1 მილიონ მოსახლეზე ეს დაახლოებით 6 000 ადამიანი გამოდის.
ასეა უკვე ათეული წლები და ეს რიცხვი დაახლოებით 5%-ის ფარგლებში თუ მერყეობს, ამას დიდ მერყეობას უწოდებენ.

პანდემიის ეპოქაში ზოგადი სიკვდილიანობა უცვლელია, სტაბილურია ამ 0,6 დან 0,7%-ის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნისათვის და რომელიმე ქვეყნას თუ 0,6% ჰქონდა, დაახლოებით ასე დარჩა და მერყეობა საერთოდ ამ 0,6%ის 5%-ს არ აღემატება.

ასევეა პერუშიც.
იქაც, 1 მილიონ პერუს მოქალაქეზე წლიურად დაახლოებით 6 000 ადამიანი იღუპება, პანდემიის წელიწად-ნახევარზე გადაანგარიშებით კი ბუნებრივად პერუში ამ პერიდში გარდაცვლილთა რაოდენობა იქნებოდა 9 000 ადამიანი ყოველ მილიონზე.
აქედან 5 859 დაიღუპა კორონათი.

​ანუ ეს ადამიანები რომ გადაგვერჩინა და დაგვეცვა კორონასაგან, მაშინ პერუში ერთ მილიონ მოსახლეზე 18 თვეში იქნებოდა 3141 ადამიანი, ანუ ერთ წელიწადში 2120 ადამიანი დაიღუპებოდა? და პერუს სიკვდილიანობის მაჩვენებელი იქნებოდა 0,3%? მსოფლიო ისტორიაში დღემდე არარსებული 0,3% იქნებოდა მაგალითად პერუში სიკვდილიანობის მაჩვენებელი, კორონა რომ არ ყოფილიყო?

საუბრობს ვინმე სტატისტიკაზე, სიკვდილიანობაზე? ჯერჯერობით - არა.

შემდეგი პრობლემა ცოტათი უფრო რთულია გასაგებად.
პანდემიას თუ დავუმატებთ იმ ფაქტს, რომ ჯანდაცვის სისტემა ამ პერიდში მაინც უმნიშვნელოვანესი რგოლია და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯანდაცვის და სოციალური თანხები სახელმწიფოს ყველაზე დიდი გასავალია, ფულის დიდი ფაქტორია, მაშინ თემა ფულს ვერ ამოვიღებთ დისკუსიიდან.

პანდემიით დიდი ფულის შოვნა რომ შეიძლება, ეს ონლაინ ვაჭრობამ დაამტკიცა, ეს ფარმაინდუსტრიამ დაგვიმტკიცა. ამაზე არ ვსაუბრობ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და რაც მეტია მოთხოვნილება, მით უფრო მეტია ფასიც. მე ვსაუბრობ კლინიკების და სახელმწიფოების გარკვეული სტრუქტურების კორონავირუსის ფაქტორით მოგებაზე. თუკი ხარ კლინიკა, რაც მეტი კორონიანი გყავს, მით უფრო მეტ ფულს იღებ. ესაა ფაქტი და ამას ვერავინ წაუვა. გინდაც ფეხნაღრძობი იყოს ადამიანი და ამიტომ ესაჭიროებოდეს მკურნალობა, თუ აქვს კორონა, უკვე კლინიკა გაცილებით უფრო დიდ მოგებაშია, ვიდრე ჩვეულებრივი ავადმყოფის დროს. ჯანმრთელობის პრობლემა ინაცვლებს სადღაც უკან და უმთავრესი ხდება დიაგნოზი „კორონა“.
იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში და ევროპის ბევრზე ბევრ ქვეყანაში სურდოიანი პაციენტებით გაავსეს სპორტული დარბაზები თუ სარდაფები თუ კორიდორები კლინიკებმა.

​სახელმწიფომ ფულის ყულაბას უკონტროლოდ მოხადა თავი.

​სულელი უნდა იყო კლინიკის შეფი, რომ 200-საწოლიანი საავადმყოფი 1500 საწოლიანად კიარა, 1500 ადამიან სადარბაზედ არ გადააკეთო.

​გვახსოვს პორტუგალიაში სასწრაფო მანქანების რიგები და ისიც, რომ ტაქსის ფირმებმა სასრაფოდ გადააკეთეს მათი მოდიდო მანქანები და მინიტრასპორტერები „პაციენტის სატრანსპორტე“ საშუალებად.

​სასტუმროები, კორონას იზოლატორული სასტუმროები, მარტო საქართველოში კი არ ყოფილა, ყველა ნეპოტისტურმა ქვეყანამ და არაერთმა ასეთად აქამდე არცნობილმა გამოიყენა ეს ხერხიც.

​ღარიბი სახელმწიფოებისათვის ხომ ცალკე დიდ ყულაბაში და რაც მეტია კორონადიაგნოზი, მით მეტია ფულიც. პოლიტიკური მანიპულაციების და დიქტატორულის კორონათი ალიბიზაციაზე არაფერს ვამბობ. ესეც ვიცით. ეს თემები ამ 18 თვის შემდეგ მარგინალურადაა დისკუტირებული.

​რამდენიმე კვირის წინ დაიწყო გერმანიაში პროკურატურამ კლინიკების კვლევა, რომ მაგალითად, პაციენტთა 30%-ს მაინც არ ესაჭიროებოდა ინტენსიურში წოლაო.

​​რამდენი კორონავირუსის მატარებელი დაიღუპა არასწორი სამედიცინო მართვით, ან იზოლაციის უმოძრაობაში თრომბოემბოლიით, არასწორი და აგრესიული მედიკაციით, ნაადრევი მართვითი სუნთქვით, ეს ყველაფერი სიბნელითაა მოცული. დაიწყო ამ თემებზე ნელა საუბარი გერმანიაში... თუმცა, მერე წყალდიდობის თემამ წალეკა ეს დისკუსიაც. ასეა, ადამიანი თავისუფალ ცხოვრებას და თავისუფლებისაკენ სწრაფვას უპირველესად ბუნება და შემთხვევითობა ებრძვის, ესაა ჩვენი ხვედრიც რომ ქვა აღმართში წამოგეწევა კიდეც.

​შემდეგი უდიდესი თემაა აცრის, როგორც ასეთის, აბსოლუტური გაფეტიშება ყველა ასაკის ადამიანისათვის.

​ჩუტყვავილა უმეტესწილად ბავშვების დაავადებაა და თუ არ ხარ აცრილი, ყოველ მეორე ჩვილს კლავს. მუცელში მყოფ დაუბადებელ ბავშვს კლავს ჩუტყვავილა, თუკი ორსულს და ჩუტყვავილიან ბავშვს ან მოზარდს კონტაქტი ჰქონდათ.

​​კორონას სიტუაციაში ჯერ კიდევ არაა გამოქვეყნებული სიკვდილიანობისა და ასაკის ერთის მხრივ და ასაკს მიმატებული სხვა დაავადებების სტატისტიკა. ეს უდიდესი სახელმწიფო საიდუმლოსავითაა.

​რამდენიმე კვირა იდო გერმანიის 21 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა სტატისტიკა რობერტ კოხის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე და უცებ გაქრა, ისევე როგორც, გააქრეს ინტენსიურში ინვაზიურ და არაინვაზიურ მართვით სუნთქვაზე მყოფთა სტატისტიკაც. შეთქმულებაა? - არა. უბრალოდ ამ ინსტიტუტმა თქვა, რომ ინტერპრეტაციის არასასურველი მომენტების გამო ადამიანები რომ არ დავაბნიოთ, ვიღებთ ამ სტატსიტიკას გვერდიდანო. 

​რა იყო ის სტატისტიკა?

​გერმანიაში პანდემიის 16 თვეში და ეს სტატისტიკა მაისამდე იყო, ამ 16 თვეში პანდემიის დროს გერმანიაში გარდაიცვალა 21 წლამდე ასაკის 7 022 ახალგაზრდა, ბავშვი და ჩვილი. ამათგან კორონათი გარდაიცვალა - 21 მოზარდი და ბავშვი. ამ ბავშვების არც დაავედებათა და არც სხვა სახის ჯანმრთელობის სტატისტიკა არ ვიცით. არადა, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ნამდვილი სარისკო ჯგუფები გავარკვიოთ.

​რამდენად გაიზარდა ახალგაზრდების და მოზარდების სიკვდილიანობა კორონას პერიოდში? გერმანიაში - საერთოდ არა.

​სარისკო ჯგუფების თემა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მოხუცებულობის ასაკში. რომელი უფრო სარისკოა, კორონას შიშით მოხუცის იმობილიზება, ფსიქიურად შელახული მოხუცი და აქტიური მოძრაობის ადამიანის იზოლირება საწოლში თუ სავარძელში და მერე ამ ყველაფრით გართულება, თუ კორონას მატარებლობა?

​რამდენად კლავს შიში ამ ასაკში და ამ მენტალურ მდგომარეობაში ადამიანს და რამდენად ფილტვის ანთება კორონას გამო?

​ფილტვის ანთება ხომ საერთოდ ცალკე თემაა ასაკოვნებში და სიკვდილიანობის დაახლოებით 30%-ს შეადგენდა ყოველთვის. გაიზარდა ეს მაჩვენებელი? თუ კლებსიელას და პნევმოკოკის ნაცვლად ახლა კორონას ფილტვის ანთება კლავს? ეს თემებიც საერთოდ სიბნელეა ამ 18 თვის მერეც კი. სამაგიეროდ კი მიდის დიდი სპეკულირება თემაზე, რომ აცრა ყველაფრისაგან გვიხსნის.

​აცრილი ავადმყოფი ისევეა გადამტანი, როგორც არაცრილი და ეს ყველა ექიმმა კი არა, სტუდენტმა და გუგლის მფლობელმა იცის.

​აცრამ შეიძლება დაგიცვას მძიმე გართულებისაგან, ოღონდაც არა ინფიცირებისაგან.


​რატომ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველას, ვისაც ეშინია, ვინც ასაკოვანია, ვისაც სხვა დაავადებები აქვს, აიცრან და არიან დაცულები, აქ 18 წლის ახალგაზრდის უსიმპტომო კორონამატარებლობა რა პრობლემას უნდა გიქმნიდეს, თუკი ვაქცინა მუშაობს?

​როგორ შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ ვირუსს გააქრობ, არც ჩუტყვავილა გამქრალა. როგორც კი არ აცრი ბავშვს, დაახლოებით ყოველ მესამე ბავშვს დაემართება და შეიძლება დაღუპოს. ამიტომაც, ვიცრით არა იმიტომ, რომ არ მივიღოთ ვირუსი, არამედ იმიტომ, რომ არ გავხდეთ მძიმედ ავად, გადავიტანოთ მსუბუქი ფორმით.

​სადაა აქ მიზანმიმართულობა ან ახსნა, რომ აუცრა აუცილებლად და ზეწოლით ბავშვს, ახალგაზრდას თუ ვინმე სხვას, რომელსაც ეს არ სურს?

​რაა ამგვარი აცრის მიზანი, ვის არგებს ამგვარი აცრა?

​ისრაელი უკვე მესამე წრეზე ცრის, მაგრამ სიკვდილიანობის იმ 0,6 თუ 0,7%-ს ვერაფრით გააქრობს, რამეთუ, ადამიანები ვართ მოკვდავები, ადამიანებს არ შეუძლიათ მთელი ცხოვრება დარჩნენ ჯანმრთელები და 120 წლის ასაკში „ძილში გაიპარონ“, თუკი ესეც კატასტროფად არ გამოვაცხადეთ როდესმე.
​მედიცინა ორგვარია

​ერთია მედიცინა
როგორც მეცნიერება, რომელიც იკვლევს დაავადებას, მის წარმოშობას, განვითარებას და დამარცხების, მის წინააღმდეგ ბრძოლის გზას და მეორე მედიცინაა ადაიმიანიესაა ინდივიდუალური და ერთი კონკრეტული ადამიანის მკურნალობა.

​აი, ეს მეორე, ინდივიდუალური მედიცინა კი იმ მეცნიერებაზე, ადამიანის სურვილზე და ამ მეცნიერების გამოყენების დროსა თუ ინტენსივობაზეა დაფუძნებული.

​წესითა და რიგით, მედიცინა, როგორც ზოგადად ავადმყოფობათა მეცნიერება, შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უმკურნალოს ერთ კონკრეტულ ავადმყოფს.

​მედიცინა ადამიანის, ინდივიდის სურვილზეა ბაზირებული, დაფუძნებული და მის არსებობას მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ აქვს აზრი. აი, ეს უნდა გაითვალისწინოს ექიმმა. თუ არა, სტალინსაც კი სურდა მასე სურვილით რაღაც-რაღაცები და რა გამოვიდა ამ კოლექტივიზმით, დავინახეთ. ჩინელებმა სოფლები გამოასახლეს კერძო ეზო-სახლკარიდან და რამდენიმე კვირით რკინის კონტეინერებში შეასახლეს. ესაა ტოტალიტარული მიდგომა. აი, ესაა ის ომი, რომელსაც ყველანაირად უნდა ვებრძოლოთ, რომ არ გადაიქცეს ტოტალურ ომად, არ გადაიქცეს საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართულ ომად, რომლის შედეგიც იქნება ადამიანობისა და ადამიანი ფასულობების სრული დაკარგვა,“ - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი.

წაიკითხეთ სრულად